სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზური მხარე: საქართველოს პატრიარქი აფხაზეთში ვერასდროს ჩამოვა

„მიუხედავად იმისა, რომ სრულიად გასაგებია პატრიარქ კირილის მიერ ამჟამინდელ საეკლესიო საზღვრებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეკლესიების მიჩნევა საქართველოს ეკლესიის კანონიკურ საზღვრებში მდებარე დაწესებულებებად, აფხაზეთი უკვე აღარ არის საქართველოს ტერიტორია და საქართველოს ეკლესიის მეთაურის ვიზიტი აფხაზეთის ტერიტორიაზე აბსოლუტურად გამორიცხულია“, – განუცხადა „რეგნუმ.რუ“–ს აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების ერთ–ერთმა წარმომადგენელმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

მან დაამატა, რომ აფხაზეთში ყველას ახსოვს საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის პოზიცია ქართულ–აფხაზური საომარი კონფლიქტის დროს, როცა მან თითქმის აკურთხა აფხაზეთში საქართველოს შეჭრა და განაცხადა: „ნებისმიერს, ვინც მოკლავს ქართველს, არა აქვს უფლება, იცოცხლოს (აფხაზ მარიონეტს ეშლება, რადგან მსგავსი რამ პატრიარქს არასდროს უთქვამს. შესაძლოა, „რეგნუმ.რუ“–ს რესპოდენტს მხედველობაში აქვს მანიფესტი, ე.წ. „შავი წიგნი“, სადაც უნდა შესულიყო ყველა მკვლელის ვინაობა და რომლის თანახმადაც, პატრიარქის განჩინებით, შეჩვენებული უნდა ყოფილიყო ყველა ქართველი, ვინც ქართველს მოკლავდა. – „დრონი.ჯი“–ს რედ. შენიშვნა)“.

„ამასთანავე,“ – აგრძელებს რესპოდენტი, – „ერთ დროს პატრიარქი მსახურობდა აფხაზეთში და ჩვენ კარგად ვიცით ყველა ის საქმე, რასაც იგი აქ აკეთებდა“.

უფრო ადრე „რეგნუმ. რუ“ იტყობინებოდა, რომ კიევში, რუსეთის პატრიარქ კირილთან საქართველოს პატრიარქის შეხვედრის დროს, რომელიც ივლისის ბოლოს შედგა, ორი ეკლესიის მეთაურმა აფხაზეტში ილია მეორის ვიზიტის დეტალები განიხილა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100