სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ აზროვნებენ რუსი ქართველთმოძულეები და ქართველი ოპოზიციონერები ერთნაირად?!

ყოველკვირეულმა გაზეთმა „დრონი.ჯი“-მ აკინძა ის გამონათქვამები, რომლითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ანტიქართველთა, ქართველთმოძულეთა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრების განცხადებები და ზოგიერთი ქართველი ოპოზიციონერის თუ ე.წ. ექსპერტის პოზიცია ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს. თქვენ, მკითხველო, თავად განსაჯეთ, არის თუ არა ეს „შემთხვევითი“ და რატომ საუბრობენ ქართული ოპოზიციის ნაწილი და კრემლის მარიონეტები უნისონში? ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრემიერ-მინისტრი: „რუსეთსა და საქართველოს ერთმანეთთან აკავშირებს მრავალსაუკუნოვანი კულტურული ურთიერთობები. ჩვენ შორის იყო პრობლემებიც, რომელიც ორივე ხალხის ძალისხმევით მუდამ დაძლეულა და ახლაც ასე უნდა მოვიქცეთ. უნდა დავივიწყოთ ყველაფერი ცუდი, რაც ბოლოს მოხდა საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლობის შედეგად და აღვადგინოთ ურთიერთობა ახალი, სუფთა ფურცლიდან. სამწუხაროდ, ბევრი რამის თავიდან დაწყება მოგვიწევს, მაგრამ ძველი ურთიერთობები გაგვიიოლებს გაწყვეტილი კავშირების აღდგენას“.
მიხეილ ხუბუტია: „სხვა გამოსავალი არ არის. რუსეთის ხელისუფლება ქართველი ხალხის მიმართ ძალიან კეთილგანწყობილია. ჩვენ ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ, რადგან არ შეიძლება იმ მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის გაწყვეტა რუს და ქართველ ხალხს შორის. ხალხმა პოლიტიკოსთა შეცდომებზე არ უნდა აგოს პასუხი“.
ვლადიმერ სლუცკი, რუსეთის დუმის დეპუტატი: „საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ხელისუფლება დაელაპარაკება. ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს ახლანდელი ოპოზიცია და ეს კავშირები მაშინ აღდგება. ოღონდ, ოპოზიციამ ახლავე, ხმამაღლა უნდა აუხსნას ქართველ ხალხს, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება ეს ეფემერული, უსაფუძვლო ოცნებაა, რომელიც საქართველოს რუსეთსა და საკუთარ მიწა-წყალს აკარგვინებს. მხოლოდ რუსეთთან ახალი ხელისუფლების მჭიდრო ინტეგრაციის შემდეგ შეიძლება საქართველოს ერთიანობაზე ლაპარაკი, ცხადია, ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმით“.
ზვიად ძიძიგური: „ნატო-ში გაწევრიანების ეფემერულ ოცნებებს, ცხადია, მირჩევნია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენა. მე აუცილებლობად ვთვლი რუსეთთან დიალოგს“.
ვლადიმირ ჟირინოვსკი: „ილარიონოვი გათახსირებული კაცია. ის ვოვამ, პუტინმა გააგდო სამსახურიდან და ახლა საქართველოს დანაშაულებრივი ხელისუფლების, პრეზიდენტის მხარდაჭერით ცდილობს დასავლეთის თვალში წონა მოემატოს, ქულები დაეწეროს. ის არის რუსეთის მოღალატე“.
ლეონარდო დევდარიანი: „ილარიონოვი პუტინის მრჩეველი იყო, პუტინმა გააგდო. ეს განაწყენებული ადამიანი წავიდა ამერიკაში და ახლა ჩვენს ხარჯზე ქულების დაწერა უნდა“.
ალექსეი პუშკოვი, ჟურნალისტი, პროგრამა „პოსტკრიპტუმის“ წამყვანი: „სააკაშვილი რუსეთში განიხილება ადამიანად, რომელთანაც რუსეთი არასდროს დაიჭერს საქმეს. პარადოქსი ისაა, რომ ასეთ ფონზე ხალხებს შორის საბაზისო დამოკიდებულება კარგია. ის, რაც მოხდა ცხინვალში, ეს ემოციები, აგრესია მიმართულია არა ზოგადად ქართველი ხალხისადმი, არამედ პირადად სააკაშვილისადმი“. ნინო ბურჯანაძე: „რუსეთის ხელისუფლება კატეგორიულად აცხადებს, რომ არ დაელაპარაკება ამ ხელისუფლებას, პრეზიდენტ სააკაშვილს. რა ვქნათ? ამ კაცს გადავაყოლოთ მთელი ქვეყანა და საქვეყნო ინტერესები? ეს იყო კრიზისი ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის და არა ქართველ და რუს ხალხს შორის. ამ კრიზისმა და გაუთვლელმა ნაბიჯებმა მიგვიყვანა ომამდე. რუსი ხალხის დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ არ შეცვლილა. და არც ქართველი ხალხის დამოკიდებულება - რუსი ხალხის მიმართ. ეს კეთილგანწყობილი საბაზისო დამოკიდებულება უნდა გამოვიყენოთ ურთიერთობების აღსადგენად ორ ერს შორის, თუ საჭირო გახდა, ოპოზიცია ითავებს ამ ურთიერთობის აღდგენას“. ალექსანდრე დუგინი: „ეკონომიკა განუყოფელია პოლიტიკისგან. კი, ეს იყო ემბარგო რუსეთის მხრიდან და, რაღა თქმა უნდა, რუსეთის მთავარი სანიტარიული ექიმი, გენადი ონიშჩენკო, ნაწილობრივ, პოლიტიკურ მითითებას ასრულებდა, როცა აკრძალა რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქცია და ვინ იზარალა ამით? საქართველომ, ცხადია, ქართული ღვინო ჩაანაცვლა მოლდოვურმა, ესპანურმა, იტალიურმა“.
გოგი თოფაძე: „რუსეთმა ჩაგვიკეტა თავისი ბაზარი, იქ რუსულ ღვინოს აღარ უშვებენ, სამაგიეროდ მოლდოვურმა ღვინომ ჩაანაცვლა ქართული ღვინო. ამ ბაზრის დაბრუნებას წლები დასჭირდება, ათწლეულები თუ არა, ცხადია, თუ უახლოეს მომავალში ურთიერთობა აღდგა ორ ქვეყანას შორის“.
სერგეი შამბა, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი: „სად გვეპატიჟებით, რომ გვეპატიჟებით? რა გაქვთ ქართველებს უკეთესი ჩვენზე? სად არის ის სანაქებო დემოკრატია, რომლითაც ყოველდღე ამაყობენ თქვენი ლიდერები უცხოურ მედიაში?“
სერგეი ივანოვი, რუსეთის ვიცე-პრემიერი: „ჩვენ უსაფუძვლოდ გვდებენ ბრალს, რომ რუსეთის არმიამ საჭიროზე მეტი ძალა გამოიყენა. არ დაგავიწყდეთ, ჩვენ სამხრეთ ოსეთში ქართველი აგრესორებისგან არა მარტო მშვიდობიან მოქალაქეებს ვიცავდით, რომლებიც რუსეთის მოქალაქენი არიან, არამედ რუს სამშვიდობო ჯარისკაცებსაც, რომელთაც, მართალია, შეიარაღება ჰქონდათ, მაგრამ ომში არ ჩარეულან. რუს სამშვიდობოებს ქართველებმა გაუხსნეს ცეცხლი და რამდენიმე რუსი მშვიდობისმყოფელი მოკლეს, არიან დაჭრილებიც“.
კახა კუკავა: „მიხეილ სააკაშვილს და მის გენერლებს იმდენი ჭკუაც კი არ ეყოთ, რომ რუსი სამშვიდობოები არ დაეხოცათ. დიახ, გარდა იმისა, რომ ცხინვალი დაბომბეს, მთელ ქალაქს გადაატარეს „გრადის“ ჭურვები, ჩვენი ჯარისკაცები ცხინვალისკენ გზას რუსი სამშვიდობოების პოსტების განადგურებით მიიკვლევდნენ, არაერთი რუსი სამშვიდობო მოკლეს, კი, ესენი იძახიან, ცეცხლი ჯერ იქიდან გაგვიხსნესო, მაგრამ დააჯერებ ამას რუსეთის ხელისუფლებას, მით უფრო, სამხედრო ხელმძღვანელობას? ვერ დააჯერებ! ამის მერე არ უნდა გაგვკვირვებოდა ის აგრესია, რაც რუსეთმა გამოიჩინა საქართველოს წინააღმდეგ, საფუძველი, რომ ასე აგრესიულად მოქცეულიყვნენ, ისევ ჩვენმა ხელისუფლებამ, გენერლებმა მისცეს“.
თეიმურაზ მამსუროვი, ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი: „ქართველებმა მოუწყეს გენოციდი ოს ხალხს. სადაო და საკამათო არ არის, რომ პირველად ქართულმა არტილერიამ გახსნა ცეცხლი, დაბომბეს მძინარე ბავშვები და ქალები, ვინც ქალაქიდან ვერ გაასწრო. ეს 7 აგვისტოს, ღამით მოხდა და მხოლოდ ამის შემდეგ გადმოკვეთეს სამხრეთ ოსეთის საზღვარი რუსეთის ჯარებმა როკის გვირაბის გამოვლით. სააკაშვილი სამხედრო დამნაშავეა“.
ალექსანდრე ჭაჭია: „საკამათო აღარ არის და უცხოელი ექსპერტებიც ამას ღიად აცხადებენ. ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, ის სამხედრო დამნაშავეა და პასუხს საერთაშორისო-სამხედრო ტრიბუნალის წინაშე აგებს. მის პროვოკაციას - ცხინვალის და ჯავის რაიონის სოფლების დაბომბვას მოჰყვა რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილების ცხინვალში შემოსვლა“.
დიმიტრი როგოზინი: „თუ საქართველო გააგრძელებს ნატოსკენ სწრაფვას, ის აუცილებლად დაიშლება. რუსეთი ამას არ დაუშვებს და აამოქმედებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს. ქართული ოპოზიცია რაც მალე მოვა ხელისუფლებაში, მით უკეთესია, იქ არიან ლიდერები, მაგალითად, ნინო ბურჯანაძე, რომელმაც კარგად იცის, რომ რუსეთთან ურთიერთობის, ნორმალური ურთიერთობის გარეშე საქართველოს მომავალი არა აქვს, იცის ისიც, რომ ნატო საქართველოსთვის დამღუპველია“.
რამაზ კლიმიაშვილი: „მეტი რაღა უნდა დაგვემართოს, რომ უარი ვთქვათ ნატოზე? თუ ეს ახირებული და უაზრო აღტკინება არ მოვიშალეთ - არიქა, ნატო გვიშველისო, საქართველო დაიშლება. სწორედ ამ რიტორიკამ სახელმწიფო დონეზე და ნატოსკენ აქტიურმა მოძრაობამ წაგვკიდა ასე რუსეთი, დაგვაკარგვინა ტერიტორიები. საქართველოს გაერთიანების გასაღები კრემლშია და არა - ბრიუსელში ან ვაშინგტონში. ეს არ ესმის სააკაშვილს. ეს, სამაგიეროდ ესმის ოპოზიციის ერთ ნაწილს და რაც მალე მოვლენ ისინი ხელისუფლებაში, მით უკეთესი. მრავალ უბედურებას გადავრჩებით, მათ შორის, ნატოს“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100