„ფეისბუქზე“ სააკაშვილის ოფიციალურმა გვერდმა პოპულარობით ივანიშვილისას გაასწრო
გაზეთი „რეზონანსი“ (ავტ.- მარი ოთარიშვილი) „გამოყენებითი კვლევების კომპანიის“ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აქვეყნებს სტატიას, სადაც განხილულია საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდების მოწონებები ბოლო 21 კვირის განმავლობაში.
საუბარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სააკაშვილისა და ივანიშვილის ოფიციალურ გვერდებზე, რომლებსაც დღითიდღე უამრავი ადამიანი იწონებს.
როგორც კვლევიდან და „ფეისბუქის“ ამ ორ გვერდზე ფუნქციურად მითითებული მაჩვენებლიდან ჩანს, მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურმა გვერდმა, რომელიც „ფეისბუქში“ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდის შექმნის შემდეგ, უფრო მოგვიანებით შეიქმნა, პოპულარობით უკვე გადაასწრო ივანიშვილის ოფიციალურ გვერდს - 10 მარტის მონაცემებით, სააკაშვილის მოწონების (95.000-ზე მეტი) რაოდენობა თითქმის 4.000 ხმით აღემატება ივანიშვილის გვერდის მომწონებელთა ( 91.100-ზე მეტი) ხმებს.
ამასთან, „გამოყენებითი კვლევების კომპანიის“ მონაცემებში აღნიშნულია, რომ ივანიშვილის გვერდის მომწონებელთა რაოდენობა თანაბრად მატულობდა, თუმცა, იანვრის დასაწყისიდან მატების ტემპი დაეცა. ამის პარალელურად, თითქმის ანალოგიურ პერიოდს დაემთხვა მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური გვერდის მომწონებელთა მატება, რამაც, საბოლოოდ, შექმნა სურათი, რომ სოციალურ ქსელებში სააკაშვილი უფრო პოპულარულია, ვიდრე ივანიშვილი.
პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ „ფეისბუქზე“ არსებული სურათი ახლოსაა რეალურად არსებულ სურათთან, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ „ფეისბუქის“ ძირითადი მომხმარებლები ახალგაზრდები არიან და შედეგები სწორედ მოსახლეობის ამ ნაწილის განწყობაზე მიუთითებს. ამასთან, ფაქტია, რომ საქართველოში ინტერნეტი ყველა ფენისთვის და სრულიად ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომი არ არის.
პოლიტოლოგების აზრით, მიხეილ სააკაშვილის რეიტინგის ბოლოდროინდელი ზრდა „ფეისბუქზე“ განაპირობა მისი ოფიციალური გვერდის ოპერატიულმა და ხარისხიანმა მუშაობამ და იმან, რომ იქ რეგულარულად ქვეყნდება პრეზიდენტის საგარეო ვიზიტების, ასევე მოსახლეობის სხვადასხვა ფენასთან მისი შეხვედრის ამსახველი მასალები.
კომენტარი