სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ლელო" - "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან ერთად დასრულდება ადამიანების დევნა

დღეს "ქართული ოცნების" ოფისთან "ლელოს" ქალთა საბჭოს ორგანიზებით აქცია-ბრიფინგი გაიმართა. აქციის მეშვეობით პარტიის ქალი ლიდერები ზუგდიდში "ლელოს" ქალ წევრებზე შანტაჟის და ბოლო დროს პარტიის წევრებზე გახშირებული ზეწოლის ფაქტებს გამოეხმაურნენ.
აქციას “ლელოს” ქალთა საბჭოს ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი, “ლელოს” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანა გალდავა, “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი სოფიო შამანიდი და ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია ესწრებოდნენ.

“ლელოს” ქალთა საბჭოს ხელმძღვანელის, მედეა მეტრეველის თქმით, “ქართული ოცნების” მხრიდან შანტაჟის ფაქტები წლებია, მანკიერ პრაქტიკად იქცა, თუმცა დასჯით არავინ ისჯება. ,,ლელოს’’ ქალთა საბჭო გმობს პირადი ცხოვრებით ადამიანების, ქალების შანტაჟს და დაშინებას, სრულ სოლიდარობას უცხადებს თავის კოლეგებს ზუგდიდში და ასევე ყველა იმ ქალს, ვინც არის და შესაძლოა, მომავალში გახდეს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედების მსხვერპლი, ყოველგვარი პარტიული, თუ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად.

“გრძელდება ,,ლელოს’’ წევრებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა და შანტაჟი. რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ზუგდიდში, ჩვენი პარტიის ქალ წევრებს, რომელთა მონაცემები ცნობილია სამართალდამცავი ორგანოებისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია საჯაროდ დაემუქრა პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გამოქვეყნებით. პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი ,,ოცნების’’ ხელისუფლების ხელში წლებია, მანკიერ პრაქტიკად იქცა და, სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევებზე არასდროს ხდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადეკვატური რეაგირება, ამ დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება და შესაბამისი პირების დასჯა,”-აცხადებს მედეა მეტრეველი.

"ლელოს" ქალთა საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით, პარტია მოითხოვს ლაშა გვასალიას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას.

“მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, საერთაშორისო მისიებს, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება მსგავს ფაქტებზე, რაც აფერხებს საარჩევნო პროცესის თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში ჩატარებას. აქვე გაცნობებთ, რომ „ლელო“-ს ქალ წევრებზე სხვა არაერთი ზეწოლის და დაშინების მცდელობა განხორციელდა, კერძოდ ქ. ოზურგეთში და სამგორის ოლქში, როდესაც ჩვენს წევრ ქალებს და მათი ოჯახის წევრებს დაემუქრნენ სამსახურიდან გათავისუფლებით. პანდემიით გამოწვეულ ურთულეს პერიოდში ადამიანების არჩევანის წინაშე დაყენება და უკანასკნელი შემოსავლის წყაროს დაკარგვით დამუქრება ყოვლად მიუღებელია,”-აღნიშნა მეტრეველმა.

აქციის მსვლელიბისას ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლანა გალდავამ “ქართული ოცნების” შანტაჟი დაგმო და განაცხადა, რომ ხელისუფლება, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებს ასაჯაროვებს, ოქტომბერში დასრულდება.

“ერთხელ და დამუდამოდ შეწყდეს ამ ქვეყანაში შანტაჟი, ის მეთოდები, რაც დღეს გამოიყენეს პირადად ჩემთანაც ისნის რაიონში. ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც ქალებს პირად სივრცეში შეუვარდა და ამ ხელისუფლების პერიოდში მოხდა პირადი ცხოვრების გასაჯაროვება და მათი კადრებით მანიპულირება. ამას კი “ლელო” 31 ოქტომბერს დაასრულებს, ხალხის სასარგებლოდ,”-განაცხადა ლანა გალდავამ.

აქციას ესწრებოდა “ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილიც, რომელმაც მმართველი გუნდიდს მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა და საკუთარი მაგალითი მოიყვანა, როდესაც მასზე ზესტაფონში ფიზიკური ზეწოლა სცადეს.

“ პირადად ჩემზეც სცადეს ზეწოლა ზესტაფონში, ეს არის მოძალადე მთავრობა, რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს ოქტომბერში,”-აცხადებს ანა ბიბილაშვილი.

ჩამოთვლილი ზეწოლის ფაქტების მიუხედავად, „ლელო“აგრძელებს ქალთა საბჭოს გაძლიერებას მთელი საქართველოს მასშტაბით და ეს პროცესი არა მხოლოდ ჩვენი პარტიის დამსახურებაა, არამედ ყველა იმ ქალის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქის, რომელიც ყოველდღიურად გვიერთდება და ნდობას გვიცხადებს სწორედ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ქალების უფლებები იყოს დაცული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100