"კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა... სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი" - რას ჰყვება სოსო ჯაჭვლიანის მდგომარეობაზე მეგობარი?
მსახიობი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი დღე-დღეზე სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრება. როგორც მისი ოჯახის ახლობელი ამბობენ, თურქულ კლინიკასთან მოლაპარაკებები დასრულებულია, ახლა მხოლოდ სამკურნალო თანხის მობილიზებაა საჭირო. როგორც სოსო ჯაჭვლიანის ოჯახის ახლობელმა გვითხრა, სოსოს მდგომარეობა დამძიმებულია, თუმცა დღეს შედარებით უკეთაა, ვინაიდან რამდენიმე დღის შემდეგ დღეს პირველად მიიღო დამოუკიდებლად საკვები. სოსო ჯაჭვლიანის მეგობარი დავით ლორთქიფანიძე: "სოსოსთან ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს. თვეებია, ქართულ-გერმანულ კლინიკაში მკურნალობს და დღეს შედარებით უკეთაა, ვიდრე თვეების წინ იყო. სოსო ამ ხნის მანძილზე სპეციფიკური ვიტამინიზირებული საკვებით იკვებება, ისეთით, რასაც ორგანიზმი აიტანს. თურქულ მხარესთან, ფაქტობრიბვად, დასრულებულია მოლაპარაკება, გადაგზავნილია ყველა კვლევა, კატე, ანალიზები, მას გააკეთებინეს გენეტიკური ანალიზი, რათა უშუალოდ მოხდეს ჩარევა იმ ადგილებში, რაც დაზიანებულია (მთლიანად ორგანიზმის „დაბომბვა“ რომ არ მოხდეს მკურნალობით). სოსო დღე-დღეზე წავა თურქეთში და გააგრძელებს მკურნალობას, რომელიც, როგორც ეუბნებიან, 5 ეტაპადაა დაყოფილი და დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მკურნალობის ყველა ეტაპის შემდეგ შეისვენებს და როცა 5 ეტაპი დასრულდება, გადაუღებენ კატეს, სადაც გამოჩნდება რა ფორმით უნდა გაგრძელდეს მისი მკურნალობა. იმედია, ქირურგიული ჩარევა არ გახდება საჭირო. სოსოს 4-5 თვეა, რაც მკურნალობს ქართულ-გერმანულ კლინიკაში. ადრე მას ჰქონდა კუჭის პრობლემა და გერმანიაში გაიკეთა ოპერაცია, პრობლემა აღარ არსებობდა, იკეთებდა კვლევებს და არსად ჩანდა, რომ ამას გართულება მოჰყვა. 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ, სამწუხაროდ, სიმსივნე აქვს. რაც მთავარია, სოსო მხნედ და იმედიანადაა, ექიმების რჩევა-დარიგებებს იზიარებს და განწყობილია, ბოლომდე იბრძოლოს და სენი დაამარცხოს. ამ დროს განწყობასაც ხომ დიდი მნიშვნელობა და ძალა აქვს. ახლობლები რითაც შეგვიძლია, გვერდით ვუდგავართ. მკურნალობა საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული - ზუსტად არავინ იცის, მაგრამ, მკურნალობას სადღაც 100-150 ათასი დოლარი სჭირდება. სოსოს საახლობლო ამოუდგა გვერდში, თავისი წვლილი შეიტანეს მის გამოჯანმრთელებაში. დანარჩენი, კიდევ მნიშვნელოვანი თანხებია საჭირო და იმედი გვაქვს, ესეც გამოჩნდება. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დროულად მოხდება თანხების მობილიზაცია. თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი, მაგრამ ამ დღეებში შედარებით კომუნიკაბელური გახდა. მთავარია, როგორც აიმედებენ, შედეგი იქნება დადებითი და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ დაემუქრება. ექიმები სოსოს აიმედებენ, რომ ამ სენს დაამარცხებს და წლების მანძილზე კარგად იქნება, ჩვენც, მისი მეგობრები და ახლობლებიც ამას ვიმედოვნებთ, სოსოს უფალი დაეხმარება".
კომენტარი