საგარეჯოში სროლის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ
საგარეჯოში სროლის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ პოლიციელ ოთარ ღვინაშვილს, თბილისიდან მშობლიურ სოფელ პატარა ჩაილურში გადაასვენებენ. რაც შეეხება კიდევ 4 ახალგაზრდას, ზაქრო მათიაშვილს სოფელ გაღმა უბანში დაასაფლავებენ, დათო ნასრაძეს საგარეჯოში, ნოდო რჩეულიშვილს თბილისში დაკრძალავენ, ზაზა ჩიხლაძეს კი სოფელ ჩაილურში ხუთშაბათს გადაასვენებენ. 19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ქუჩაში მყოფ ხალხს, ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. დაღუპულთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ახალგაზრდაა, ერთი კი შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო, თავდაცვის სამინისტროში 2006-2021 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც.
კომენტარი