საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის გახსნა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე საინჟინრო გემთსარემონტო სახელოსნოსთვის საჭირო ტექნიკისა და მცურავი საშუალებების ამწის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს რიჩარდ ნორლანდმა და ზურაბ გამეზარდაშვილმა.
ღონისძიებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
დღესვე შს მინისტრმა და აშშ-ს ელჩმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადგურ „სუფსა“-ს ტერიტორიაზე შსს-ს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის ახალი შენობა საზეიმოდ გახსნეს. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს ალექსანდრე ჭიკაიძემ, რიჩარდ ნორლანდმა და ზურაბ გამეზარდაშვილმა. აღნიშნული ცენტრი, რომელიც ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მაკოორდინირებელი ორგანოა, სანაპირო დაცვის ბაზაზე ჩამოყალიბდა და ერთობლივი მართვის, კონტროლის, კომუნიკაციების, საზღვაო დაკვირვების ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი. ერთობლივი მართვის ცენტრი საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას შეუწყობს ხელს. ცენტრის მთავარი ამოცანაა საქართველოს საზღვაო სივრცეში არალეგალური ქმედებების, საზღვაო ინციდენტებისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის სერიოზული დარღვევების პრევენცია, აღმოჩენა და აღმოფხვრა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან, როგორც საქართველოს, ისე მთელს რეგიონს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს იმდროინდელმა შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადგურ „სუფსა“-ს ტერიტორიაზე 2013 წელს ჩაუყარეს საძირკველი ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის გახსნას.
კომენტარი