სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიგა ლორთქიფანიძე: „ოპოზიციამ ხალხში რეიტინგი დაკარგა“

„ოპოზიცია არის დაშლილი, არავითარი ერთობა აღარა აქვთ და არც საერთო იდეა გააჩნიათ. არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ შემთხვევაში ლევანი. თუ განაცხადა, რომ იგი დამოუკიდებლად განაგრძობს მერობის არჩევნებში მონაწილეობას, არც ეს გამიკვირდება, ვინაიდან მიმაჩნია, რომ მას არ ექცევიან კარგად“, - განუცხადა „დრონი.ჯი“-ს რეჟისორმა, გიგა ლორთქიფანიძემ.
„დრონი.ჯი“: ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ მას რამდენიმე დღე სჭირდება თავისი საბოლოო პოზიციის დასაფიქსირებლად. თქვენი, როგორც ამომრჩევლის შეფასება როგორია, როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მან?
გიგა ლორთქიფანიძე: მე ჯერ იქიდან დავიწყებ, რომ ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელია „ალიანსის“ ზგიერთი წევრის დამოკიდებულება ლევანის მიმართ, განსაკუთრებით თინა ხიდაშელი ლაპარაკობს ლევანზე, თითოქსდა ეს ვინ არის და რა ალაპარაკებსო, არადა მე ვხედავ, რომ ლევანი თავისი ბუნებით წესიერი კაცია. მე იგი პატიოსან ადამიანად მიმაჩნია.
ვფიქრობ, ლევანი ეძებს საერთო ენის გამონახვას ოპოზიციასთან. თუკი „ალიანსის“ ზოგიერთი წევრი ასეთ კუდაბზიკობას გააგრძელებს, ლევანთან გაჭირდება ურთიერთობა.
მით უმეტეს, რომ ოპოზიცია არის დაშლილი, არავითარი ერთობა აღარა აქვთ და არც საერთო იდეა გააჩნიათ. არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ შემთხვევაში ლევანი. თუ განაცხადა, რომ იგი დამოუკიდებლად განაგრძობს მერობის არჩევნებში მონაწილეობას, არც ეს გამიკვირდება, ვინაიდან მიმაჩნია, რომ მას არ ექცევიან კარგად.
რატომ უნდა იყოს გაჩეჩილაძე ამ შემთხვევაში კოლეგიალური, როდესაც არანაირი კოლეგიალობა არ არის საპირისპირო მხრიდან? ამ ბოლო დროს კი ოპოზიციამ ძალიან დაკარგა რეიტინგი ხალხში და ახლა მათ განსაკუთრებით სჭირდებათ ერთობა.
საზოგადოება დაბნეულია მათი პოლიტიკის შემხედვარე. არცთუ ისე შორეულ წარსულში საპრეზიდენტო არჩევნებზე თბილისში ლევანმა გაიმარჯვა, არცთუ ისე დაბალი პროცენტით, ამიტომ ახლა მტკიცება იმისა, რომ ლევანი ურეიტინგოა, მაგას ვინღა ეკითხება, გაუმართლებელია. ლევანს გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე ალასანიას.
- ანუ ალასანიამ უნდა დაუჭიროს მხარი გაჩეჩილაძეს, როგორც მერობის კანდიდატს?
- თქვენ გგონიათ, რომ ყველას გულზე ახატია უგულავა `ნაციონალურ მოძრაობაში~? მაგრამ ხელისუფლება ახერხებს იმას, რომ გაჩერდნენ ერთ პიროვნებაზე, იმიტომ რომ ეს საჭიროა და მათი გამარჯვება ასეთ პოლიტიკაში მდგომარეობს. ასეთი დაქსაქსულობა, რაც ახლა არის ოპოზიციაში, მათ ვერანაირ გამარჯვებამდე ვერ მიიყვნას.
- თქვენი აზრით, რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია კონსოლიდაციას, იმის გამო, რომ პირად ამბიციებზე მაღლა ვერ აყენებენ ქვეყნის ინტერესებს, თუ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკაში მოღვაწეობა სრულიად სხვა მიზნებს ემსახურება?
- პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ორიენტაცია. ერთს შეიძლება ჰქონდეს დასავლური ორიენტაცია, მეორეს - რუსული და ა.შ. მთავარია არ შეცვალო შენი კურსი, მერყეობა პოლიტიკოსისა აბნევს საზოგადოებას.
- რაც შეეხება რუსეთში მოსიარულე პოლიტიკოსებს, როგორ შეაფასებთ მათ ქმედებას?
- პირველ რიგში მწყინს, როდესაც ამ ადამიანებს მოღალატეებად რაცხავენ. შეიძლება ვიღაცისთვის არ იყოს სასიამოვნო მათი რუსეთში ვიზიტები, მაგრამ მოღალატეობა ხმამაღალი ნათქვამია. ისინი ცდილობენ გამონახონ საერთო ენა ძალიან ძლიერ მტერთან, რომელიც დაინტერესებულია შენთან ურთიერთობის ფორმებით. როგორც დიდი ერი, პატარა ერის მიმართ არის დამყრობლურად განწყობილი, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთადერთი გზა პოლიტიკური მოღვაწეობისა.
თუკი ამ ადამიანებს ჩავთვლით მოღალატეებად, მაშინ მთელი ქართველი მეფეები ყოფილან მოღალატეები, როდესაც შაჰის კარზე დადიოდნენ, რათა დამყრობლებთან საერთო ენა გამოენახათ, რათა გადაერჩინათ ქვეყანა.
- მაგრამ როდესაც ნინო ბურჯანაძეს უჭირს რუსეთის ფედერაციას უწოდოს ოკუპანტი, როდესაც ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ თუკი სააკაშვილის შესაცვლელად რუსული ტანკების გამოყენება დასჭირდება, იგი ამას გამოიყენებს, ამ შემთხვევაში ქვეყნის ინტერესებზე საუბარი სწორია?
- ხოდა ამიტომ ვიხსენებ ისტორიულ ფაქტებს. მაშინაც არ უყვარდათ დამყრობლები, მაგრამ მათთან შეხვედრას საჭიროება მოითხოვდა ქვეყნიდან გამომდინარე. ისინი თავსაც კი სწირავდნენ მტერს, რომ საქართველო გადაერჩინათ.
- თქვენ ფიქრობთ, რომ ზურაბ ნოღაიდელი ოდესმე დიმიტრი თავდადებულივით მოიქცევა?
- არა, ეს არ წარმომიდგენია. ახლა თავის დადება მოდაში აღარ არის. ამგვარი შეფასებები კიდევ უფრო დააპირისპირებს საზოგადოებას. ვკითხოთ ამ ადამიანებს, რატომ ჩავიდნენ მოსკოვში და რაზე ესაუბრნენ პუტინს, იქნებ საერთოდ არ ყოფილა ტანკების შემოსვლაზე საუბარი?
ნოღაიდელი ამბობს, რომ ძირითადად ლაპარაკი იყო ემბარგოს მოხსნაზე და ა.შ. მე სასაცილოდ მიმაჩნია, რომ ამხელა მეზობელი გყავდეს გვერდით და შენ ისე იქცეოდე, თითქოს ის საერთოდ არ არსებობს. ეს არის ძალიან ბეცი პოლიტიკური აზრი.
მეტისმეტი იმედები დასავლელ პარტნიორებზე მცდარია, არც ერთი ქვეყანა - არც შეერთებული შტატები და არც რომელიმე ევროპული სახელმწიფო მესამე მსოფლიო ომს ჩვენი გულისთვის არ დაიწყებს.
ჩვენ მაგალითები გვაქვს არცთუ შორეული წარსულიდან, ფაქტობრივად, რუსეთმა მოახდინა მთელი ჩეჩენი ერის განადგურება, ამაზე ვინმემ ხმა ამოიღო? საუბედუროდ, მსოფლიოში არსებობს გავლენების გადანაწილების სფერო. რუსეთი ხომ ვერ ჩაერევა ამერიკის პოლიტიკაში ავღანეთში?
შესაბამისად, არც ამერიკას მისცემს უფლებას ჩაერიოს საქართველოსთან დაკავშირებით. ჩემთვის არც ამერიკაა იდეალი, არც ევროპა და რა თქმა უნდა, არც რუსეთი, მაგრამ გავლენის სფეროები მათ განაწილებული აქვთ.
შეიძლება მეც მიწოდონ მოღალატე, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ყველაზე გონიერი არის არა დამორჩილება, არა მათ ვასალად გადაქცევა და საბჭოთა კავშირში დაბრუნება, არამედ მათთან ურთიერთობის მოგვარება.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორსაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100