სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

16 ივლისი - სიყვარულის დღე საქართველოში

1981 წლიდან მოყოლებული, საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებლები ყოველი წლის 16 ივლისს სიყვარულის დღეს აღნიშნავენ.

ამ დღეს ყაზბეგის რაიონში, ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარე გერგეტის მონასტერში საზეიმო წირვა-ლოცვა ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად სოფელ გერგეტში უამრავი მორწმუნე იყრის თავს, თბილისელების უმრავლესობას მართლმადიდებლური სიყვარულის დღის შესახებ არაფერი სმენია. რატომ მაინცდამაინც 16 ივლისს აღნიშნავენ საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებლები სიყვარულის დღეს?

გერგეტის წმინდა სამების ტაძარი ყაზბეგის რაიონში, ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე, მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსი მეთოთხმეტე საუკუნეშია აგებული, თუმცა კომუნისტების მმართველობის პერიოდში, თუ არ ჩავთვლით გასული საუკუნის ოთხმოციან წლებს, იქ წირვა მრავალი ათეული წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის ეპისკოპოსის მეუფე პეტრეს თქმით, სასწაული 1981 წლის 16 ივლისს მოხდა, როცა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გერგეტის წმინდა სამებაში წირვა აღასრულა:

[მეუფე პეტრეს ხმა] „ამ წირვის შემდეგ იმდენად დიდი იყო განცდა სიხარულისა, ღმერთთან სიახლოვისა, როგორც მისმა უწმინდესობამ ბრძანა, ასეთი სიახლოვეო ღმერთთან არასოდეს მიგვრძნიაო და მოდით, ეს დღე დავაწესოთ სიყვარულის დღესასწაულადო და დავარქვათ სიყვარულის დღე, რამეთუ ღმერთი არის სიყვარული, როგორც იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს.“

მეუფე პეტრეს თქმით, 1981 წლიდან მოყოლებული, საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებლები სიყვარულის დღეს ყოველი წლის 16 ივლისს აღნიშნავენ, თუმცა ბევრ თბილისელს რატომღაც მართლმადიდებლური სიყვარულის დღის შესახებ არაფერი სმენია.

როგორც წესი, 16 ივლისს, ანუ სიყვარულის დღეს, გერგეტის სამებაში წირვას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი აღასრულებს ხოლმე. თუმცა, როგორც მეუფე პეტრე ბრძანებს, წლევანდელ გერგეტობაში, მოუცლელობის გამო, ილია მეორე მონაწილეობას ვერ მიიღებს. საზეიმო ლიტურგია კი 16 ივლისს დილის 10 საათზე დაიწყება და მას სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსი, მეუფე პეტრე აღასრულებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100