ვისაც სჯერა, ნუ უხერგავთ გზას „ზილით“ ანუ ოქრონარევი ღალატი
არც საქართველოსა და არც სხვა ქვეყნის ისტორიაში, ალბათ, არ არსებობს მოღალატე, რომელმაც იფიქრა – „მოდი, ახლა სამშობლოს ვუღალატებ!“– და ის გააკეთა, რასაც მაშინვე ან მოგვიანებით ღალატი ეწოდა. ყველა გამცემი თავის ღალატს „სამშობლოს საჭიროებით“ ან სხვა პრაგმატული მოსაზრებით ხსნიდა.
ქართულ პოლიტიკურ სპექტრს სხვადასხვაგვარი რეაქცია ჰქონდა ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნების გეგმებზე, რომელიც დღეს შსს–მ გამოამზეურა. „დრონი. ჯი“ ყოველგვარი კომენტარის გარეშე გთავაზობთ სხვადასხვა პოლტიკური პერსონის კომენტარებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, დავამატებთ, რომ ჩვენი ყურადღება, ძირითადად, ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელთა, მათ შორის, თვითონ „ქართული პარტიის“ სახეების კომენტარებმა მიიქცია:
ეროსი კიწმარიშვილი, „ქართული პარტია“: – „შს სამინისტროს მიერ გავრცელებული მასალები ფალსიფიკაციაა...“
კიწმარიშვილი სერიოზული კომენტარის გაკეთებას არ აპირებს იმაზე, იმყოფებოდა თუ არა 22 მაისს ირაკლი ოქრუაშვილი ვლადიკავკაზში.
"ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლა მართლაც იგეგმებოდა და ამას 24 მაისისთვის ვგეგმავდით. ის საქართველოში ჩვენი მოთხოვნის გამო არ ჩამოვიდა, ამ მოთხოვნის მიზეზი კი ის გარემოება გახდა, რომ იმ მომენტში ვერ დავარწმუნეთ მაშინდელი აქციის ორგანიზატორები იმაში, რომ წარმატება მხოლოდ ერთიანი პოზიციითა და რესურსების გაერთიანების პირობებში იქნებოდა მიღწეული. იმ მომენტში ბურჯანაძე რომ ადეკვატური ყოფილიყო, დღეს ჩვენ სულ სხვა რეალობაში ვისაუბრებდით და საქართველოს სააკაშვილის რეჟიმისგან 1 თვის გათავისუფლებული იქნებოდა",- განაცხადა კიწმარიშვილმა.
ლევან იზორია, „თავისუფალი დემოკრატები“: – „ეს ოქრუაშვილის მხრიდან პირადი ინტერესების სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დაყენება იყო..."
"ეს მასალები არის გამოხატულება იმისა, თუ როგორ შეუძლია პოლიტიკოსს, საკუთარი ამბიციები ქვეყნისა და სახლმწიფოს ინტერესებზე მაღლა დააყენოს. ეს არა მხოლოდ ერთი კერძო პირის - ოქრუაშვილის პრობლემაა, არამედ ზოგადად ამ ხელისუფლების სტილს და პრობლემას წარმოადგენს, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ბატონი ოქრუაშვილი იყო", - ამბობს იზორია.
"თავისუფალი დემოკრატები" ოქრუაშვილის საქართველოში შემოსვლის გეგმასთან დაკავშირებით მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვენ, რომლის შედეგად ამ მტკიცებულებების ავთენტურობა დამტკიცდება.
პეტრე მამრაძე, პარლამენტის წევრი: „შემზარავი ინფორმაცია მოვისმინე, რომელიც სახელმწიფო ღალატის ტოლფასია...“
დეპუტატ პეტრე მამრაძეს ირაკლი ოქრუშვილის გეგმები "სახელმწიფო ღალატად" მიაჩნია.
როგორც მამრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან დღეს "შემზარავი ინფორმაცია მოისმინა, რომელიც სახელმწიფო ღალატის ტოლფასია".
"თუ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მოყვანილი ფაქტები დადასტურდა, დამნაშავეების დასჯა აუცილებელია. ეს შემზარავი ფაქტია, რაც სახელმწიფო ღალატის ტოლფასია. თუ ეს ფაქტები დადასტურდება, დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ" - განუცხადა ჟურნალისტებს მამრაძემ.
დავით ბერძენიშვილი, „რესპუბლიკელები“: – „შეფასებები პოლიტიკოსებმა კი არა, კინომცოდნეებმა უნდა გააკეთონ...“
„რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ შსს-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე შეფასება პოლიტიკოსებმა კი არა, კინომცოდნეებმა უნდა გააკეთონ.
„საქართველოში გვყავს ძალიან კვალიფიციური კინომცოდნეები: გოგი გვახარია, დავით ბუხრიკიძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალები სწორედ მათი შესაფასებელია. მე სერიოზულად არ მიმაჩნია ამ ტიპის საკითხებზე პოლიტიკური კომენტარის გაკეთება", - განუცხადა ბერძენიშვილმა „ჯი-ეიჩ-ენს".
რაც შეეხება უშუალოდ „ქართულ პარტიას" და ირაკლი ოქრუაშვილს, ბერძენიშვილის განმარტებით, მათ მიმართ „რესპუბლიკელების" პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია და მას შსს-ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები ვერ შეცვლის.
„ჩვენი პოზიცია არის მკაფიო. მიგვაჩნია, რომ ოქრუაშვილი არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო კარგი მინისტრი და არც ოპოზიციაში ყოფნის დროსაა კარგი პოლიტიკოსი. ასევე გვახსოვს, რომ ამ გამოქვეყნებული მასალების ავტორები ოქრუაშვილის ვეზირები იყვნენ მრავალი წლის განმავლობაში. ასე რომ, ჩვენს პოზიციებს ეს მასალები არ განსაზღვრავს", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.
მანანა ნაჭყებია: „ოქრუაშვილის მიერ გაკეთებული ცოტა უცნაური განცხადებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მისგან მსგავსი ქმედებები გასაკვირი არც იყოს...
„ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია არ გამორიცხავს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში სწორედ იმ სქემით შემოსულიყო, რომელიც შსს-მ გამოაქვეყნა.
„ოქრუაშვილის მიერ გაკეთებული ცოტა უცნაური განცხადებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მისგან მსგავსი ქმედებები გასაკვირი არც იყოს", - განუცხადა ნაჭყებიამ „ჯი-ეიჩ-ენს".
შსს-ს მიერ დაკავებულთა ჩვენებების მიხედვით, "ქართული პარტიის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 22 მაისს სოფელ ზემო არცევში იმყოფებოდა.
როგორც დაკავებულთა ჩვენებებიდან ირკვევა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 200 რუს სპეცრაზმელთან ერთად მალულად უნდა გადმოსულიყო, ადგილზე კი 20 შეიარაღებული ქართველი უნდა დახვედროდა.
შსს-ს მონაცემებით, აღნიშნულ ჯგუფს პოლიციის საგუშაგო უნდა აეღო, ამ მიზნით კი "ქართული პარტიის" მხარამჭერებს სპეციალური დავალება ჰქონდათ მიცემული, საგუშაგოებზე არსებული სიტუაცია დეტალურად შეესწავლათ.
საგუშაგოს აღების შემდეგ გორში მდებარე სპეცრაზმისა და შიდა ქართლის სამხარეო სამმარეთველოს შენობებზე თავდასხმა იყო დაგეგმილი, ამ გეგმის განხორციელების შემდეგ კი - უკვე თბილისზე შეტევა, რომლის მიზანს ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლა წარმოადგენდა.
ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია სულ 8 პიროვნება, კიდევ 3-ზე კი ძებნაა გამოცხადებული.
დაკავებულებს პროკურატურამ სსკ-ის 223-ე მუხლით (უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნა) ბრალი უკვე წაუყენა.
აქვე გთავაზობთ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მას შემდეგ გავრცელდა, რაც მისი საქართველოში ჩამოსვლა საბოლოოდ ჩაიშალა:
„ძალიან მიმძიმს ეხლა საუბარი. დანა რომ დამარტყან, სისხლი არ გამომივა. უკვე მეორედ ხდება ერთი და იგივე, როდესაც ხელი შემიშალეს საქართველოში დაბრუნებაში. ეს ერთხელ 2009 წლის მაისში მოხდა, როდესაც საქართველოს საზღვართან ვიმყოფებოდი და ეგრეთწოდებულმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ ჩემი საქართველოში დაბრუნება უარყოფითად შეაფასა. ხელისუფლების რიტორიკა, რითაც ხალხს აშინებდნენ, თითქოსდა ცხინვალის გავლით რუსული ტანკებით უნდა დავბრუნებულიყავი და პუტჩი მომეწყო, მყისვე აიტაცა ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა, რის გამოც ოპოზიციის გაერთიანება ჩაიშალა და იმედი მაქვს, ხალხი შესაბამის დასკვნებს გააკეთებს. მათი სურვილია, ეს საქმე ჩემი ხელით გაკეთდეს და ხელი მე შემაწმინდონ, თვითონ კი სუფთა გამოვიდნენ ამ საქმიდან. ამის შემდეგ მე უშუალოდ მივიღებ გადაწყვეტილებებს, სხვების აზრის გათვალისწინების გარეშე. იმას, რაც დღეს ხდება, ერთი სიტყვით ღალატი ჰქვია - ხალხის ღალატი. მათ სინდისზე იყოს იმ ადამიანების ბედი, რომლებსაც მათი საქციელის გამო ხელისუფლება გააუბედურებს. მათთვის პოლიტიკა ბიზნესია და მეტი არაფერი. მე ამ საქმეს ბოლომდე მაინც მივიყვან და თუ ამას ვერ გავაკეთებ, პოლიტიკიდან სამუდამოდ წავალ. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ჩათვალა, რომ გული ვატკინე. არაფერი დამთავრებულა, ყველაფერი წინაა!", - აცხადებდა მაშინ ირაკლი ოქრუაშვილი.
კომენტარი