ხობის ფესტივალს საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრება
საერთაშორისო ფესტივალი ,,სიმღერა სამეგრელოზე“ 17–18 სექტემბერს ხობში გაიმართება. ფესტივალის მიზანი ქართული ფოლკლორის წარმოჩენა და ძველი კორიფეების პოპულარიზაცია. ღონისძიებას დაესწრებიან უცხოელუ სტუმრები. ფესტივალს სულ 1500 სტუმარი ეყოლება, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მთავრობის წევრები. ფესტივალი ხობის სტადიონზე გალა კონერტით დაიხურება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი ,,რუსთავი,“ ბოშათა ანსამბლი ,,რადანიკი,“ ასევე ზურაბ სოტკილავა, დათო ხუჯაძე, ელიზა და ტემურ ბოჯგუები, ევროვიზიის ფინალისტი ევა რივასი, ჯგუფ ,,მონომახის“ სოლისტი ვასილ აკიმოვი, უკრაინელი მომღერალი მირიან შაშენკო, ბელორუსი მომღერალი ალესია დუბროვა, დიანა დიეზი. ღონისძიების ფარგლებში იგეგმება ფესტივალისადმი მიძღვნილი 22 ახალი სიმღერის პრეზენტაცია.
ღონისძიების ფარგლებში აღინიშნება ფოლკლორული ანსამბლ ,,გორდელას“ დაარსებიდან 50 წლის იუბილე, გამოიცემა წიგნი გომარ სიხარულიძის ავტორობით, მზადდება დისკი, სადაც ანსამბლის მიერ შესრულებული 33 სიმღერაა თავმოყრილი.
ასევე, ჩატარდება ლეგენდარული ფეხბურთელების - ვლადიმერ ბარქაიას, მურთაზ ხურცილავასა და გიორგი სიჭინავასადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება მათივე მონაწილეობით. ფესტივალზე მიწვეულნი არიან ქართველი და უცხოელი ფეხბურთელები, გამოიცემა წიგნი დავით ქლიბაძის ავტორობით. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ახალგაზრდა ფოლკლორისტთა და მუსიკათმცოდნეთა სამეცნიერო კონფერენცია.
აღნიშნული ფესტივალის ორგანიზატორები არიან განათლების, კულტურის და სულიერების აღორძინების საერთაშორისო საქველომოქმედო ფონდი ,,ხობი“, ქართული ხალხური სიმღერების ცენტრი, სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაცია სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხობის რაიონის საკრებულო და მუნიციპალიტეტი.
ფესტივალის პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნვეყოფს პირველი არხი.
შეგახსენებთ, რომ 2003 წელს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ,,ხობის“ პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, ბატონ გოდერძი ბუკიას თაოსნობითა და ხელშეწყობით, დაფუძნდა საერთაშორისო ფესტივალი „სიმღერა სამეგრელოზე,“ რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება ქალაქ ხობში.
ფონდთან ერთად ფესტივალის ორგანიზატორები არიან ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი და მისი ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხობის რაიონის საკრებულო და გამგეობა.
ხობის ფესტივალმა იმთავითვე მიიპყრო ქართული სასიმღეროOფოლკლორით დაინტერესებული საზოგადოების ყურადღება. ქართულ ანსამბლებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, ფესტივალში სისტემატიურად მონაწილეობენ რუსეთის, აშშ-ს, საფრანგეთის, გერმანიის, ჰოლანდიის, ავსტრიის, კანადის, ნორვეგიის, ბელგიის, თურქეთის, ირლანდიის, ავსტრალიის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.
ხობის ფესტივალში მონაწილე კოლექტივებისა და სტუმრების რაოდენობის ყოველწლიური ზრდა კი უცილობლად მეტყველებს მის პოპულარობაზე.
კომენტარი