სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზეთში "ყვითელი ოქრო" ნაადრევად გაყვითლდა

მთელი ქვეყნის მასშტაბით არნახულად ცხელმა ზაფხულმა აფხაზეთის ტერიტორიაზეც თავისი კვალი დატოვა. კალაპოტდამშრალმა ენგურმა მოსახლეობას ყანების მორწყვაში დამატებითი პრობლემები შეუქმნა. სიმინდის ისედაც მწირი მოსავალი გვალვამ მინიმუმამდე დაიყვანა. გალის რაიონში მცხოვრებ ხანდაზმულ გლეხებს ჯერ არ ახსოვთ შემთხვევა, რომ ყანა ივლისში აეღოთ. "სიცხემ სიმინდის ტაროები იმდენად დააჭკნო, რომ შვილიშვილებს ტარო სამჯერ ვერ მოვუხარშე, – ამბობს 78 წლის ნაბაკევში მცხოვრები გვანჯი ლემონჯარია, – გული მიკვდებოდა, ჩემს ყანას რომ ვუყურებდი, არადა, რამდენი ოფლი მაქვს დაღვრილი: ეს დაბარვა, ეს პირველი გათოხნა, ეს მეორე, მერე გამარგვლა, სასუქის დაყრა... ეჰ, შვილო, როგორც ჩანს, ბუნებამაც გლეხის საწინააღმდეგოდ შეიკრა პირი, სხვას რას უნდა მივაწერო ეს ამბავი?... ამ ხნის კაცი სიცხეში თავს არ ვზოგავდი, სიმინდი რომ მომეყვანა და, როგორც ჩანს, ამ ზამთარს ღომიც სანატრელი გამიხდება".
სდფდსგდფგ
ქალები უფრო მეტად ლობიოსა და სხვა ბოსტნეულის მწირ მოსავალზე დარდობენ. "მთელი ზამთარი ისედაც ღომზე და ლობიოზე ვართ, ყოველთვის ვერ ვყიდულობთ პურის ფქვილს და ამ ზამთარს არ ვიცი, რა გვეშველება, – წუხს გვანჯი ლემონჯარიას მეუღლე, 75 წლის თალიკო, – ბევრი ლობიო დავთესე, პომიდვრის ჩითილები ზუგდიდის ბაზარში მამასისხლად ვიყიდე და დავრგე, კიტრიც მქონდა დათესილი, მაგრამ რად გინდა, მზემ ყველაფერი გააფუჭა, ახლა წამოწვიმა ცოტა, თითქმის მთელი ზაფხული წვეთი არ ჩამოვარდნილა ციდან. პომიდორი იმდენი მომდიოდა, ბაზარში ვყიდიდი კიდეც და საწებელსაც ვამზადებდი ზამთრისთვის, ბავშვებს უყვართ ძალიან. ამ ზაფხულს კი, გაყიდვას ვინ ჩივის, ნორმალურად კიტრი-პომიდვრის სალათა არ მიჭამია, გვალვის გამო კიტრი სულ მწარე იყო და პომიდორი კიდე – მოხარშული. ვფიქრობდი, ცოტას გავიჭირვებ და ზამთრისთვის ბოსტნეულის კონსერვებს მოვიმარაგებ-მეთქი, მაგრამ კონსერვი რით გავაკეთო, ხახვი 3 ლარამდე ავიდა, ზეთს ფული უნდა, ლობიო 4 ლარი ღირს უკვე..."
სდფდსგდფგ
გალის რაიონში მცხოვრები ეს მოხუცი ცოლ-ქმარი არამხოლოდ სიმინდის და ბოსტნეულის მოსავლის სიმცირეს უჩივის. მათ მთავარ და საამაყო შემოსავალს – მანდარინს წელს ძალიან ცუდი პირი უჩანს. ლემონჯარიები ვარაუდობენ, რომ საახალწლოდ მისი ყიდვა ბაზარში მოუწევთ. "ადრე შვილიშვილებს ვუგზავნიდით ზუგდიდში და თბილისში, იმდენი გვქონდა, მათთვისაც გვრჩებოდა და ჩვენც ვაბარებდით. მართალია, იმდენს არ გვიხდიდნენ, რამდენიც ღირდა ბაზარში, მაგრამ ჩვენ მოხუცები ვართ, შვილო, ისიც შეღავათი იყო, აფხაზები რომ სატვირთო მანქანით მოგვადგებოდნენ და 2 ტონა მანდარინი მიჰქონდათ, უზარმაზარი პლანტაცია გვაქვს. თანაც, ჩვენს "გადაგდებას" ერიდებოდნენ, ყოველ ზამთარს ერთი და იგივე კლიენტი გვყავდა, მოსწონდა ჩვენი მანდარინი, ეტყობა, კარგად ასაღებდა, მოიყვანდა ბიჭებს, თვითონ დაკრეფდნენ და მიჰქონდათ. ფულს ხან წინასწარ გვაძლევდნენ, ხან მერე გვიგზავნიდნენ, არ ყოფილა შემთხვევა, რომ მოვეტყუებინეთ, – ამბობს გვანჯი ლემონჯარია, – ჩემი კლიენტი რამდენიმე დღის წინ იყო მოსული, პლანტაციაში გაიარა და, რომ ნახა, რა დღეში იყო ნარგავები, თავში შემოიკრა ხელი, იმდენი ვალები მაქვს, მათ გასტუმრებას ამ მანდარინით ვაპირებდი და ეს რა დამემართაო. სულ გაყვითლებულია მანდარინის ხეები, შვილო, ფოთლები ჩამოაჭკნა. მანდარინი ცოტ-ცოტა ყინვასაც უძლებს და სიცხესაც, მაგრამ ასეთ სიცხეს, აბა, რომელი ნერგი გაუძლებდა?".
სდფდსგდფგ
რა თქმა უნდა, გვანჯი ლემონჯარიას კარ-მიდამო ნაბაკევში გამონაკლისი არ არის. ციტრუსების მოსავლით განთქმულ სხვა სოფლებშიც ანალოგიური სიტუაციაა და არამხოლოდ გალის რაიონში. აფხაზური ადმინისტრაციისთვის ქართველების მიერ მოყვანილი ციტრუსი ყოველ სეზონზე დიდი შემოსავლის წყარო იყო. ის ქართველები, რომლებსაც მიწის, ელექტროენერგიის და სეპარატისტული ხელისუფლების მიერ დაწესებული სხვა გადასახადის გადახდა ფულით არ შეეძლოთ, გადასახადებს კვარტალში ერთხელ ხან თხილით, ხან ციტრუსით იხდიდნენ. ასეთი გარიგება აფხაზებსაც ხელს აძლევდათ, რადგან ამ გზით უფრო მეტ თანხას შოულობდნენ, ვიდრე რეალური გადასახადების მეშვეობით. ამ აღებ-მიცემობას გალის ბევრ სოფელში თითქმის ოფიციალური სახე ჰქონდა მიცემული. ისეთი შემთხვევებიც იყო, რომ ოჯახს გადასახადების დავალიანება უგროვდებოდა, რომელსაც ციტრუსების მოსავლის დროს მთლიანად ფარავდა და ამას აფხაზები არ აპროტესტებდნენ.
ეს ქართული ოჯახები ზამთარში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ციტრუსის მოსავლით რომ თვითონ ვერ იხეირებენ, მედლის ერთი მხარეა, მაგრამ ახლა, ძირითადად, იმაზე დარდობენ, რა უთხრან აფხაზური ადმინისტრაციის მოხელეებს, როცა ისინი დაგროვილი გადასახადების ამოსაღებად მოვლენ. "გავიყვან პლანტაციაში და ვუჩვენებ, რა დღეშიცაა მანდარინი და ლიმონი, მერე სახლშიც შევიყვან და ვაჩვენებ, რომ პური მენატრება და საქონელი შიმშილით მიკვდება. თუ გაიგებს, გაიგებს და, თუ არადა, გავიღეღავ მკერდს, მესროლოს და გამათავოს, ასეთ ცხოვრებას სიკვდილი არ ჯობია?" – გამწარებული კითხულობს მზიურში მცხოვრები კაკო თორია.
სდფდსგდფგ
ჯერ კიდევ კომუნისტების ეპოქაში "ყვითელ ოქროდ" წოდებული ციტრუსის ნაადრევად გაყვითლების შემდეგ, გალში მცხოვრები ქართველებისთვის ერთადერთ ნუგეშად თხილი რჩება, რომელიც შედარებით მედგრად უძლებს სიცივესაც და სიცხესაც. მაგრამ ამ კულტურასთან მიმართებაშიც გალის რაიონში უკვე ახალმა ტენდენციამ იჩინა თავი: გლეხების უმრავლესობას უკვე თითო ძირზე, სავარაუდოდ, დაანგარიშებული თხილიც გაყიდული აქვს, რათა ფული წინასწარ აეღო და ზამთრისთვის სარჩო მოემარაგებინა. თხილის მოსავალიც, გარკვეულწილად, ტენიანობაზეა დამოკიდებული და თუკი გაზაფხულზე თხილი შედარებით ნაკლები მოვიდა, ვიდრე წინა წლებში, გლეხებს უკვე იმაზე მოუწევთ ფიქრი, როგორ დააბრუნონ წინასწარ აღებული ფული. მათმა უმრავლესობამ კარგად იცის, რომ აფხაზური ადმინისტრაციის წევრები, რომლებიც მათი პოტენციური კლიენტები არიან, არცერთ რუბლს არ შეარჩენენ.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100