ბორჯომში იუსტიციის სახლის მშენებლობა იწყება
დღეიდან ბორჯომში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყება, რომელსაც ტენდერით შერჩეული კომპანია „ორნამენტი“ განახორციელებს. ამ ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 1 469 777 ლარი იქნება.
ბორჯომის იუსტიციის სახლი თანამედროვე ობიექტია, რომლის ფართობიც 800 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ბორჯომის ვაგზლის გვერდით, ცენტრალური პარკის მთავარ შესასვლელთან ახლოს განთავსდება. პროექტი ჰარმონიულად ესადაგება გარემოს, ამასთან, ქმნის ინდივიდუალურ და გამორჩეულ სტილს არსებულ განაშენიანებაში. იუსტიციის სახლის ინტერიერი გადაწყვეტილია მოქმედი იუსტიციის სახლების სტილის დაცვით; ქორწინების სახლის და შეხვედრების ოთახი კი ინდივიდუალურია და გამოირჩევა საინტერესო არქიტექტურით, რომელიც შესაბამისობაშია შენობის საერთო არქიტექტურასთან.
ბორჯომის იუსტიცის სახლის არქიტექტურა კომპანია „ოპტიმუსის“ არქიტექტორ გიორგი ხუციშვილს ეკუთვნის. ბორჯომში იუსტიციის სახლის მშენებლობა საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ვიზიტის დროს გადაწყდა. მინისტრის განცხადებით, თანამედროვე სახელმწიფო სერვისები მხოლოდ დიდი ქალაქების მცხოვრებთათვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
ბორჯომის გარდა, 2016 წელს დაგეგმილია იუსტიციის სახლის ახალი ფილიალების გახსნა ლაგოდეხში, მცხეთასა და ახალქალაქში; წელს კი ახალი იუსტიციის სახლები თიანეთსა და ყაზბეგში გაიხსნება. იუსტიციის სახლის კონცეფცია სწრაფი და ეფექტური მომსახურების მიწოდებას წარმოადგენს.
იუსტიციის სახლში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უწყებების სერვისები სისტემურად არის თავმოყრილი და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღოს 400-მდე მომსახურება. ამჟამად იუსტიციის სახლი საქართველოს მასშტაბით 14 ფილიალითაა წარმოდგენილი. ყოველდღიურად თბილისის, გორის, ოზურგეთის, გურჯაანის, თელავის, ქუთაისის, რუსთავის, ბათუმის, ყვარლის, მარნეულის, ახალციხის, ზუგდიდის, მესტიისა და ფოთის იუსტიციის სახლებში მომსახურებას 30 000-მდე მომხმარებელი იღებს.
კომენტარი