საქართველოში რევოლუციური კონსტიტუციური პროექტი მომზადდა
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ თავისი მუშაობა უკვე დაასრულა და შემოდგომაზე პარლამენტი მუხლობრივად დაიწყებს კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვას. მანამდე კი ეს პროექტი უცხოელმა კონსტიტუციონალისტებმა განიხილეს და გარკვეული რეკომენდაციებიც შესთავაზეს ქართულ მხარეს. ამის შედეგად გვაქვს პროექტი, რომელიც სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთობას ისე არეგულირებს, რომ ავტორიტარული რეჟიმის წარმოქმნის საფრთხე მინიმუმამდეა დასული. "დრონი.ჯი" ამ თემაზე საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, ავთანდილ დემეტრაშვილს ესაუბრა:
– რა ეტაპზეა ახლა საკონსტიტუციო პროექტზე მუშაობა?
– რა ეტაპზეა ახლა საკონსტიტუციო პროექტზე მუშაობა?
– დასრულდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა, დარჩა მხოლოდ დროის პატარა მონაკვეთი, კონსტიტუციური რეფორმა გრძელდება. პროექტი გადაცემული ჰქონდა პრეზიდენტს, პრეზიდენტმა შეიტანა პარლამენტში. პარლამენტში ერთთვიანი განხილვები გაგრძელდება, რის შემდეგ დადგება მისი მიღების საკითხი.
– რა ცვლილებები შევიდა ამ პროექტში ბერლინის კონფერენციაზე?
– ბერლინში იყო საერთაშორისო კონფერენცია, "კონსტიტუციური რეფორმა საქართველოში", რომლის ორგანიზატორი იყო გერმანული მხარე, საქართველოდან მასში მონაწილეობდა კომისიის ოცი წევრი, ასევე იყო ათი საერთაშორისო ექსპერტი ამერიკიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან. ძირითადი საკითხი იყო საბაზისო პროექტის განხილვა, რომელიც მივიღეთ 11 მაისს, გადაეგზავნა ის ვენეციის კომისიას, მიმდინარეობდა საბაზისო პროექტის მუხლობრივი განხილვა. ყველაფერი მოვასწარით.
– რა შენიშვნები ჰქონდათ უცხოელებს და რა გაიზიარეთ?
– შენიშვნები ეხებოდა პრეზიდენტის როლს საგარეო პოლიტიკაში, ორგანულ კანონთან მიმართებაში, პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადების პროცედურას, კონსტიტუციის გადასინჯვის წესთან დაკავშირებითაც ჰქონდათ თავისი რემარკები.
– კონკრეტულად რა რეკომენდაციები გაიზიარეთ?
– მათ მიაჩნდათ, რომ ორგანული კანონის ამოღება სამართლებრივი სივრციდან არ არის გამართლებულიო. მათი აზრით, ორგანული კანონი არეგულირებს უფრო მეტად მნიშვნელოვან საკითხებს იმასთან შედარებით, რასაც არეგულირებს ჩვეულებრივი კანონი. იყო წინადადება, თუ მაინცდამაინც ზოგიერთი ორგანული კანონი მიგაჩნიათ არამნიშვნელოვნად, მაშინ ამოიღეთ ის და დატოვეთ დანარჩენებიო. ჩვენ ეს პოზიცია არ გავიზიარეთ, ვინაიდან ძნელია გაარკვიო, რომელია უფრო მნიშვნელოვანი, მოქალაქეობის შესახებ კანონი თუ სისხლის ან სამოქალაქო კოდექსი, რომელიც არაორგანული კანონებია.
გავითვალისწინეთ მათი მოსაზრებები პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკურ როლთან დაკავშირებით. მათ მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლად ხელშეკრულებების დადების, საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოების უფლება. ეს უნდა იყოს შეთანხმებული მთავრობასთან და წარედგინოს სარატიფიკაციოდ პარლამენტს. ამაზე დავა არ იყო, ჩვენ არც წაგვირთმევია პარლამენტისთვის ეს უფლებები. მწვავედ მიმდინარეობდა განხილვა ე.წ. უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის თაობაზე. ეს არის პარლამენტის უფლება, უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას მხოლოდ ახალი მთავრობის, ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევით. მათ მიაჩნდათ, რომ თუ პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მის მიერ არჩეულ მთავრობას და უნდობლობა გამოუცხადა არსებულ მთავრობას, პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს პარლამენტის დათხოვნის უფლება, რაც ჩვენ გვეწერა თავდაპირველ ვარიანტში. ჩვენ კომპრომისული ვარიანტი მივიღეთ, დავეთანხმეთ მათ მოსაზრებას.
– ახალი პროექტით, როგორც ჩანს, პრეზიდენტის უფლებები შეზღუდულია და მნიშვნელოვან საერთაშორისო ხელშეკრულებებს პრეზიდენტი ხელს ვერ მოაწერს, თუ მას პრემიერმაც არ მოაწერა ხელი. ეს როგორ არის დარეგულირებული?
– ახალი პროექტით, როგორც ჩანს, პრეზიდენტის უფლებები შეზღუდულია და მნიშვნელოვან საერთაშორისო ხელშეკრულებებს პრეზიდენტი ხელს ვერ მოაწერს, თუ მას პრემიერმაც არ მოაწერა ხელი. ეს როგორ არის დარეგულირებული?
– პრემიერ-მინისტრმა კი არ უნდა მისცეს თანხმობა, არამედ მთავრობამ. ჩვენ ყველგან ვცდილობდით წინ არ წამოგვეწია პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. მოლაპარაკებებსა და ხელშეკრულებებზე თანხმობას კოლექტიურად იღებს მთავრობა და არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრი. მთავარია ვის უცხადებს ნდობას პარლამენტი. მთავრობის ფორმირება აქამდე ასე ხდებოდა – პრეზიდენტმა ერთხელ, მეორედ წარუდგინა პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა, მერე კი პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს, ახლა პრეზიდენტს აღარ ეკითხება, ვინ უნდა იყოს მთავრობაში. ამას არეგულირებს პარლამენტი.
– რა შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას სახელისუფლებო კრიზისი?
– იმ შემთხვევაში, თუ შეიქმნა პოლიტიკურ ძალთა ისეთი კონფიგურაცია, რომ შეუძლებელი ხდება სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბება. მაგალითად ჩატარდა არჩევნები, ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა უმრავლესობა. ან შეიძლება ვერ შეიქმნას ისეთი კოალიცია და ვერ შეთანხმდნენ ერთმანეთში პარტიები, რომ შეიქმნას უმრავლესობა. ეს უკვე კრიზისია. ამ ვითარებაში თუ უკვე დაიწყო მთავრობის ფორმირება, და უუნარო პარლამენტი აღმოჩნდა, პრეზიდენტმა უნდა დაითხოვოს ასეთი პარლამენტი. მეორე უნდობლობის კონსტრუქციულ ვოტუმს ეხება. უნდობლობა გინდ გამოუცხადო მთავრობას, მაშინ უნდა აირჩიო ახალი მთავრობა. თუ არა გაქვს ამის შესაძლებლობა, მაშინ რატომ წამოიწყე ეს უნდობლობის ვოტუმი?
– კომისიაში თქვენს პროექტს ჰყავდა ოპონენტები. რატომ არ მისცეს ხმა ამ პროექტს კენჭისყრის დროს?
– ჯონდი ბაღათურია და თამარ ხიდაშელი თვლიდნენ, რომ არასაკმარისად არის დამუშავებული პროექტი. თამარი მიიჩნევდა, რომ ბერლინის კონფრენციაზე იყო გამოთქმული შენიშვნები, რომელზეც უნდა გაგრძელდეს მუშაობა. ლევან რამიშვილს საპრეზიდენტი მოდელი უნდოდა, მან ეს პროექტი თავის დროზე წარმოადგინა, ეს იყო ამერიკული მოდელი, სადაც არის ძლიერი პრეზიდენტი, ძლიერი პარლამენტი და უფრო ძლიერი სასამართლო ხელისუფლება. კომისიის წევრთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ამ პროექტს. ჩვენ უკვე გავიარეთ საპრეზიდენტო მოდელი, 2004 წლამდე გვქონდა, მაგრამ ეს არ იყო ამერიკული მოდელი, ეს იყო დეფორმირებული ამერიკული მოდელი. ეს მოდელი თითქმის ყველგან გადაიზარდა ავტორიტარულ საპრეზიდენტო რეჟიმში.
ამ მოდელს სჭირდება შესაბამისი გარემო, იგი ეფექტური და სამართლიანია მხოლოდ ფედერალურ სახელმწიფოში. ორპალატიანი პარლამენტი უნდოდა, ამის მომხრე მეც ვიყავი, ფედერალიზმზე არავინ თანხმდებოდა, ვიდრე არ იქნებოდა რეალური შეთანხმებები აფხაზეთისა და ცხინვალის ოლქის სტატუსის თაობაზე.
– არის ოპოზიციის ეჭვები, რომ თქვენი პროექტი სააკაშვილის გაპრემიერებას უჭერს მხარს და მორგებულია ერთ ადამიანზე. რას უპასუხებთ ამასთან დაკავშირებით თქვენს ოპონენტებს?
– ძლიერდება არა პრემიერ-მინისტრი, არამედ მთავრობა. მეორეც, ეჭვობენ და ამას პუტინიზაციას უწოდებენ, გია ცაგარეიშვილმა დაწერა, თითქოს პუტინიზაციის პროცესი დაიწყო. დიდ პატივს ვცემ მას, მაგრამ ეს როგორ თქვა, გამიკვირდა. ამ სისტემაზე ვმუშაობდი 1994 წლიდან, გამოდის, რომ ამ წლიდან დავიწყე სააკაშვილისთვის ამ პროექტის მომზადება. 1994 წელს ვიყავი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი, ასეთი პროექტი იყო შედგენილი. ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევაა აუკრძალო ნებისმიერს პრემიერმინისტრობის სურვილი. ოპოზიცია წინასწარ, ორი წლით ადრე ამბობს, რომ წააგებს არჩევნებს და მიხეილ სააკაშვილი გახდება პრემიერ-მინისტრი.
ამიტომ, რა გამოდის, უნდა ჩავწეროთ კონსტიტუციაში, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება იყოს პრემიერ-მინისტრი და შალვა ნათელაშვილი უნდა იყოს, ვთქვათ, პრეზიდენტი. ასეთი რაღაცა არ იწერება კონსტიტუციაში. მოემზადონ პოლიტიკური ორგანიზაციები არჩევნებისთვის, მოიგონ არჩევნები და ვთქვათ, გახდება გია ცაგარეიშვილი პრემიერ-მინისტრი, ალასანია კი პრეზიდენტი. საქართველოში ამ პროექტით დემოკრატია უფრო განვითარდება, ამის დიდი იმედი მაქვს.
კომენტარი