სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინა ანზოროვნას ტლინკები...

ტყუილად გვეგონა, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი, არადა, არ ჰქონია, მაგალითად, ბურჯანაძის უტიფრობას.
უკრაინიდან მობრუნებულმა „ტიოტ ნინამ“ გამოგვიცხადა, აგვისტოს ომში გორს ჩვენები ბომბავდნენო.

არადა, ჩვენ რა ტყუილად გვეგონა, რომ რუსეთი გვებრძოდა 2008 წლის ზაფხულში...

ქალბატონი პოლიტიკოსი და კარგა ხანს ქვეყნის მეორე პირი („პა სოროკდნეი“ „დაჟე“ „დვაჟდი“ პრეზიდენტი) აცხადებს იმას, რაც თავად რუსებსაც არ უთქვამთ, არ უარუყვიათ, რომ გორის ცენტრს ბომბავდნენ.

განა, რა სარგებელი უნდა გელოდეს, განა, როგორ უნდა გძულდეს ხელისუფლება, რომლის ნაწილიც გუშინ თავად იყავი, რომ ამ სიძულვილს ქვეყნის ინტერესები გადააყოლო? იქნებ ვინმემ ახსნას, რას ჰგავს ბურჯანაძის განცხადება? ან სჭირდება კი ამ ფაქტს ახსნა?

ეს განცხადება დიაგნოზია, ანუ მისგან ასეთები აღარ უნდა გაგვიკვირდეს. წესით, არც აქამდე უნდა გაგვკვირვებოდა. თუმცა თავად ბევრი რამ უკვირს, მაგალითად ის, რომ თბილისში ჩამოფრენილი, სხვა მზაკვრებთან ერთად, გაჩხრიკეს. ის კი ადგა და ხელისუფლებას სულ პროვოკატორი ეძახა. მეო, მაგარი განცხადებებით გამოსვლას ვაპირებ და მაგის გადაფარვა უნდათო.

მერე კიდე ამ განცხადებების გასახმაურებლად ტელეეთერი მოითხოვა, კი არ ითხოვა, მოითხოვა, თანაც ისეთი, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს და რომლის მაუწყებლობაც მთელ ქვეყანაში ვრცელდებაო. თუ არადა, სულაც არ გავაკეთებ კომენტარსო. შეინახოს, დაამწნილოს...

მისი კატეგორიული ტონი - „ეთერი მამეცითო“, მართლაც და, ფრიად უცნაურია ორივე შემთხვევაში - არხი გიჟივით თავისუფალი იქნება თუ ხელისუფლებისგან კონტროლირებადი. თუ არხი თავისუფალია, თავად არხმა უნდა გადაწყვიტოს, ვის ეთერს მისცემს, ვის კიდე - აბესალომს. და თუკი არხს ხელისუფლება, ანუ ის ძალა აკონტროლებს, რომელსაც ოპოზიციაში უდგახარ და საკუთარი ქვეყნის დაბომბვას აბრალებ, რაღა ეთერს სთხოვ? სხვის საკუთრებასთან რა ხელი გაქვს?

კომენტარები მართლაც ოღრო-ჩოღრო გაიმეტა მედიისთვის, არც ჰო თქვა, შეხვდა თუ არა მედვედევს კიევში, არც ის, არაო. არადა, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი ორჯერ იმყოფებოდა იმ სასტუმროში, სადაც მედვედევი იყო გაჩერებული. და „ტიოტ ნინამ“ რა თქვა? მე რა ვიცი, რომელ სასტუმროშიც მე ვიყავი, იქ მედვედევი არ მინახავსო. ვინმემ ეს ჰკითხა?

არც ნათელაშვილის ქოსატყუილობას აქვს ბოლო, არჩევნების წინ მიშა გავლენიან პარტიებს ფულს გვთავაზობდა, ოღონდ კი არჩევნებში მონაწილეობა მიგვეღოო. აი, მაგალითად ჩვენა, ლეიბორისტებს 4 მილიონ ევროს გვთავაზობდაო. არ ავიღეთო, პიტერ სემნებთან ჩავუშვითო.

4 მილიონი ევრო... და უარი. აგანგალა-განგალა. არჩევნებში გამოსვლა კი არა, კაცი ბაზალეთის ტბაში გადახტებოდა, ოქროს აკვანს ამოიტანდა და მიშას სულ ცუნცულ-ცუნცულით აუცუნცულებდა ავლაბრის რეზიდენციაში.

ამ განცხადებით, ნათელაშვილმა ვითომ მიშას ბოსტანში ისროლა ქვა, ამ დროს ლოდი სწორედაც რომ ოპოზიციას სდრუზა. აბა, რა გამოდის? ვინც დღეს არჩევნებში გამოდის, იმათ აუღიათ 4-4 მილიონი ევრო და ეგაა.

აუღიათ და მოგვცემენ, აბა, რა იქნება - წყალს უფასოდ, გაზს და დენს იაფად. „დაჟე“ ნისიაც მოსული „პონტი“ იქნება. მაგრამ იქნება რო?

ფრანგულმა კომპანიამ წინასაარჩევნო გამოკითხვა ჩაატარა და გამოკითხულთა 57 პროცენტმა თბილისის მერად გიგი უგულავა დაასახელა. ალასანია - 14-მა, გია ჭანტურია - მხოლოდ 11 პროცენტმა... ქდკ-ელებს თუ ვკითხავთ, ეს არაფერია, იმიტომ რომ თურმე გაზი - ათ თეთრად, შუქი - ხუთად და წყალი - მუქთად მაინც გვექნება, გაიმარჯვებენ თუ არა... რანაირად? თურმე სარჩელი შეაქვთ სასამართლოში და სასამართლოს გზით მიაღწევენ ამას. მით უკეთესი, მაშ რაღად უნდა ავირჩიოთ ჭანტურია, თუკი რასაც გვპირდება, ისედაც ასრულდება?

ფრანგების გამოკითხვით, გამოკითხულთა 10 პროცენტმა მერად გოგი თოფაძე დაასახელა. „ზატო“ ძია გოგის ნოდარ ნათაძე უჭერს მხარს.
მეურნე კაცია, ქალაქს სჭირდებაო. აი, ახალგაზრდულ მოძრაობა „შეცვალეს“ კი გიგი უგულავა არ სჭირდება და 15-მდე აქტივისტი მერიასთან მიადგა, მოხსენი კანდიდატურა და წადი სახლშიო. არ გვინდიხარო. ისიც დაამატეს, იმედი არა გვაქვს, რომ ჩვენს მოთხოვნას შეასრულებს, მაგრამ გვინდა იცოდეს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც აზროვნებენო. ეს განცხადებაც კაი ხვითოა. თან ხმამაღალია - აზროვნებაზე აქვთ პრეტენზია მარტო იმის გამო, რომ გიგი არ „ევასებათ“, და თან კიდე ვაი ჩვენი ბრალი, თუ ამ ქვეყანაში მარტო 15 აქტივისტი აზროვნებს.

აი, მიშას კი სჯერა, რომ ქართველი ამომრჩეველი აზროვნებს და მას რაც არ უნდა უჭირდეს, გაბერილი საარჩევნო დაპირებებით ვერ გაასულელებენ. ასე თქვა უმრავლესობასთან შეხვედრაზე და ისიც დაამატა, ზოგიერთი პარტიის საარჩევნო დაპირებები კოსმიურ მასშტაბს იძენს და იაპონიის ბიუჯეტი რომ გააათმაგო, მაინც ვერ აუვა იმ დაპირებებსო.

პრეზიდენტმა, ცხადია, ქამანდი ისევ იაფ გაზ-დენსა და მუქთა წყლის პატრონ ქდკ-ს ესროლა, თუმცა არც სხვა პარტიებს აქვთ არანაკლებ გაბერილი დაპირებები. მაგალითად ძია გოგი (თოფაძე) გვპირდება, რომ თუ მას გავამერებთ, ყველა ოჯახიდან თითო კაცს დაასაქმებს. და რანაირად? რამე ახალ ქარხანას ხსნის? განა რა ქარხანა იქნება იმხელა, რომ ამდენი კაცი დასაქმდეს? თუ არა, სხვა რა ბერკეტით დაასაქმებს? კერძო კომპანიებს, გნებავთ, სახელმწიფო სტრუქტურებს აიძულებს, რომ ამ ნიშნით მიიღონ ხალხი სამსახურში? და თუ სამუშაო ადგილებმა არ იმატა, ეს რის ხარჯზე მოხდება? დღეს თუ ოჯახიდან სამნი მუშაობთ და ღამე მშიერი არ იძინებთ, ძია გოგი ორს სამსახურიდან გააგდებინებს და მათ ადგილას იმათ მიაღებინებს, ვის ოჯახშიც არავინ მუშაობს?

ან რა ნიშნით უნდა ეძებონ კომპანიებმა თანამშრომლები, კვალიფიციურობის ნიშნით, თუ იმის მიხედვით, ვინ უმუშევარია და ვინ არა?

ფრიად საინტერესო ქვეყანა და ხალხი ვართ, ვიცით, რომ გვატყუებენ, მაგრამ არავინ ხმას არ ვიღებთ, არავინ ვეუბნებით, ავოე, რას მაბოლებ?

მოკლედ, დიდი პირფერობის და თავის მოკატუნების ჟამი დგას, ვიცით, რომ გვატყუებენ, იმათაც იციან, რომ ვხვდებით და მაინც გვატყუებენ.

ზოგი ექსპერტი იმასაც გვატყუებს, რომ არჩევნების მერე რომ ბურჯანაძე ამერიკაში მიდის ვიზიტით, ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს უნდა შეხვდეს, ისეთებს, მიშას რომ არ დასიზმრებია, ამერიკა მიშას შემცვლელს ეძებსო. აბა რა, ამერიკა ისე გამოპრუტუნებულა, რომ პუტინ-მედვედევის `დაქალოჩკას~ „ესტროჩკება...“

ბურჯანაძის პარტია, ნათელაშვილის პარტიასთან ერთად, პრეზიდენტის იმპიჩმენტსაც უჭერს მხარს, იმ იმპიჩმენტს, რომლის თაობაზეც უკვე გამართეს შეხვედრა ალასანიას `ალიანსმა~, „ეროვნულმა საბჭომ“, თოფაძე-მრეწველებმა, თეთრებმა და სხვებმა. მათი განცხადებით, პოლიტიკური განხილვა უკვე დაწყებულია, მალე თურმე დელეგაციაც უნდა აფრინონ ევროპაში, რათა იქ ქართველ და უცხოელ ცნობილ იურისტებს შეხვდნენ და მათთან შეაჯერონ პარტიების მიერ შეთანხმებული იმპიჩმენტის მოთხოვნის ოფიციალური ტესტი. რა იყო, „სკაიპი“ არა აქვთ?

არა რა, დაიღალა ეს ხალხი წინ და უკან სირბილით და ჩვენ კიდე მათ ამაგს არ ვაფასებთ. ხან ქუჩა-ქუჩა დადიან მენახშირე ბიჭივით და ახლა კიდე აგერ, ევროპაში არიან წასასვლელი იურისტებთან. კი არ წავა ეს მიშა, რომ ეს ხალხი დაასვენოს...

არადა, აგერ ლევან გაჩეჩილაძე ახალი პარტიის შექმნას არ გამორიცხავს. არც ეკა ბესელია გამორიცხავს ახალი პარტიის ჩამოყალიბებას, არც საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი ჟურნალისტი (რომლის ვიდეოკომენტარი ფეისბუკით გავრცელდა) გამორიცხავს ახალი, ოღონდ ბავშვის გაკეთებას...

მაგრამ არა უშავს, მალე არჩევნები გადაგორდება, თაკარა ზაფხულიც დადგება და ჩვენი ოპოზიციაც ჩრდილს მიაშურებს სადმე იაფ ადგილებში, მაგალითად კანარის კუნძულებზე...
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (ყოველ ორშაბათს)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100