ლუკა ალავიძე Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპის ნაკრებში ითამაშებს
13 წლის ლუკა ალავიძე Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. გასული წლის Junior NBA – GBF ლიგის საუკეთესო მოთამაშე, რომელიც “ზაზა აკადემიაში” ასპარეზობს, სლოვენიაში გამართულ Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ კემპზე გამოარჩიეს. 7-12 აგვისტოს, ფლორიდის შტატის დედაქალაქ ორლანდოში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე ლუკა ალავიძე ევროპის ნაკრების ღირსებას დაიცავს.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია უკვე მე-3 წელია, Junior NBA-ს განხრით ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან თანამშრომლობს. Junior NBA – GBF ლიგის მესამე სეზონი სტარტს რამდენიმე დღეში აიღებს, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 13-წლამდელთა 30 გუნდი მონაწილეობს და საუკეთესო NBA-ს ფორმატის ანალოგიურად, რეგულარული ჩემპიონატისა და პლეი ოფის შედეგად გამოვლინდება. Junior NBA – GBF ლიგის ორგანიზებაში საქართველოს კალათბურთის ფედერაციას პარტნიორობას უწევენ ამერიკის საელჩო და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატი კი წელს პირველად ტარდება და მის შესარჩევ კემპს 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით სლოვენიის ქალაქმა როგლამ უმასპინძლა, სადაც კონტინენტის 17 ქვეყნიდან რჩეული მოზარდები იყვნენ შეკრებილები. კემპის მიზანი 10 საუკეთესო გოგონას და 10 საუკეთესო ბიჭის შერჩევა იყო, რომლებიც Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპის ნაკრების ღირსებას დაიცავენ.
სლოვენიაში ლუკა ალავიძესთან ერთად მოთამაშეები – გეგა წულაია, მარიამ გოგიჩაიშვილი და მწვრთნელი – ჯაბა ბაქრაძე იმყოფებოდნენ. სხვადასხვა ვარჯიშებისა და მოთამაშეებზე დაკვირვების შემდეგ, კემპის დასრულებიდან დაახლოებით 10 დღეში ორგანიზატორებმა არჩევანი გააკეთეს: ლუკა ალავიძე ევროპის საუკეთესო 10 მოზარდს შორის მოხვდა და Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი კონტინენტის ნაკრებში ითამაშებს.
Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატში, რომელიც წარმოადგენს ამ ტიპის პირველ გლობალურ ახალგაზრდულ საკალათბურთო ტურნირს, მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს 70 ქვეყნიდან შერჩეული 14 წლამდელთა გუნდები. მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება პარალელურად – ცალკე გოგონათა და ცალკე ვაჟთა შორის. თითოეულ ტურნირში 16 რეგიონალური გუნდი იასპარეზებს, რომელთაგან 8 აშშ-ს, ხოლო 8 დანარჩენ მსოფლიოს (აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი, აზია პასიფიკი, კანადა, ჩინეთი, ევროპა, ინდოეთი, მექსიკა და სამხრეთ ამერიკა) წარმოადგენს. ამერიკის 8 გუნდი და დანარჩენი მსოფლიოს 8 გუნდი ცალ-ცალკე, ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ და გამოავლენენ თითო საუკეთესოს, რომელთაგან 12 აგვისტოს, ფინალურ მატჩში NBA-ის მსოფლიოს ჩემპიონი გაირკვევა.
Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის ელჩები იქნებიან „მაიამი ჰიტის“ წევრი და NBA-ს „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის სამგზის მონაწილე – დუეინ ვეიდი და „ლოს ანჯელეს სპარკსის“ ფორვარდი და ქალთა NBA-ს ჩემპიონი – კენდის პარკერი. ჯუნიორ- NBA-ის ფარგლებში ახალგაზრდები არა მხოლოდ მოედანზე შეეჯიბრებიან ერთმანეთს, არამედ შეიძენენ სხვა უნარ-ჩვევებსა და ცოდნას და მონაწილეობას მიიღებენ “NBA cares”-ის საზოგადოებრივ პროექტებში.
NBA-ს ახალგაზრდული კემპისა და შემდგომ, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისათვის საჭირო მგზავრობის ხარჯებს დაფარავს NBA.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ jrnba.com/worldchampionship
კომენტარი