სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერაბიშვილი სამეგრელოში სამალავის აღმოჩენის ფაქტს ციხიდან გამოეხმაურა

საქართველოს ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში ე.წ. სამალავის აღმოჩენის ფაქტს გამოეხმაურა. მერაბისვილის პოზიცია მის ფეისბუქ გვერდზე დღეს გამოქვეყნდა. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის განცხადებას droni.ge უცვლელად გთავაზობთ

„გუშინ, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სამეგრელოში ე.წ. სამალავში აღმოჩენილი ადამიანის წამების და არასათანადო მოპყრობის კადრები გადაღებულია ჩემი მინისტრობის დროს და წარმოადგენს წინა ხელისუფლების სისტემურ დანაშაულს. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მსგავსი პოლიტიკური განცხადების გაკეთებამდე ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი ვალდებულია დაელოდოს გამოძიების შედეგებს. თუმცა, ცალსახა არის, რომ ყველა იმ ადამიანმა, ვინც მონაწილეობდა აღნიშნულ მძიმე დანაშაულში კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი.

მინდა შევახსენო საზოგადოებას და დღევანდელ ხელისუფლებას, რომ 2003 წლამდე, პოლიციის განყოფილებებში "სამართალდამცველთა" მხრიდან მოქალაქეებისადმი მსგავსი მოპყრობა ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო. რეფორმების დაწყებისთანავე ჩვენ ამ პრაქტიკის წინააღმდეგ მთელი რიგი ეფექტური ნაბიჯები გადავდგით, რამაც პრაქტიკულად აღმოფხვრა მსგავსი შემთხვევები. დაკავებულების წამების, მათზე ფიზიკური ზემოქმედებისა და სხვა მსგავსი დარღვევების გამო, ჩემი მინისტრობის დროს, განსაკუთრებით რეფორმის პირველ წლებში, 200-ზე მეტი პოლიციელი დაისაჯა. აღნიშნულის გამო მიმაჩნია, რომ თუ უკანასკნელ წლებში, რამე მსგავს შემთხვევას ჰქონდა პოლიციაში ადგილი, ეს წარმოადგენს ცალკული პიროვნებების თვითშემოქმედებას და მას არ ჰქონდა სისტემური ხასიათი.

შესაბამისად, ნებისმიერი სპეკულაცია მსგავსი ფაქტების სისტემურ ხასიათთან დაკავშირებით წარმოადგენს წინა ხელისუფლების და პირადად ჩემს წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნის გაგრძელებას. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, მე ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას ყველა იმ წარმატებასა თუ შეცდომაზე რაც ჩემი მინისტრობის დროს გვქონდა, ისევე როგორც დღევანდელ ხელისუფლებას მოუწევს საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა ყველა იმ წარმატებასა თუ შეცდომაზე რომელიც მათ ექნებათ.“ - ნათქვამია მერაბისვილის განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100