ზემო ფონიჭალაში დაჭრილი 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა
მკვლელობით დასრულდა ურთიერთშელაპარაკება ქვემო ფონიჭალაში. 15 წლის ახალგაზრდა, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კლინიკა მედ ჯორჯიაში ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა. ექიმის ინფორმაციით, ფონიჭალაში დაჭრილ მოზარდს ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ფონიჭალის პოლიციის განყოფილებაში ინციდენტში მონაწილე პირების და თვითმხილველების დაკითხვა. როგორც არასრულწლოვანი მოზარდების მშობლებმა განაცხადეს, პოლიციამ ისინი განყოფილებაში სახლებიდან წაიყვანა.
მათივე თქმით, ყველა არასრულწლოვანი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მხარდამჭერ კონცერტს ესწრეობდა. პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა ასევე კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შტაბის წევრიც.
თვითმხილველების თქმით, ინციდენტი ახალგაზრდებს შორის ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მხარდამჭერი კონცერტის მსვლელობისას დაიწყო, რის შემდეგაც მათ ტერიტორია ხმაურით დატოვეს. მოგვიანებით კი გაიგეს, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა დაჭრეს.
მსუბუქად დაშავდა კიდევ ერთი მოზარდი. თვითმხილველები ურთიერთშელაპარაკების ზუსტ მიზეზებს ვერ ასახელებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოზარდი კონცერტის პერიმეტრიდან მოშორებით დაჭრეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.
ვიდეო http://rustavi2.com/ka/news/57775
კომენტარი