ირაკლი მელაშვილი: „შენ სად და რაზე ზიხარ, ირაკლი წერეთელო?!“
ნოღაიდელის ეროვნულ საბჭოში გადაბარგებას ოპოზიციურ სპექტრში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. „ეროვნული ფორუმი“ მიიჩნევს, რომ ეს ოპოზიციის მხრიდან დიდი შეცდომა იყო, რადგან ეროვნული საბჭო იმთავითვე ნოღაიდელის წინააღმდეგ იქნა შექმნილი.
ოპოზიციის ბოლოდროინდელი საკოორდინაციო შეხვედრები „დრონი.ჯი“-მ „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი მელაშვილს შეაფასებინა. როგორც აღმოჩნდა, ბატონ ირაკლის ნოღაიდელი თვალში ნამდვილად არ მოსდის. იგი ამას თავისებურად ხსნის და არგუმენტად მისივე მეგობრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება მოჰყავს.
„დრონი.ჯი“: როგორც ცნობილია, თქვენთვის მიუღებელია ეროვნულ საბჭოში გაერთიანებული იყოს ზურაბ ნოღაიდელი...
ირაკლი მელაშვილი: ეროვნული საბჭო ნოღაიდელის წინააღმდეგაც იყო შექმნილი. ნოღაიდელის ეროვნულ საბჭოში გარევა მის სრულ უტიფრობაზე მეტყველებს, რაც ჩემთვის გასაკვირი ნამდვილად არაა. უმჯობესი იყო ჩვენთვის ერთხელ მაინც ეკითხათ, იქნებ არ ვიყავით თანახმა, ბატონი ნოღაიდელი ეროვნულ საბჭოში ყოფილიყო.
- რა გაქვთ ნოღაიდელის საწინააღმდეგო?
- ნოღაიდელთან ერთად ძალიან უცნაური და ძნელად წარმოსადგენია ეროვნული საბჭო. ნოღაიდელი ის ადამიანია, რომელიც თავის დროზე ზუსტად ეროვნულ საბჭოს ებრძოდა. ებრძოდა არა პოლიტიკური, არამედ ყოვლად უზნეო მეთოდებით. მათ შორის 7 ნოემბერსაც. ნოღაიდელი, როცა ხელისუფლებიდან გამოაპანღურეს, მერე გახდა ოპოზიციონერი. მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაუგია ვინმეს მისი პროტესტი?!
- რატომ აღმოჩნდნენ რადიკალურად განსხვავებული მსოფლმხედველობის პარტიები ერთად?
- ეს მე აღარც მაინტერესებს. ნოღაიდელის ერთ რამეში ალალად ვარ მადლობელი. მან ყველას თავისი ადგილი მიუჩინა და საზოგადოებას ყველაფერი ნათლად დაანახა. ვინც მის გვერდით დგანან, მკაფიოდ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ერთად ვერასოდეს ვიქნებით.
- რატომ ვერ იქნებით ერთად, რა არის ამის მიზეზი?
- ძალიან ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ გადაწყვიტა თვალი დაეხუჭა ვიღაცების წარსულზე და მათ გვერდით დადგნენ. ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრი იყო. ბურჯანაძე კიდევ სხვა საკითხია. ნოღაიდელი იყო უშუალოდ განმხორციელებელი ყველაფრისა. ბურჯანაძე კი ხშირად პოლიტიკურ ნებას არ იჩენდა და ეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია.
ნოღაიდელი იყო უშუალო შემსრულებელი ბიზნესის დატერორებისა, მკვლელობებისა. იგი არის დამნაშავე და ყველაფერს სააკაშვილს ნუ გადავაბრალებთ. ახლა ამ ადამიანთან ერთად გამოვიდე და ვისაუბრო იმაზე, რაც სააკაშვილმა დააშავა, ეს სწორი არ იქნება.
მე მორალურად კარგად მესმის იმ ადამიანების, ვინც სააკაშვილის მხარესაა. რაც ქვეყანაში მოხდა, ნოღაიდელმაც ხომ მიიღო მონაწილეობა. მე არა მგონია, რომ ოპოზიციამ საზოგადოების ნდობა დაიმსახუროს ლოზუნგით, ნაციონალური მოძრაობა მინუს სააკაშვილი. ეს არაა ამ ქვეყნისთვის გამოსავალი.
ამ მოტივაციიდან გამომდინარე ვამბობ, თორემ ნოღაიდელს პიროვნულად ჩემთვის არაფერი დაუშავებია. როცა პოლიტიკაში გეზს ირჩევ, არ შეიძლება რაღაცები ნოღაიდელთან ერთად აკეთო. გული მწყდება ძიძიგურზე და კახა კუკავაზე, მაგრამ ეს მათი არჩევანია. სანამ ისინი ნოღაიდელის გვერდით იდგებიან, ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით.
რაღა დარჩა, ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები ოპოზიციაში არიან. ახლა სააკაშვილი დარჩა, ისიც გადმოვა და ჩაუყენოს ოპოზიციამ სათავეში. ასე ხელგაშლილად თუ იღებენ ყველას... ესენი უკვე ოპოზიციას აღარ ჰგვანან.
- აბა ვის, ან რას ჰგავს დღევანდელი ოპოზიცია?
- ეს ოპოზიციაში გადმოსული „ნაციონალური მოძრაობაა“. ქვეყანა ამით ვერაფერს მოიგებს. ამ ვითარებაში თუ ოპოზიციაში `ნაციონალების~ ნაწილი ვიხილეთ, ვითარების შეცვლა შეუძლებელია. ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრი იყო და ახლა ამბობს, ქვეყანა ხელში შემომექცა, ჩემი ბრალი არაფერიაო.
ეს არაა გასასამართლებელი საბუთი. როცა ხელისუფლებიდან გამოგაპანღურებენ და ერთ წელიწადში ოპოზიცია გახდები, ეს ფსევდო ოპოზიციონერობაა.
- რას იტყვით იმ ადამიანებზე, რომლებიც ასე ხშირად სტუმრობენ პუტინს? ისინი გულწრფელები არიან იმაში, რასაც აკეთებენ?
- რუსეთთან დიალოგი საჭიროა, მაგრამ ამ პირობებით და ასეთი სახის ვიზიტებით, არა. ამ რეალობაში მე ვერ ვხედავ, ოპოზიციამ რაზე უნდა ესაუბროს რუსეთს. ახლა რომ აზრი ჰქონდეს რუსეთთან საუბარს, მეც წავიდოდი ამ ნაბიჯზე, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სიტუაციაში და ოპოზიციის ასეთი უპრინციპო ნაბიჯებით რუსეთთან ვითარება ვერ გამოსწორდება. რუსეთისთვის ეს არის მისაღები თამაში, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და დამატებითი ზეწოლისთვის იქნება გამოყენებული.
ოპოზიციის ეს ვითომ მოლაპარაკებები რუსეთთან შედეგიანი ვერ იქნება. ეს შესაძლებელია ძალიან ცუდად იყოს გამოყენებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მე არ ვიცი რისთვის დადიან ეს ადამიანები რუსეთში. შეიძლება ერთხელ მეც წავიდე, ოთხმოცდაათიანი წლების უამრავი ნაცნობი პოლიტიკოსი მყავს იქ.
- ანუ შეიძლება თქვენც გიხილოთ პუტინის კარზე?
- მე ვერ მიხილავთ, ამის გარანტიას გაძლევთ. რუსეთმა ბუმერანგი ისროლა, რომელიც საქართველოს მოარტყა. რუსეთს ეს ბუმერანგი მას ჩრდილოეთ კავკასიაში მიუბრუნდება. ისევე როგორც ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ბასაევი მიუბრუნდა და ათასობით კუბო ჩაიტანეს. რუსეთი ამას ხვდება. თუ ვერ ხვდება, ეს მათი პრობლემაა.
- უშვებთ იმას, რომ ნოღაიდელი სააკაშვილის პროექტი იყოს?
- სააკაშვილს გარეთ ერთადერთი რამ აქვს გასაყიდი, ის, რომ ოპოზიციის ნაწილი არის პრორუსული. ნიშანდობლივი იყო ნოღაიდელის განცხადება, როცა ოპოზიციის ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვა, რომ ჩვენ ერთ-ერთი სერიოზული წამყვანი პოლიტიკური ძალა ვართო. თუ რამე შეკვეთის შესრულება უნდოდა მიშას, ნოღაიდელმა ზუსტად შეასრულა. ეს მენტალობის დონეზეა თუ რაიმე სულიერი გზები აქვთ ერთმანეთთან გაბმული, აღარ ვიცი.
- ოპოზიცია გაზაფხულზე აქციებს გეგმავს, გამოვა ქუჩაში ხალხი?
- ნოღაიდელს ხალხი არ გაჰყვება. დანარჩენი ლიდერები კი ნოღაიდელთან ერთად იფუთებიან და შესაბამისად, მათ დაძახილზე ხალხიც არ გავა. ვინც ნოღაიდელთან დგას, ყველა ერთ ქვაბში იხარშება. ნოღაიდელია ამ გაერთიანების მთავარი ფიგურა. აქციებს სჭირდება სწორი მოთხოვნები, რასაც მე ამ ოპოზიციისგან ვერ ვხედავ.
- ირაკლი წერეთელმა გუბაზ სანიკიძის მისამართით თქვა, რომ გუბაზი სოფლებში წყარო-წყარო დადიოდა და საინტერესოა, ახლა რომელ წყაროსთან ზისო... ისე, მართლა საინტერესოა, რომელ წყაროსთან ზის ახლა ბატონი გუბაზი?
- ოფისში ზის, ჩემო ირაკლი წერეთელო, ბატონი გუბაზი. ისე, შენ სად ზიხარ, ირაკლი წერეთელო, ის თუ იცი?! საინტერესოა, ამდენი წლის განმავლობაში სად და რაზე ზიხარ?
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)
კომენტარი