სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სიკვდილ-სიცოცხლის „შეუგუებელი“ კანონზომიერება

რომეო და ჯულიეტა და ჟანა და მოდილიანი.... ამ ორ წყვილს გარდა ამაღლებული სიყვარულისა ის აქვთ საერთო, რომ ამქვეყნიდან თავიანთი გრძნობის მარადიულობის დასამტკიცებლად წავიდნენ. მაგრამ რამდენად გამართლებულია შეწყვიტო არსებობა საყვარელი ადამიანის გარეშე და ამით შეეწინააღმდეგო ბუნების კანონზომიერებას, ეს თემა მუდამ აქტუალურ და გადაუჭრელ საკითხად იდგება კაცობრიობის წინაშე.

ქართულ პოეზიაში არის ორი ლექსი, რომელიც სწორედ, რომ სიკვდილ-სიცოცხლის ამ უკვდავ კანონზომიერებას ეხმიანება. ერთია ყველასათვის ცნობილი „მესაფლავე, ხოლო მეორე ვაჟას „ მოგონება“. თითქოს ორივე ლექსი შინაარსით მსგავსია, მაგრამ ყველაფერი სულ სხვაგვარაა

ვაჟას ლექსში ქალი ფიცს აძლევს ნანდაურს.

„თუ შენ არ გხედავ ცოცხალსა,
არც მე ვარ ცოცხლად დამრჩომი,
ცოცხალი თან ჩამოგყვები,
საფლავში დაგეტანები“.

თუმცა ფიცი გატყდა, მოხდა ღალატი, ქალმა არ უერთგულა ვაჟს: „გოგოს სწადია იპოვოს, პირველის მსგავსი გვამია...“

თითქოს ამბის განვითარების ლოგიკა ითხოვს სასოწარკვეთილ დასკვნას, მაგრამ სხვა დასკვნას აკეთებს თავად ვაჟა. იგი აღტაცებულია ბუნების კანონზომიერებით, რომელიც სიცოცხლის აუცილებელ გამარჯვებას გულისხმობს.

„ღმერთმა გიშველოს სიკვდილო,
სიცოცხლე შვენობს შენითა
და შენც სიკვდილო, ფასი გძე
სიცოცხლის ნაწყენობითა.“

ქართულ პოეზიაში ეს თემატიკა კრიტიკულად აკაკი ბაქრაძემ განიხილა. პუბლიცისტ განმარტავს, რომ ქალის საქციელი ვაჟას მიაჩნია არა ფიცის გატეხვად, არამედ სიცოცხლის სიყვარულის გამოვლენად, სიცოცხლის უძლეველობის გამოვლენად. იქ სადაც უგუნურება ქალის ორგულობას ხედავს, ნამდვილად ბუნების დიდი კანონზომიერება სუფევს. ეს იწვევს ვაჟას აღტაცებას. ცოცხალი, რომ მიცვალებულს ემსხვერპლოს, ეს ერთგულება კი არ იქნება, არამედ სიკვდილის გამარჯვება და ამდენად ბოროტების ზეიმიც.

რაც შეეხება გალაკტიონის „მესაფლავეს“.
„გავქრე ისე როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება.
არ მეღირსოს კვალარეულს იმშვიდე და მოსვენება,
შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო.“

როგორც ვხედავთ ამბავი აქაც ანალოგიურად ვითარდება, როგორც ვაჟას ლექსში. ფიცი, შემდეგ ფიცის გატეხა და ბუნების კანონზომიერების გამარჯვება, განსხვავება ის არის მხოლოდ, რომ გალაკტიონის ბობოქარი სული ამ შემთხვევაში გულგატეხილი და გულდაწყვეტილია, მას არ ახარებს ეს გამარჯვება, მისი სევდა კი იმითაა აღძრული, რომ ადაიანის საქციელის უკან გალაკტიონს არ სურს დაინახოს ბუნების კანონზომიერება.

„კვდომა ბუნების წესია,
მაგრამ ჩემს გულში ასეა:
ნუ კვდება , რაც უბრძნესია,
ნუ კვდება, რაც ლამაზია.“

როგორც ჩანს ვაჟა ბუნების კანონზომიერებაში სამართლიანობასა და ჰარმონიას ხედავს, გალაკტიონი უსამართლობასა და უკანონობას ჭვრეტს, ამიტომ თუ ეს კანონზომიერება ვაჟაში ოპტიმისტურ განწყობილებას წარმოშობს, გალაკტიონში სევდასა და პროტესტის სურვილს ბადებს.

ალბათ ვაჟასაც და გალაქტიოსაც ღრმად სწამდათ, რომ სიკვდილ-სიცოცხლის კანონზომიერების შეჩერება შეუძლებელია, ამიტომ მცდელობა იმისა რომ ავუმხედრდეთ ამ კანონზომიერებას, ეს კონფლიქტი ბუნებასა და ადამიანს შორის ტრაგედიის მიზეზი ხდება. ადამიანს არ შეუძლია სძლიოს ამ ყველაფერს და იგი მარცხდება, დამარცხება კი დარდს, სკეპსისს, სასოწარკვეთას იწვევს. და ეს ყველაფერი უბრალოს სიკვდილ-სიცოცხლის „ შეუგუებელი“ კანონზომიერებაა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100