კადაფის ვაჟები ტყვედ ჩავარდნენ, პრეზიდენტის არმიამ კი კაპიტულაცია გამოაცხადა (განახლებადი)
განახლებულია: 09:42
"ბი-ბი-სი"-მ ამ წუთებში გაავრცელა ცნობა, რომ ამბოხებულებმა ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიის შენობა აიღეს. შენობაში შეჭრის მომენტში იქ თანამშრომელთა მხოლოდ ნაწილი იყო დარჩენილი - ტელევიზია მუამორ კადაფის რეზიდენციის სიახლოვეს მდებარე სასტუმროდან მაუწყებლობს მას შემდეგ, რაც ტრიპოლის შტურმი დაიწყო. ამ დროისთვის ამბოხებულები ცდილობენ, მაუწყებლობა ჩართონ და ქვეყნის მოსახლეობას აცნობონ, რომ კადაფის ერთ-ერთი მთავარი ფორ-პოსტი დაეცა. ლიბიის სახელმწიფო ტელევიზია სწორედ იმ, სამთავრობო კვარტალთან მდებარეობს, რომელსაც, ჯერჯერობით ისევ კადაფის მომხრე გვარდია აკონტროლებს.
განახლებულია: 08:30 სთ.
22 აგვისტოს დილის მონაცემებით, აჯანყებულები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ ტრიპოლის ცენტრში მდებარე მუამორ კადაფის რეზიდენციის აღებას. კვარტალში, სადაც რეზიდენცია მდებარეობს, შეტაკებები გრძელდება. „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი, რომელიც სწორედ ამ კვარტალში მდებარე სასტუმროს ნომერში იმყოფება, იუწყება, რომ ტერიტორიას კადაფის მომხრე გვარდია აკონტროლებს და რომ სწორედ ამ სასტუმროდან მაუწყებლობს ლიბიის სახელმწიფო ტელევიზა. ამბოხებულებმა უკვე აიღეს სახელმწიფო რადიომაუწყებლობის შენობა.
მთელი ღამის განმავლობაში პოლკოვნიკმა კადაფიმ სამჯერ მოუწოდა ტრიპოლის მცხოვრებლებს, აიღონ იარაღი და დაიწყონ დედაქალაქის გაწმენდა, თუმცა, ტრიპოლის მოსახლეობის უმრავლედობა ხალისით შეხვდა დედაქალაქში შემოსულ ამბოხებულებს. ერთ-ერთი ვერსიით, კადაფის მომხრე შეიარაღებულთა იმ ჯგუფის ლიდერი, რომელსაც დედაქალაქის დაცვა ევალებოდა, თვითონ გაუძღვა ამბოხებულებს და ობიექტები უბრძოლველად გადააბარა, ეს კი სისხლისღვრის თავიდან აცილების სურვილით ახსნა.
ამ დროისათვის დაუდგენელია მუამორ კაფდაფის ზუსტი ადგილსამყოფელი. სამაგიეროდ, დადგენილია, რომ მისი ორივე ვაჟი დაკავებულია. საიფ ალ-ისლამ კადაფი, რომელიც შეიარაღებულ გვარდიას ხელმძღვანელობდა, ამბოხებულებმა ჯერ კიდევ დედაქალაქის ცენტრისთვის წარმოებული ბრძოლების დასაწყისში ჩაიგდეს ხელთ. მოგვიანებით, ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ ოფიციალურად დაადასტურა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ. დღეიდან უკვე დაიწყება მოლაპარაკება ამბოხებულებთან, ჰააგის სასამართლოსთვის კადაფის უფროსი ვაჟის გადაცემის შესახებ.
სხვაგვარად წარიმართა პოლკოვნიკ კადაფის უმცროსი ვაჟის, მუჰამედ კადაფის ბედი. ის „ალ ჯაზირას“ პირდაპირ ეთერში აძლევდა ინტერვიუს, როცა გარეთ სროლის ხმა ისმოდა. მუჰამედ კადაფიმ განაცხადა, რომ ამ წუთებში სწორედ მას უტევდნენ. ინტერვიუ შეწყდა, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, მუჰამედ კადაფი სროლის დროს არ დაშავებულა. მოგვიანებით ამბოხებულებმა გაავრცელეს ცნობა, რომ მუჰამედ კადაფი მათ საკუთარი სურვილით ჩაბარდა. მისი ადგილმდებარეობა, მისივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ამბოხებულებმა გაასაიდუმლოვეს.
22 აგვისტოს დილით, სპეციალური განცხადება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ. მისი თქმით, ტრიპოლისა და ლიბიას კადაფი ვერ აკონტროლებს და აუცილებელია, მუამორ კადაფიმ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთოს, რათა შემდგომი სოსხლისღვრა თავიდან იქნას აცილებული. მან დროებით საბჭოს შეახსენა, რომ საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე, რათა არ დაუშვან მსხვერპლის გაზრდა და რომ უნდა იქნას დაცული ადამიანის უფლებები, ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქესთან მიმართებაში.
განახლებულია: 04:07 სთ.
ლიბიის დედაქალაქს მთლიანად ამბოხებულები აკონტროლებენ. მათ ალყაში მოაქციეს სამთავრობო კვარტალი და წუთი-წუთზე გადამწყვეტი იერიშის მიტანას აპირებენ. ხალხი ქუჩაშია გამოსული. დაიწყო მაღაზიების მასობრივი ძარცვა. ქუჩებში წვავენ მუამორ კადაფის პორტრეტებს.
დროებითი გარდამავალი საბჭო ავრცელებს განცხადებას, რომ მუამორ კადაფის მეორე ვაჟი, მუჰამედ კადაფი ამბოხებულებს ჩაბარდა. მისი ადგილსამყოფელი ისევე გასაიდუმლოებულია, როგორც ლიბიის ლიდერის კიდევ ერთი ვაჟის - სეიფ ალ-ისლამ კადაფის ადგილმდებარეობა. მემაბოხეთა მიერ შექმნილი გარდამავალი საბჭოს ცნობით, ამ წუთებში სეიფ ალ-ისლამის დაკითხვა მიმდინარეობს.
რამდენიმე წუთის წინ მუამორ კადაფის აუდიომიმართვა გავრცელდა. ლიბიის ლიდერი ტრიპოლის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ შეიარაღდნენ, ქუჩაში გამოვიდნენ და "დედაქალაქი გაწმინდონ ამბოხებულებისგან", - ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იტყობინება.
კადაფიმ მიმართვაში თქვა, რომ "ტრიპოლსა და ლიბიაში არაფერი ესაქმებათ კოლონიალიზმის აგენტებს.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით კი, კადაფიმ მზადყოფნა გამოთქვა, დროებითი გარდამავალი საბჭოს თავმჯდომარესთან პირისპირ მიჯდეს მოლაპარაკების მაგიდას.
ლიბიაში მიმდინარე მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებიც ეხმაურებიან. მათგან ერთ-ერთი პირველი საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზია, რომელმაც მოუწოდა მუამორ კადაფის, დატოვოს თანამდებობა. ცნობილი გახდა ამბოხებულთა პოზიციაც: ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებენ ცეცხლის შეწყვეტას, თუ კადაფი გადადგება.
ლიბიის გარდამავალი საბჭოს თავმჯდომარემ, მუსტაფა აბდელ ჯალილმა „ალ ჯაზირასთან“ ინტერვიუში სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ამბოხებულებმა ტყვედ ჩაიგდეს მუამორ კადაფის „ლეგენდარული“ ვაჟი - სეიფ ალ-ისლამ კადაფი, რომელიც სამთავრობო ძალებს ხელმძღვანელობდა.
აბდელ ჯალილის თქმით, ჯერჯერობით არ ხმაურდება ალ-ისლამ კადაფის ადგილსამყოფელი, მისივე უსაფრთხოების გამო. „ჩვენ გვეშინია, რომ მასზე შურს იძიებენ და ამიტომაც, ადგილსამყოფელს ვასაიდუმლოებთ“, - თქვა მან.
„ალ კაზირასა“ და „ალ არაბიაზე“ დაყრდნობით „როიტერმა“ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კადაფის არმიამ ტრიპოლში კაპიტულაცია გამოაცხადა, ბრიტანული ტელეკომპანია Sky TV კი იუწყება, რომ ტრიპოლში ადგილობრივები ოვაციებითა და ყიჟინით შეხვდნენ დასავლეთიდან შემოსულ ამბოხებულებს და მათთვის არც მოსახლეობას, არც კადაფის არმიას წინააღმდეგობა არ გაუწევია.
"როიტერის" ვიდეოსიუჟეტი ტრიპოლის მიმართულებით დაძრული ამბოხებულებისა და ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში შეიარაღებული ტელეწამყვანი ქალის გამოჩენის შესახებ.
კომენტარი