თვალსაზრისი: მართლმადიდებლური ისტერიკა – გზა რუსეთის იმპერიისკენ
ამ სამი თუ ოთხი წლის წინანდელი აღდგომის ორშაბათის თამადობა მთაში, სასაფლაოზე, მწუხარე-მხიარულ ჭირისუფლებსა და გაერთიანებულ საიქავ-სააქაოს შორის. თამადა: ბარად გადასახლებული და ცხვარ-ძროხის წილ ვენახს გამიჯნურებული ფშაველი, თავის წინაპრების საფლავებს რომ ერთგულობს და გლეხადყოფნის ბარული ტრადიციაც რომ ალალ-მართლად შეითვისა. არ მითხრათ, რომ მთაშიც არსებობდეს კაცების რაიმე გლეხური ტრადიცია, ჯერ ეგ არ შემხვედრია და კამათს ავერიდები, გამგებმა და მნახველმა ისედაც იცის. მოკლედ, თამადა რწმენას ადიდებს თუ ადღეგრძელებს, აშკარად ახალი დასწავლილი აქვს ეს გრძელი კალკი ბერძნულიდან, ხან „მაჰამდიდებლობა“, ხან „მართამდიდებელობა(ამის გაგონებისას ბალახზე მოკალათებული მართა ბებო უხერხულად იშმუშნება)“ და ხან რაღაც კიდევ მსგავსი გადმოსდის პირიდან. იქვე გათბილისელებული ფშავლის ბიჭი ზის და თავმოწონებით უსწორებს, ეტყობა, რომ კარგად გაუზეპირებია და ეკლესიიდანაც შორს არ დგას. ბოლოს როგორც იქნა, თამადამ ჩაათავა ეს მოვალეობითი სადიდებელი ისე, რომ სწორად მაინც ვერ წარმოთქვა „ჩვენი რწმენის“ სახელი და ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდა ანუ მოფშავლდა... შვებით ამოისუნთქა ყველამ– ცოცხალმაც, მკვდარმაც, მთამ, ბარმა და, მგონი, მარადიულმა ღმერთმაც.
მაინც როდიდან შეიზღუდა ქართველი მართლმადიდებლობით? ვაჟას ერთი პუბლიცისტური წერილი მახსენდება, ინტელიგენციას რომ საყვედურობს, ქართველ გლეხს ისაც კი ვერ ასწავლეთ, რომ ეროვნება და რელიგია სხვადასხვაა, თუ საქართველოს სადღეგრძელოს სთავაზობენ, გლეხი იგივეს არ იმეორებს, ამბობს სხვანაირად: სჯულ-საქრისტიანოს გაუმარჯოსო! ...
და მახსენდება ასევე ვიქტორ ნოზაძის ერთი ცნობაც მისი ვრცელი მეტყველებიდან: მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქართველი ტყვეები ეროვნებისა და სარწმუნოების კითხვარს, როგორც წესი, ერთნაირი სიტყვით პასუხობდნენ: ქრისტიანი. ან ორივეგან ქართველს წერდნენ... ეს იმდენისმთქმელია, რომ კომენტარს აღარ საჭიროებს – დაგადუმებს, თუ არ აგატირებს.
ეს ორი მაგალითი ჩემთვის საკმარისია, რომ დავასკვნა: გასულ ორ საუკუნეში სადაგმა ქართველმა არც იცოდა, რომ უფრო დაკონკრეტებული თუ დახურდავებული ქრისტიანობის – მართლმადიდებლობის მიმდევარი იყო. თუმცაღა, რუსულმა იმპერიამ ბევრი იშრომა საამისოდ და ყველაფერთან ერთად „კავკასიაში მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმდგენი საზოგადოება“ ჩამოაყალიბა.
იქნებ დაიკარგა ეს „მართლმადიდებლური“ გაგება წინა ორ საუკუნეში? ვეცდებით ერთი პატარა წიაღსვლის გაკეთებას და მანამდე კი ერთი განმარტების საჭიროებას ვხედავ. რასაკვირველია, ეს გრძელი ცნება ცნობილი იყო და თეოლოგიურად განმარტებულიც, მაგრამ ზოგად, ეროვნულ-კულტურული იდენტიტეტის და თვით სარწმუნოების გამომხატველ ცნებად არ იქცა. ქართველმა არ ისურვა ქრისტიანობის დახურდავება. ამის მას მრავალი მიზეზი ჰქონდა და ამ მიზეზებზე აქ საუბარი შორს წაგვიყვანდა. ამრიგად, „მართლმადიდებლობა“ არსებობდა მხოლოდ როგორც ტექნიკური ტერმინი ვიწრო საეკლესიო წრეებში შიდამოხმარების საგნად, ბიზანტიური მრწამსის გამოსახატავად.
ახლა კი დაპირებული წიაღსვლა, რაც უფრო მეტს გვეუბნება, ვიდრე აქამდე ვთქვით. თუ შეგიმჩნევიათ, რაოდენ არაპოპულარულია გრიგოლ ხანძთელი დღევანდელ ზომიერ თუ კლინიკურ ფანატიკოსებში? ვის აღარ ნახავთ მათგან დამოწმებულ მოძღვრებს შორის, დაწყებული იოან სერბიდან პიასი მთაწმინდელის გავლით დიმიტრი როსტოველამდე. დიმიტრი როსტოველიდან იოან კროშტადტელის კარის შემტვრევით და ბრიანჩანინოვზე გადაბიჯებით ვიდრე ვიდრე რუსული ემიგრანტული ეკლესიის მამამთავარ ვიტალუსამდე! აღარ შვუდგები ახლა ამ დამმოწმებლების დახარისხებას, ვინ სქიზმატიკოსია, ვინ ლეგიტიმური, ვინ სმე, ვინ მეს, ვინ თეთრი და ვინ შავი... ერთნაირი ხელწერისაა ყველა და ვერ მივმხვდარვარ, რა უშლის ხელს მათ გაერთიანებას? სხვათაშორის, ფანატიკოსები აწარმოებენ ქრისტიანული წარსულის ხელახლა გადაწერას და ეს კი არ ჰგავს, ორუელის ოკეანეთური ბიუროკრატიის იდენტურია. თურმე ნუ იტყვით და მოციქულებსაც კი ჰქონიათ რაღაც 45-ე კანონი, რაც მათ ლამის ორთოდოქს ფაშისტებად წარმოადგენს: ებრაელთან პური არ უნდა გატეხოო...
არ ვიცი, რამდენად ავთენტურია ან რა იგულისხმნება მაგ 'მოციქულურ' აკრძალვაში, მაგრამ ერთი რამ კი ვიცი და მახსოვს, რომ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ფიგურირებს სიტყვა კათოლიკე... კათოლიკე, კათოლიკე... თვით პატარა საყდრის აშენებაც კი კათოლიკე, ანუ საყოველთაო ეკლესიის გაფართოებად აღიქმება...
ხოლო დღევანდელი მართლმადიდებლური ისტერიკა კი სხვა არაფერია, თუ არა კათოლიკე და საყოველთაო ქრისტიანული ცივილიზაციისგან და რელიგიისგან განდგომა... ანუ გზა რუსული იმპერიის ლევიათანური ხახისკენ!
რასაკვირველია, „მართლმადიდებლური“ შეზღუდვა პოსტკომუნისტური პირმშოა და იგი სხვა არაფერია თუ არა სულიერი მონობის ბორკილი, რომელიც ხელში უჭერია ერთმორწმუნე დუშმანს და იგი ყოველნაირად ცდილობს ეს ბორკილი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, აღმშენებლობის და ცივილიზირებულ სამყაროში დაბრუნების საწინააღმდეგო პოლიტიკურ ბერკეტად გადააქციოს!
კომენტარი