რუსების თავდასხმა განმუხურზე ომის დაწყებამდე 10 თვით ადრე (უნიკალური კადრები)
კადრები, რომლებიც ამ სტატიას თვალსაჩინოების სახით ერთვის თან, უნიკალურია იმდენად, რამდენადაც 2007 წლის 30 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალების თავდასხმას, რუსი „მშვიდობისმყოფელების“ მიერ ქართველი პოლიციელების ფიზიკურ შეურაცხყოფას, განიარაღებას და დატყვევებას დეტალურად აღწერს და, რაც მთავარია, თვითონ რუსი ჯარისკაცების მიერაა გადაღებული. სანამ დეტალურად, თვითმხილველის პოზიციიდან აღვწერთ, რა მოხდა განმუხურში 2007 წლის 30 ოქტომბერს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს უნიკალური კადრები ქართული მხარისთვის ვერასდროს იქცეოდა რუსი „სამშვიდობოების“ უკანონობის მტკიცებულებად, რომ არა „რუსთავი-2“-ის კორესპონდენტი სამეგრელოს რეგიონში: ემა გოგოხიამ მართლაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად წაართვა ვიდეოკამერა რუს ჯარისკაცს, როცა მიხვდა, რომ სამხედრო პირს, რომელიც სამოყვარულო კამერით იღებდა მოვლენებს, შესაძლოა, ქართველი პოლიციელების დატყვევებაც ჰქონოდა გადაღებული. რუსებმა გონს მოსვლაც ვერ მოასწრეს, რომ ფირი ქართველების ხელში აღმოჩნდა, ვიდეოკამერა კი ჯარისკაცებს იქვე დაუბრუნეს...
სამწუხაროდ, 2007 წელს განმუხურში მომხდარი ინციდენტის მიმართ ისევ და ისევ ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილმა გამოიჩინა ინდიფერენტულობა, რომლისთვისაც რუსების უძლეველობა იმდენად ურყევი ჭეშმარიტებაა, რომ არც კი დაიჯერეს, როცა შეშფოთებული და კუდამოძუებული რუსი „მიროტვორცები“ ზღვის ფონზე უკანდახეულები და გაქცეულები დაინახეს და სხვა რაღა დარჩენოდათ - მომხდარს სპექტაკლი უწოდეს. არადა, მაშინ იმ ინციდენტის არცერთ ქართველ მონაწილეს, მათ შორის არც პრეზიდენტსა და ძალოვან მინისტრებს, არც პოლიციელებსა და არც ჩვენ, ჟურნალისტებს, არანაირი გარანტია არ გვქონდა, რომ მოვლენები ყველაზე უარესი სცენარით არ განვითარდებოდა...
ამ მცირე შესავლის შემდეგ მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრობით: 2007 წელს განმუხურში პირველად გაიხსნა პატრიოტთა ბანაკი და ახალგაზრდების პირველი ნაკადიც მიიღო. ინციდენტი 30 ოქტომბერს მოხდა, აქედან გამომდინარე, ბანაკში საზაფხულო სეზონი დასრულებული იყო. ბანაკის შიდა ტერიტორიაზე ქართველი პოლიციელების ხუთკაციანი ჯგუფი მორიგეობდა. ბანაკი განმუხურის ცენტრიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, ზღვის პირას მდებარეობს, ჩრდილოეთიდან მას გალის რაიონის სოფელი ფიჩორი ესაზღვრება, სადაც მაშინ რუსეთის სამშვიდობო ძალებად წოდებული ფორმირებები იყვნენ განთავსებულნი.
მანდატის მიხედვით, რუსეთის სამშვიდობო ძალებს 24 კმ-იან უსაფრთხოების ზონაში, რომელიც ენგურის მარცხენა და მარჯვენა ნაპირიდან ორივე მხარეს 12 კმ მანძილს მოიცავდა, გადაადგილებისა და პატრულირების უფლება ჰქონდათ. პატრულირება მიზნად ისახავდა იმის გარკვევას, ხომ არ ირღვეოდა შეთანხმება და ხომ არ იყო შეტანილი უსაფრთხოების ზონაში არტილერია და მსხვილკალიბრიანი იარაღი. მანდატში ასევე გარკვევით ეწერა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალებს პატრულირება ადგილობრივ სამართალდამცველთა ფაქტორის გათვალისწინებით უნდა ჩაეტარებინათ, რაც იმას გულისხმობდა, რომ ქართული პოლიციის საგუშაგოების შემოწმების უფლება მათ არ ჰქონდათ.
2007 წლის 30 ოქტომბერს, რუსეთის სამშვიდობო ძალების ათკაციანმა ჯგუფმა საპატრულო შემოვლა მათი კუთვნილი ჯავშანტრანსპორტიორით დაიწყო. როგორც ჩანს, იმ დღეს რუსები ან ნასვამები (რისი ეჭვის საფუძველსაც მათივე გადაღებული კადრები იძლევა), ან კიდევ, უბრალოდ, მარცხენა ფეხზე ამდგარნი იყვნენ. კადრებში კარგად ჩანს, როგორ მიადგა ჯავშანტრანსპორტიორი განმუხურის პატრიოტთა ბანაკის ჭიშკარს. ბანაკიდან ქართველი პოლიციელი გამოვიდა და რუსებს გაესაუბრა. რუსი სამხედროები დაჟინებით ითხოვდნენ იმას, რაც მანამდე არასდროს მოუთხოვიათ და რისი უფლება არც მანდატის მიხედვით ჰქონდათ - ბანაკის ტერიტორიაზე ჯავშანმანქანით შესვლას და ტერიტორიის დათვალიერებას. ამ დრომდე არ არსებობს მტკიცებულება, ეს უშუალოდ ამ ათკაციანი ჯგუფის მეთაურის ინიციატივა იყო თუ მათ სპეციალური დავალება მიიღეს და განმუხურზე თავდასხმა წინასწარ დაიგეგმა. რამდენჯერმე დაჟინებით გამეორებულ მოთხოვნაზე ეზოში შეშვების შესახებ რუსებმა ქართველებისგან მტკიცე უარი მიიღეს.
მაშინ რუსი ჯარისკაცები გამომწვევ ქმედებაზე გადავიდნენ და ქართველი პოლიციელების აბუჩად აგდება დაიწყეს. „ნორმალურად ლაპარაკი არ შეგიძლიათ?“ - ისმის ვიდეოში ქართველი პოლიციელის ხმა, რასაც რუსი ჯარისკაცი აგდებულად პასუხობს: „შენ ნორმალურად რა უნდა გელაპარაკო, ბ..დ!“. მდგომარეობა დაიძაბა, რადგან რუსებს ქართველებიც ეპასუხებოდნენ და არაფერს უთმობდნენ. ორი ვარიანტიდან: ან უკან გაბრუნებულიყვნენ, ან ძალისმიერ მეთოდებზე გადასულიყვნენ, რუსებმა მეორე აირჩიეს: მათივე გადაღებული კადრები მოწმობს, რომ სწორედ რუსმა ჯარისკაცმა გაარტყა პირველმა ხელი ქართველ პოლიციელს. დანარჩენი კი წამებში მოხდა: ათმა კბილებამდე შეიარაღებულმა რუსმა ჯარისკაცმა, რომელთა სასარგებლოდ მოულოდნელობის ეფექტმაც იმუშავა, 5 ქართველი პოლიციელი განაიარაღა, ხელ-ფეხი შეუკრა და მიწაზე დაყარა. სანამ ტაბელურ იარაღსა და რაციას წაართმევდნენ, ერთმა პოლიციელმა მოსწრო შტაბში SOS სიგნალის გადაცემა. რუსებმა დატყვევებული, ხელფეხშეკრული ქართველი პოლიციელები მანქანაში შეყარეს და ფიჩორის მიმართულებით წაიყვანეს. მანქანამ ზონიდან გასვლა მანამდე მოასწრო, სანამ მობილიზებული ქართველი პოლიციელების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მივიდოდა.
ქართველ პოლიციელებს უკვე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ განმუხურის ბანაკს თავს დაესხნენ და ქართველები დაატყვევეს. გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ სასწრაფოდ ჩააყენა საქმის კურსში საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც ძალოვან მინისტრებთან და დედაქალაქის მერთან ერთად შემთხვევის ადგილზე ჩასვლა გადაწყვიტა. მანამდე კი განმუხურში სასწრაფოდ მივიდა გუბერნატორი, რომელიც რუსებმა, მის თანმხლებ პოლიციელებთან ერთად, ბანაკის მხარეს არ გაატარეს და გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს, რასაც ქართველმა პოლიციელებმაც ჰაერში სროლით უპასუხეს.
მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. მოგვიანებით შემთხვევის ადგილზე მივიდა რუსეთის სამშვიდობო ძალების პოლკოვნიკი და ზაზა გოროზიას შეხვდა. გუბერნატორი დაჟინებით ითხოვდა ქართველი პოლიციელების ადგილსამყოფელამდე მიყვანას, რათა დარწმუნებულიყო, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ რუსი სამხედრო პირი მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით იფარგლებოდა იმის შესახებ, რომ ქართველები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი და თავს კარგად გრძნობენ. პრეზიდენტი თანმხლებ პირებთან ერთად უკვე ჰაერში იყო და განმუხურისკენ მოფრინავდა. შემთხვევის ადგილზე უამრავი შეიარაღებული რუსი ჯარისკაცი და ქართველი პოლიციელი ირეოდა, იქვე ტრიალებდნენ რუსეთის სამშვიდობო ძალების ჯავშანტრანსპორტიორები, ცას კი თვალშისაცემად დაბალ სიმაღლეზე სერავდა რუსეთის ორი სამხედრო ვერტმფრენი.
„ჩვენი ჯგუფი პატრულირებას აწარმოებდა, რა დროსაც მათ ქართველი პოლიციელები შეხვდენენ და პატრულირების გაგრძელებაში ხელი შეუშალეს. სამშვიდობო ძალებმა მანდატით გათვალისწინებული ქმედება შეასრულეს - პოლიციელები განაიარაღეს და პოსტისკენ წაიყვანეს. კარგად არიან და მზად ვართ, ისინი ქართულ მხარეს გადავცეთ, ამხელა აურზაური საჭირო არ არის“, - ასეთი იყო რუსი პოლკოვნიკის თავდაპირველი „ჩვენება“, მაგრამ რამდენიმე წუთში მას უკვე გამოჩენილი და აჩქარებული ნაბიჯებით მომავალი, განრისხებული საქართველოს პრეზიდენტის მოსმენა მდუმარედ მოუწია: მიხეილ სააკაშვილმა რუსულ მხარეს ძალადობაში დასდო ბრალი, წინა „ცოდვებიც“ ბლომად გაუხსენა, ქართველი პოლიციელების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა და იქვე გამოაცხადა რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალი, გენერალი ჩაბანი საქართველოსთვის არასასურველ პერსონად. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მთელ ამ მონოლოგსა და ბრალდებებს გენერალი მდუმარედ, ლამის თავდახრილი ისმენდა და დროდადრო პრეზიდენტ სააკაშვილს თავსაც კი უქნევდა.
ამ დროს ქართველი პოლიციელები გაათავისუფლეს. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც სასტიკად იყო ნაცემი, პრეზიდენტმა იქვე ნახა მისი დასისხლიანებული სახის დანახვაზე კიდევ უფრო აღშფოთდა. მან რუსი გენერალი მოიხმო, ქართველი პოლიციელისკენ მიანიშნა და ლამის დაუყვირა: „ეს რა არის? რას ჰგავს ეს? თქვენ სამშვიდობო ძალები ხართ თუ სადამსჯელო რაზმი?“ პასუხად გენერალმა რაღაც ჩაილაპარაკა, მაგრამ განრისხებული პრეზიდენტის წინადადებებს შორის სიტყვის ჩაკვეხება ვერ მოახერხა, შემდეგ კი შეკითხვაზე, რას აპირებდა, ჟურნალისტებს უთხრა: „მე საქართველოს პრეზიდენტის მითითებას ვემორჩილები და აქედან მივდივართ, დანარჩენი გაირკვევა“.
გენერლის მიერ დაშლისა და ფიჩორისკენ უკანდახევის შესახებ სიტყვიერი მითითების გაცემის მიუხედავად, სიტუაცია უცებ არ განმუხტულა. დაპირისპირება ისევ განახლდა, როცა ჟურნალისტი ემა გოგოხია რუს ჯარისკაცს მივარდა და ვიდეოკამერა ხელიდან გამოგლიჯა. ჯარისკაცმა ტექნიკის დაბრუნება გადაწყვიტა და ჟურნალისტი წააქცია, მაგრამ ემა გოგოხიას კამერა მაგრად ჰქონდა ჩაბღუჯული და იქედან ფირის ამოღებაც კი მოასწრო. ჟურნალისტს ქართველი პოლიციელები წაეშველნენ და წამოაყენეს, რუსი ჯარისკაცი კი, რომელიც გამწარებული იქნევდა ხელებს, ემა გოგოხიას მოაშორეს. ამ დროს პრეზიდენტი შემთხვევით გამოჩენილ, სამშვიდობო ძალებში მომსახურე ჩეჩენ „კონტრაქტნიკს“ ესაუბრებოდა და ჩეჩენ ხალხთან ქართველების მოკითხვას აბარებდა. „რა ხდება იქ?“ - იკითხა მან გაოცებულმა, როცა ერთად თავშეყრილი და მყვირალი ამდენი ადამიანი დაინახა. ამასობაში რუსს ვიდეოკამერა დაუბრუნეს, თუმცა, ის გვიან, უკვე ფიჩორში მიხვდებოდა, რომ მასში ფირი აღარ იდო...
ინციდენტის ფინიშისკენ კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა: რუს პოლკოვნიკთან ერთად მოსული შეიარაღებული „მიროტვორცების“ ერთი ჯგუფი, რომლის წევრებსაც ხელში საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი „კალაშნიკოვები“ ეჭირათ, საკმაოდ აქტიურობდა.
ისინი ზღვისპირა ბორცვზე იყვნენ გადანაწილებულები და ოპტიკურსამიზნიანი შაშხანა ერთ-ერთ მათგანს პრეზიდენტის გარემოცვისკენ ჰქონდა მიმართული, რითაც იქ მყოფ გენერალს იცავდა. როცა გენერალი ზღვისკენ გაბრუნდა, მან სამიზნე მაინც არ შეცვალა, რაც ერთმა ქართველმა პოლიციელმა შეამჩნია და უთხრა, შენი პოლკოვნიკი წავიდა, უკან მიჰყევიო.
რუსმა თვალიც არ დაახამხამა, რის შემდეგაც ქართველმა პოლიციელმა ლულაზე ხელი აუკრა. ამას დანარჩენი რუსების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. რამდენიმე წამში ბორცვთან ქართველი და რუსი შეიარაღებულები ერთმანეთთან პირისპირ აღმოჩნდნენ.
ქართველებმა რუსებს შეუტიეს. ეპიზოდი დაძაბული იყო: ქართველები და რუსები ერთმანეთს უყვიროდნენ და იარაღს უღერებდნენ, მაგრამ საბოლოოდ რუსებმა უკან დაიხიეს: ისინი ერთ ხაზზე იხევდნენ უკან ისე, რომ იარაღი ხელში ეჭირათ და სახით ქართველებს უყურებდნენ... საბოლოოდ რუსეთის სამშვიდობო ძალების ჯარისკაცებმა განმუხურის ტერიტორია სწორედ ასე, ზღვის ფონზე ნაბიჯ-ნაბიჯ, შეშფოთებული სახეებით უკანდახევის შედეგად დატოვეს...
სტატიას ერთვის ვიდეო, რომელიც 2007 წლის 30 ოქტომბერს რუსეთის სამშვიდობო ძალების პრესსამსახურის წარმომადგენლის მიერაა გადაღებული.
სხვა ვიდეობმულები:
2007 წლის 30 ოქტომბერს, "ქრონიკაში" გადაცემული მთლიანი სიუჟეტი (ავტორები: ნათია მიქიაშვილი, აკაკი პერტაია)
ქართველი პოლიციელებისა და რუსი ჯარისკაცების დაპირისპირების უკომენტარო ვიდეო
კომენტარი