სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აღფრთოვანებული ალასანია უგულავას თეთრებს დაუთვლის

"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია არჩევნებში დამარცხების მიუხედავად კმაყოფილია და მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. ალასანია 2012 წლამდე ხელისუფლების ნაბიჯ-ნაბიჯ შეცვლას აპირებს. "ყველამ დაინახა, რომელი ოპოზიციონერი არის ხელისუფლებასთან გარიგებული და რომელი არა. ვინ გაბედა ბრძოლაში შესვლა და ვინ აგრძელებს ბრძოლას გამარჯვებამდე. არ ვიცი რას წარმოადგენს ის ძალა, რომელიც ჩემს გზას იწუნებს, მე არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის 20%-ი მხარს მიჭერს და სწორედ ამ მხარდაჭერით ზურგგამაგრებული ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო ქართული საქმისთვის", – განუცხადა "დრონი.ჯი"-ს ალასანიამ.
– როგორ აფასებთ ადგილობრივ არჩევნებს, რამდენად მოსალოდნელი იყო ის შედეგი, რაც დაიდო და რა იყო თქვენი მარცხის მიზეზი?
– ადგილობრივ არჩევნებში "ალიანსის" ასეთი შედეგი ქვეყანაში შექმნილმა უსამართლო საარჩევნო გარემომ განაპირობა. ხელისუფლებამ გასამარჯვებლად უპრეცედენტო დიდი მასშტაბებით ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი, ასევე მედიაკონტროლი გამოიყენა, ამიტომ, ბუნებრივია, იმ გარემოში ის შედეგი, რაც დაიდო, წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენ გამოვიკვეთეთ თბილისში წამყვან ოპოზიციურ ძალად და ეს მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, ის მეთოდი, რაც ამ არჩევნებში ხელისუფლებამ გამოიყენა, ჩემთვის მიუღებელია. ხელისუფლებამ საზოგადოების ნაწილის სოციალური შეჭირვება ფინანსური მოსყიდვის სახით საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა. თუმცა ჩვენ მიღწევებიც გვქონდა. ჩვენი და საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით მედიასაშუალებები წინასაარჩევნო კამპანიას დაბალანსებულად აშუქებდნენ, რაც დიდი მიღწევაა და ეს სტანდარტი აღარ დაეცემა. ცენტრალური საარჩევნო კომისიაც წინა წლებთან შედარებით ბევრად უფრო ორგანიზებულად მუშაობდა, რაც მისასალმებელია. თუმცა მთლიანობაში ეს არჩევნები დემოკრატიული არჩევნებისგან საკმაოდ შორს დგას. მეორე მხრივ, ამ არჩევნებში დადებითი ის იყო, რომ საზოგადოებამ წინ გადადგა ნაბიჯი, ანუ ჩვენ მოვახერხეთ, ქუჩის დაპირისპირებიდან, პოლარიზებიდან პროცესი პოლიტიკურ საარჩევნო რეჟიმში გადმოგვეყვანა. ეს საზოგადოების მიღწევაა. ჩემთვის მთავარი კიდევ ამ არჩევნებში ის იყო, რომ ყველამ დაინახა საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს ცვლილებებს რომ უჭერს.
– თუ საზოგადოება მხარს ცვლილებებს უჭერს, მაშინ როგორღა გაიმარჯვა უგულავამ, არჩევნებმა ხომ არ გამოაჩინა, რომ საზოგადოებას ცვლილებები არ სურს და ხელისუფლებას ალტერნატივა არ ჰყავს?
- ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ საზოგადოებას ცვლილებები არ სურს და ვერც იმაში, რომ ხელისუფლებას ალტერნატივა არ ჰყავს. არჩევნებზე ამომრჩევლის 50%-ი მოვიდა და ამ 50%-ის ნახევარმა ხმა ხელისუფლებას მისცა, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას თბილისის ამომრჩევლის მხოლოდ 30%-ი უჭერს მხარს. საკუთარ შეცდომებზე როდესაც ვლაპარაკობ, ვგულისხმობ იმას, რომ ვერ მოვახერხეთ ფინანსური და სხვა მექანიზმებით ჩვენი ამომრჩევლის მობილიზება და არჩევნებზე მიყვანა, რაც ასეულ მილიონობით ფულის ხარჯვით ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა. ასე რომ, ამ პირობებში და ამ საარჩევნო გარემოში კიდევ ბევრს მივაღწიეთ.
– თუმცა, თქვენ აცხადებდით, რომ ამ საარჩევნო გარემოშიც მოუგებდით ხელისუფლებას, მაგრამ...
– მოვუგებდი კიდეც, თუკი არჩევნებზე მოსახლეობის დიდი ნაწილი მოვიდოდა. სამწუხაროდ, არჩევნებზე საზოგადოების დიდი ნაწილი არ მივიდა, არადა მოლოდინი მქონდა იმისა, რომ არჩევნებზე ამომრჩევლის 60-65%-ი მოვიდოდა, მაგრამ ამომრჩევლის მხოლოდ 50%-ი მოვიდა.
– თქვენი აზრით, რატომ შეიკავა თავი საზოგადოების ნაწილმა არჩევნებზე მისვლისგან?
– ამას ბევრი მიზეზი აქვს, ვიმეორებ, წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან უამრავი ზეწოლის ფაქტი იყო, მაგრამ მაინც აღმოჩნდა 90 000 ადამიანი, რომელმაც მხარი დაგვიჭირა. სამწუხაროდ, ჩვენი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა არჩევნებზე მისვლა ვერ მოახერხა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბრძოლა აქ დავამთავრეთ, პირიქით, ბრძოლას ვაგრძელებთ რეალური წარმატებისთვის და ცვლილებისთვის საპარლამენტო არჩევნებში. ასევე ერთ-ერთი მიზეზი ხალხის არ მისვლის იყო ოპოზიციის ნაწილის ქმედება, ანუ ზოგიერთი ოპოზიციონერი ნიჰილიზმს და უნდობლობას თესავდა არჩევნების მიმართ. ზოგიც ამ პროცესებს საერთოდ გაერიდა, ვერ გაბედა არჩევნებზე გასვლა, ზოგმა კი ბოიკოტი გამოაცხადა. ეს იყო პოლიტიკურად მცდარი გადაწყვეტილება და იმედი მაქვს, მომავალში ასე აღარ მოხდება.
– ოპოზიციის ნაწილმა განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა, თქვენ კი აღნიშნეთ, გავიმარჯვეთო, 50-კაციან საკრებულოში 5 კაცის შეყვანა გამარჯვებაა? აქვე აცხადებთ, ამომრჩეველზე ზეწოლას ჰქონდა ადგილიო, თუ ასე იყო, რატომ არ აპროტესტებთ შედეგებს?
– გამარჯვებაში საზოგადოების წინგადადგმული ნაბიჯი ვიგულისხმე, ანუ ის, რაზეც ზევით უკვე გესაუბრეთ. საზოგადოებისთვის, ჩემთვის და თქვენთვისაც წარმატება, ის, რომ პოლიტიკური პროცესები ქუჩიდან საარჩევნო პროცესში გადმოვიდა. ის 20%-ი, რაც თბილისში მივიღეთ, საფუძველია იმისა, რომ საკუთარი პოლიტიკური ძალა გავაძლიეროთ. არჩევნები შედგა, თუმცა ჩვენ 200-მდე საჩივარი გვაქვს შეტანილი და ახლა, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ის შეცდომები, რაც იქნა დაშვებული, გამოსწორდეს მომავალი არჩევნებისთვის.
– "ალასანია იბრძოდა დამარცხებისთვის", რატომ გიყენებთ სუბარი ასეთ ბრალდებებს, თქვენ შორის პირად დაპირისპირებას ხომ არ ჰქონდა ადგილი და თქვენი აზრით, რატომ გადაიხარა სუბარის სიმპათიები ბურჯანაძისკენ?
– სოზარმა, სამწუხაროდ, დროზე ადრე დაკარგა გამარჯვების რწმენა. მან საკუთარი არჩევანი გააკეთა და წარმატებას ვუსურვებ. ჩემს და სოზარს შორის დაპირისპირება არ ყოფილა და თუ რატომ გადაიხარა მისი სიმპათიები ბურჯანაძისკენ, არ ვიცი, მოდით, ეს თავად სოზარს ჰკითხეთ.
– ამბობენ, "რესპუბლიკელების" მძევალ ალასანიას არჩევნებში "ალიანსში" შემავალი პარტიების გარეშე რომ მიეღო მონაწილეობა, მეტ ხმას მიიღებდაო, ხომ არ აპირებთ პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებას ამ პარტიების გარეშე, ანუ "ალიანსი" ხომ არ იშლება?
– არ ვაპირებ, "ალიანსი" თავს მშვენივრად გრძნობს და არ იშლება. ჩვენ საარჩევნო ბლოკი შევქმენით, ამ არჩევნებში ერთად გავედით და ძალიან მჭიდრო კოორდინაცია გვექნება, თუმცა ვიმეორებ, საკუთარი პოლიტიკური მანქანის, პარტიის გაძლიერებაზე გადავდივარ. მომავალ საპარლამენტო არჩევნებს მომზადებულები უნდა შევხვდეთ და ხელისუფლების აღებისთვის უნდა მოვემზადოთ. რაც შეეხება საუბრებს ჩემი "რესპუბლიკელების" მძევლობაზე, ერთს ვიტყვი, საზოგადოებაში ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას უყვარს ერთმანეთზე ლაპარაკი და რაღაცების გავრცელება.

– რამ გადაგაწყვეტინათ საკუთარი პოლიტიკური პარტიის გაძლიერება და მაინც, ესეც `ალიანსის~ დაშლაზე ხომ არ მიანიშნებს?
– რამ გადამაწყვეტინა და იმ ხარვეზებმა, რაც დავინახე ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციაში. ჩვენ ვერ ავაგეთ სტრუქტურები რეგიონებში, რადგან არ გვქონდა დრო და ფინანსური შესაძლებლობები. ამიტომ მთავარი აქცენტი გადავა რეგიონებზე. ჩვენ დიდი დრო დავუთმეთ სხვადასხვა კონსულტაციებს პოლიტიკურ ძალებთან, ასე ვთქვათ, ერთობლივი მიდგომების შემუშავების მიზნით, ეს ყველაფერი ჩაბარდა ისტორიას. ახლა, ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ უნდა მოვემზადოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის და მთავარი აქცენტი საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაციის გამართვაზე გადაგვაქვს.
– ხაინდრავას განცხადებით, 2012 წელს დალოდება ბრძოლიდან გასვლას ნიშნავს, როგორ აპირებთ ხელისუფლების ნაბიჯ-ნაბიჯ შეცვლას 2012 წლამდე?
– 2012 წლამდე ჩვენთვის მთავარი ამოცანა საარჩევნო გარემოს შეცვლა იქნება. ამ მიმართულებით სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან უკვე ვმუშაობთ. ასევე კანონმდებლობაში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომ აღარ მიეცეს მმართველ პარტიას ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების გამოყენების საშუალება და ასევე საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაციის გაძლიერება.Aაი, ასე ვაპირებ მივიდე არჩევნებამდე. ეს გზა ბრძოლის ერთადერთ და სწორ ფორმად მიმაჩნია. კრიტიკა კი მხოლოდ და მხოლოდ გვაძლიერებს. დარწმუნებული ვარ ამ გზის სისწორეში და რომ სხვა გზას პერსპექტივა არა აქვს.
– კუკავას თქმით, თქვენ ამ გზით მიზანს ვერ მიაღწევთ, ისე, სხვა ძალებისგან განსხვავებით, რადიკალიზმით, რომ არ გამოირჩევით, ხელისუფლებასთან გარიგებულ ოპოზიციონერადაც კი მიგიჩნევენ...

– მე მგონი, ყველასთვის ყველაფერი ნათელია. ყველამ დაინახა ვინ არის გარიგებული და ვინ არა, ვინ გაბედა ბრძოლაში შესვლა და ვინ აგრძელებს ბრძოლას გამარჯვებამდე. ის ძალა, რომელიც ჩემს გზას იწუნებს, არ ვიცი რას წარმოადგენს, რას ეყრდნობა. მე არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის 20%-ი მხარს მიჭერს და სწორედ ამ მხარდაჭერით ზურგგამაგრებული ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო ქართული საქმისთვის. ვიმეორებ, კრიტიკა გვაძლიერებს. ვაგრძელებ შემდგომი დიდი გამარჯვებისთვის ბრძოლას. დანარჩენი, რაც ხდება, ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ გავაგრძელო მუშაობა ჩემს ამომრჩეველთან.
– ნათელაშვილმა უგულავასთან თქვენს შეხვედრას სამარცხვინო საქციელი უწოდა, რაზე ისაუბრეთ უგულავასთან და რაზე შეჯერდით?
– უგულავას ჩემი ხედვა გავაცანი, ანუ ის, თუ როგორ უნდა განვითარდეს დედაქალაქი. ჩვენ მზად ვიქნებით, თუკი მისი მხრიდან სურვილი იქნება, ჩვენი ექსპერტები, რომლებიც ჯანდაცვაზე, სოციალურ საკითხებზე მუშაობდნენ, დაეხმარონ მას გარკვეული პროგრამების შემუშავებაში. ეს იყო შეხვედრის მთავარი ამოცანა, გავუცვალეთ ერთმანეთს მოსაზრებები და დავუდასტურეთ სურვილი იმისა, რომ უკეთესი ქალაქისათვის თანამშრომლობა შედგეს. მაგრამ დავპირდი, რომ ვიქნები კრიტიკული და შეიცვლება მთლიანად საკრებულოს როლი. თითოეულ თეთრს, რომელსაც დახარჯავს უგულავა, ჩვენ გავაკონტროლებთ და საზოგადოება იქნება საქმის კურსში. რაც შეეხება სამარცხვინო საქციელს ერთს ვიტყვი, გაკრიტიკებენ, ე. ი. ვიღაცა გთვლის სერიოზულ ძალად და მეტი არაფერი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100