სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხუთი ამბავი სინგაპურზე და ყატარის ავიახაზებზე

ამბავი I„ყატარის ავიახაზების“ სინგაპურის მედიატურის ბოლო ორი დღე გართობას დაეთმო. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სინგაპურის ტურისტული მომხიბვლელობა იმ უამრავმა ატრაქციონმაც განაპირობა, რომელიც აქ ვნახე. შორიდან ამას ვერც ვიფიქრებდი. არადა, სინგაპურს, აზიის ამ ყველაზე გამორჩეულ კუნძულს, ბუნებრივ და სხვა ტიპის კუნძულებთან ერთად მთავარი კუნძულიც აქვს – ხელოვნურად გაშენებული “სენტოსა”, რომელიც ატრაქციონებისა და სხვა ექსტრემალური გართობის ცენტრია.

ხელოვნურ კუნძულზე ისე მივედით, ვერც მივხვდით, რომ განსაკუთრებულ ადგილას მოვხვდით. უბრალოდ, ავტობუსით ხიდი გადავიარეთ, რომლის პარალელურ ხიდზე მონორელსიანი მატარებელი მოდიოდა, თავზე კი ძალიან გრძელი საბაგირო ხაზი დაგვყურებდა. ჩვენ უკვე მართლა არაფერი გვიკვირდა (იმ მომენტში ასე გვეგონა). კუნძულზე გადასვლისას ავტობუსი გვირაბში შევიდა და მიწისქვეშა პარგინგზე ჩამოგვსვა. გარიმ აგვიხსნა, რომ მანქანები ამ კუნძულზე მხოლოდ მიწის ქვეშ არიან და მთელი გართობა მიწის ზევით ხდება. ჩვენც ლიფტით ავედით “სენტოსაზე” და დავიწყეთ ორდღიანი დაუვიწყარი გართობა!

პირველი რაც ვნახეთ და ვერ გავძეხით ამ სანახაობით, უშველებელი აკვარიუმი იყო, უფრო სწორად “სენტოსას” აკვარიუმების მთელი კომპლექსი. მთელი ნახევარი დღე დავდიოდით ლაბირინთებში და სხვადასხვა ზომის, ფორმის, გარშემოწერილობისა და გაფორმების აკვარიუმში. ყველანაირი თევზი ვნახეთ. ზვიგენებიც კი დაცურავდნენ იმ გვირაბის თავზე, სადაც ჩვენ ერთხელ გავიარეთ. თავიდან ყველა თევზს ვუღებდი ფოტოს, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ასე რომ გაგვეგრძელებინა, 2 დღე მხოლოდ იქ მოგვიწევდა დარჩენა.ყველაზე დაუვიწყარი მაინც “უნივერსალ სტუდიოს” ატრაქციონების პარკი იყო, სადაც მეც და მედიატურის ყველა მონაწილე ბოლომდე გადავვარდით ბავშვობაში და თბილისში დაბრუნებულებსაც კი გვიჭირდა ზრდასრულ ცხოვრებაში დაბრუნება. ყველანაირი შიშით დაჯილდოებულმა, მეც კი გავბედე და ჩვენთან „ამერიკულ მთებს“ რომ ეძახიან და სინამდვილეში „მხიარული მთები“ რომ ჰქვია, იმ ატრაქციონზე დავჯექი. მაგრამ ეს მინიქალაქი იყო ყველა მხრივ საოცრება – „შრეკის“, „ტრანსფორმერების“, „მუმიის“ და „წყლის სამყაროს“ გამაოგნებელი ატრაქციონები, ქუჩაში მოსიარულე ჩარლი ჩაპლინი და მერლინ მონრო, ცნობილი ფილმების დეკორაციები და გმირები, ყველაფერი ერთად და ყველაფერი ისე, რომ შენც შიგნით ხარ და ვერ გრძნობ უცხოობას. აღარ გვინდოდა წამოსვლა!

“სენტოსას” შემდეგი პირველი ღამე მშვენიერ Marina Mandarin Hotel-ში გავატარეთ იმაზე ფიქრით, რომ მეორე დღეს უნდა დავბრუნებულიყავით გართობის სამყაროში.

მეორე დღეც არანაკლები გამოდგა – დავიწყეთ სეგვეების მართვით და ბოლოს ისე შევედით მუღამში, რომ შეჯიბრი მოვაწყეთ ერთმანეთში. ჩამოსვლა აღარ გვინდოდა ამ უცნაური ელექტრომობილებიდან. თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვქონდა, როცა ძალიან გრძელ ბაგირეზე ჩამოკონწიალებულები მთიდან ზღვის სანაპიროზე ჩამოსვრიალდით და ნახევარ კუნძულს თავზე გადავუფრინეთ.

შემდეგ იყო სინგაპურის “მადამ ტუსოს მუზეუმი”, საიდანაც გამოსვლა არ გვინდოდა. მაგრამ რადგან ყველა ექსპონატთან გადავიღეთ სელფი, ცოტა დავწყნარდით. მერე ვეწვიეთ უზარმაზარი ლომთევზას ქანდაკებას, რომლის თავზეც ლიფტით ავედით და კუნძულს ზემოდან გადავხედეთ. ბოლოს კიდევ ერთ 7D ატრაქციონს ვეწვიეთ და ისე დავბრუნდით სასტუმროში, რომ ვერ ვიგებდით გადაღლილები ვიყავით, დასვენებულები, გახარებულები თუ გაგიჟებულები.

სინგაპურის ეს ტური სასტუმრო „რიც კარლტონმა“ და მისმა არაჩვეულებრივმა გარემომ დააგვირგვინა. უმაღლესი კლასის სასტუმროს მართლა ჰქონია თავისი ხიბლი. მითუმეტეს, როცა შენი ნომრის ფანჯრები ხელოვნურ ყურეს გადმოჰყურებს, რომელშიც უშველებელი სტადიონია აშენებული.

„რიც კარლტონმა“, ჩვენი მოგზაურობის ბოლო აკორდმა, ჩვენც მოგვიღო ბოლო და უკვე სიცოხლის ბოლომდე შეგვაყვარა სინგაპური!

ამბავი II

„ყატარის ავიახაზების“ სინგაპურის მედიატურის მეორე დღის მეორე ნახევარი უკვე ბუნებასთან სტუმრობა იყო. სინგაპური არც თუ ისე დიდი კუნძულია, რომლის უდიდესი ნაწილი მსოფლიოს უდიდეს მეგაპოლისს უჭირავს. ასე რომ, ბუნების ადგილი აქ, თუ შეიძლება ასე ითქვას, მკაცრად განსაზღვრული და შემოსაზღვრულია. ამ კუნძულზე ბევრი კუნძულია და მათ შორის ბუნებისაც. ერთი ასეთი “მდინარეების საფარია” და მეორე – ორქიდეის ეროვნული ბაღი.

“მდინარეების საფარი” წყლის უდიდესი ატრაქციონია მსოფლიოში, რომლის კონცეფციაც მსოფლიოს უდიდესი მდინარეების ფლორისა და ფაუნის მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში წარმოდგენაში მდგომარეობს. ეს არ არის გრანდიოზული აკვარიუმი. ეს გახსნილი სივრცეა, სადაც ამაზონის, კონგოს, იანძის, მეკონგის, ნილოსის, მისისიპისა და განგის მოდელირებაა ვიზიტორებისთვის შეთავაზებული.

ჩვენ თავიდან ჩაგვსვეს ნავში, რომელიც ერთი სართულით ქვემოთ ჩავიდა სპეციალური ლიფტით და შემდეგ შევცურეთ მდინარეში, სადაც მოგზაურობა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. გავიარეთ მსოფლიოს ყველა უდიდესი მდინარის ნაპირი, დავათვალიერეთ იქ მობინადრე ცხოველები და ფრინველები, ვნახეთ იქაური ხეები და მცენარეული საფარი. ბოლოს გახსნილ რეზერვუარებში გამორჩეული და დიდი ზომის თევზებიც გვანახეს. თან ყველაფერი იქვე იყო, ხელის მოკიდების მანძილზე, ყველაფერი ბუნებრივი და ნამდვილი.

ოქიდეების ეროვნულ ბაღში შესვლისას კი ისტორიულ აზიაში ვიგრძენით თავი. სემირამიდას ბაღები ალბათ ასეთი სილამაზით იყო მორთული. ორქიდეის ჯიშების უმეტესობა ხელოვნურად არის გამოყვანილი და ეს მართლაც ცალკე ხელოვნებაა, რომელიც სინგაპურის ამ ბაღში უმაღლეს დონემდეა აყვანილი. ასე ლამაზად შეხამებული ამდენი ფერი, ასეთი სილამაზე ყვავილებში მანამდე არსად მინახავს. დიდად ყვავილების არმოყვარული მეც კი გაოცებული დავდიოდი ბაღში და უკვე აღარც ვცდილობდი, რომ გაოცება არ დამტყობოდა.

საღამო უკვე შედარებით დიდი ზომის, უფრო თანამედროვე და უფრო მაღალი კლასის სასტუმრო Mandarin Orchard-ში გავატარეთ, რომელიც სწორედ მთავარი შოფინგ ქუჩის შუაგულში მდებარეობდა. გოგოები მაღაზიებში გავუშვით, ჩვენ კი ადგილობრივი ლუდი „ტაიგერსი“ დავაგემოვნეთ პაბში და უფრო ბედნიერებს დაგვეძინა.

ამბავი III

„ყატარის ავიახაზების“ სინგაპურის მედიატურის მეორე დღის პირველი ნახევარი ქალაქის მრავალფეროვნების გაცნობას მიეძღვნა. აქ გავიგეთ პირველად, რომ თურმე, მეთვრამეტე საუკუნემდე (სანამ ამ ტერიტორიაზე ბრიტანელები გამოჩნდებოდნენ), სინგაპური მალაიზიელი მებადურების დასახლება იყო და კუნძულის მოსახლეობა მხოლოდ რამდენიმე ასეულს შეადგენდა. ტომას სტემფორდ რაფლსმა, ბრიტანელმა მეზღვაურმა და მაღალი რანგის საჯარო მოხელემ, სამხედრომ და ბრიტანული ცეილონის გუბერნატორმა აქ ქალაქი დააარსა, რომელიც მალვე იქცა მსოფლიოს ამ ნაწილის უდიდეს პორტად. მისი სახელობის სასტუმრო კი 1887 წელს აშენდა და დღეს ერთ-ერთ პრესტიჟულ და უმაღლესი ხარისხის დასასვენებელ ადგილად ითვლება.

დღეს სინგაპური თანამედროვე, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე საზოგადოებისგან შემდგარი ქალაქ-სახელმწიფოა, სადაც მოქალაქეების 70 პროცენტზე მეტი ეთნიკურად ჩინელია, 15 პროცენტი – მალაიზიელი, 10 – ინდუსი, 5 – ე.წ. ევრაზიელი (ევროპელების და აზიელების შთამომავლები) და სხვა. მაგრამ აქ ყველა თავს სინგაპურელად თვლის. 50 წელია ეს ხალხი თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობისა და წარმატებული ეკონომიკის მართვის იდეის გარშემო არის გაერთიანებული და მშვენივრად ახერხებს თანაცხოვრებას.

ამის საილუსტრაციოდ ჩვენ ვეწვიეთ ქალაქის ჩინურ, შემდეგ ინდურ და ბოლოს ისტორიულ უბნებს, სადაც უამრავი საინტერესო რამ ვნახეთ. ბუდისტური ტაძრის გვერდით ყველაზე მრავალფეროვანი და იაფი ჩინური მინიბაზრობა იყო განლაგებული. ინდუსების უბანში, სავაჭრო ცენტრებთან ერთად, უამრავი პატარა კაფე და რესტორანი იყო. ქუჩაში იყიდებოდა ხილი, ინდური სპეციები და სხვადასხვა ნუგბარი. ეს ყველაფერი ძალიან ფერადი და ჭრელი იყო. ისტორიული ქალაქი კი, კლასიკური ბრიტანული არქიტექტურის შენობებით, ხიდებითა და სანაპიროებით იყო შევსებული, სადაც ყველა პატარა ნაგებობას შესაბამისი ისტორიის ამსახველი ტრაფარეტი ეკრა.

ევროპულ, ჩინურ და ინდურ კულტურებს, თავისი ყველანაირი გამოხატულებითა და სიმბოლური დატვირთვით, ერთ ადგილას სხვაგან ბევრგან ვერ იპოვნით. სინგაპური ამ მხრივ უნიკალური ადგილია მსოფლიოში!

ამბავი IV

„ყატარის ავიახაზების“ მედიატურის მონაწილეები სინგაპურში ახალგაღვიძებულები ჩავფრინდით და ყველამ ჩვენთვის (სხვისი არ ვიცი, მაგრამ ვივარაუდებ) დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ რამდენად გაამართლებდა სინგაპური ჩვენს მოლოდინებს და საერთოდ, ისიც საინტერესო იყო, რა მოლოდინები გვქონდა. ამ ფიქრებში მივუახლოვდით პირველ პატარა სასწაულს: ჩვენი ტერმინალიდან, ჩანგის საერთაშორისო აეროპორტის გასასვლელისკენ პატარა მატარებლით მოგვიწია წასვლა. თუმცა, ჩვენდა საქებრად უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი „ჩვეულებრივ ამბად“ მივიღეთ და „აღარაფერი გაგვიკვირდება“ სახეები შეთანხმებულად მივიღეთ.

ჩვენი მასპინძელი გულმხიარული, მუდმივად მომღიმარი, ეთნიკური მალაიზიელი გარი გამოდგა, რომელიც ტრაფარეტით ხელში დაგვხვდა და მერე ამაყად გაგვიძღვა ავტობუსისკენ, რომელიც მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენ გვემსახურებოდა. აეროპორტიდან გავედით თუ არა, სინგაპურის სიცხეც მოგვესალმა და გვაგრძნობინა თავი. საერთოდ, ეს უჩვეულო ადგილია, სადაც ან გცხელა, ან გცივა და სადაც ყველგან კონდენციონერი აყენია, თუ სადმე მისი დამონტაჟება შეიძლება – დაწყებული აეროპორტიდან, დამთავრებული საბაგირო გზის კაბინით.

აეროპორტიდან სასტუმრომდე გზა სასიამოვნოდ გაოცებულებმა ისე გავიარეთ, რომ გარისთვის არც მოგვისმენია ბოლომდე. უჩვეულო სილამაზით, წესრიგითა და მასშტაბებით ვტკბებოდით. ვამსგავსებდით ლანდშაფტსა და ტყის საფარს ჩვენსას, მაგრამ თან ვრწმუნდებოდით, რომ აშკარად უჩვეულო ადგილას ვიყავით მოხვედრილები.

ჩვენი პირველი მასპინძელი, სავაჭრო ცენტრებით, სასტუმროებითა და ბიზნესცენტრებით გარშემორტყმული კოხტა სასტუმრო Orchard Parade Hotel გამოდგა, რომელიც სინგაპურის ცენტრის ცენტრში მდებარეობს. ვახშამი კი იქაურ სასტუმროში „შანგრი ლა“ გვქონდა, რომელიც სინამდვილეში, ამ ქსელის პირველი სასტუმრო იყო, სადაც იმის გარდა, რომ უამრავი და უგემრიელესი ზღვის კერძი დავაგემოვნეთ, ისიც გავიგეთ, რომ თბილისის „შანგრი ლა“ სულაც არ არის ამ ქსელის წევრი. აქვე გავიცანით მეორე გარი – ეთნიკურად ჩინელი, ასევე ჩვენი მასპინძელი ტურისტული კომპანიიდან.

დღის ბოლოს კი სასწაული სიუპრიზი გველოდა. პარიზის ეიფელის კოშკი, რომის კოლიზეუმი, ლონდონის ბიგბენისა და ძველი თბილისის ხედები ყველას აღბეჭდილი გაქვთ გონებაში და ეს ნაგებობები ამ ქალაქების სავიზიტო ბარათებს წარმოადგენენ. სინგაპურისთვის კი ასეთი ადგილია “მარინა ბეი” – ხელოვნური ყურის სანაპირო და ერთმანეთის გვერდით მდგომი სამი უდიდესი სასტუმრო. სასტუმროებს თავზე გრძელი გემის ფორმის ნაგებობა ადგას, რომელიც აერთიანებს მათ. ჩვენც ვიყურებოდით ასე, თავაწეულები. ვტკბებოდით თანამედროვე არქიტექტურის მასშტაბებითა და სილამაზით და ვცდილობდით, დროდადრო პირი დაგვეკუმა.

სინგაპურის პირველი დღის ბოლო აკორდი კი გრანდიოზული ლაზერ შოუ იყო, რომელიც “მარინა ბეის” სანაპიროზე, შუა წყალში გაიმართა და რომლის სანახავადაც ყურის პირას ათასობით ადამიანი იდგა. შესაბამისი მუსიკა, ლაზერის და წყლის საოცარი კომბინაცია და უამრავი საპნის ბუშტი, რომელიც შოუს ბოლოს თავზე დაგვეყარა, სასტუმრომდე მიგვყვა და გაღიმებულებს ჩაგვეძინა კიდეც პირველ სინგაპურზე ფიქრში.

ამბავი v

ჩემთვის ეს არ იყო პირველი აზია და იმედია, არც უკანასკნელი, მაგრამ სინგაპურში ვიზიტი – „ყატარის ავიახაზების“ ეს მოულოდნელი და გემრიელი საჩუქარი, მაინც განსაკუთრებულ მოგონებად იქცა ჩემს ცხოვრებაში. აქ აზიაში არ არის საქმე, აქ საუბარია სინგაპურზე – მსოფლიო რუკის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და უნიკალურ ადგილზე. საუბარია ადგილზე, რომელიც უფრო ადამიანის გონების ნაყოფია, ვიდრე გეოგრაფიული ტერიტორია, თავისი განსაკუთრებული კლიმატით თუ ბუნებრივი პირობებით. თუმცა, ნუ ვიჩქარებთ და მივყვეთ თანმიმდევრობით.

როგორც ესპანური საფეხბურთო კლუბის, „ბარსელონას“ სტაჟიანმა გულშემატკივარმა ვიცოდი „ყატარის ავიახაზები“ და როგორც ჩვენთან სჩვევიათ ამის თქმა, ბევრი კარგი მსმენოდა ამ ავიაკომპანიის შესახებ. მაგრამ ნანახმა მართლა გადააჭარბა გაგონილს. მივხვდი, რომ აქამდე არ მიფრენია. უბრალოდ თვითმფრინავით მიმგზავრია. ფრენა რასაც ჰქვია, პირველად „ყატარის ავიახაზების“ თვითმფრინავის ბორტზე ვიგრძენი. საოცრებაა აერობუს A350. ბიზნეს კლასის კაბინაში არის 1-2-1 კონფიგურაციით განლაგებული 36 სავარძელი, რომლებიც 180°-ით იშლება და თითოეულ სავარძელს 17-ინჩიანი HD ეკრანი აქვს მრავალი გასართობი პროგრამით. ეკონომ კლასში კი არის 18 ინჩის სიგანის 247 სავარძელი, განლაგებული 3-3-3 კონფიგურაციით. ეკონომ კლასის თითოეულ სავარძელზე ინდივიდუალური 10.6 ინჩიანი გასართობი ეკრანია.

“ყატარის ავიახაზების” საჰაერო ხომალდები აღჭურვილია ფრენისას ბორტზე გასართობი პროგრამით Oryx One, რომელიც 2 000-მდე გასართობ სატელევიზიო პროგრამას, თამაშსა და სხვადასხვა ჟანრის ფილმს მოიცავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბორტზე უახლესი საჰაერო კონდიცირების სისტემა და LED განათებაა, რაც აძლიერებს კომფორტის შეგრძნებას.

არადა, როცა მარკეტინგის მენეჯერმა, თამარ დოლიძემ „ყატარის ავიახაზების“ მედიატურში მონაწილეობა შემომთავაზა, ეს ამბავი ჩვეულებრივად მივიღე და მასზე ფიქრი მომავლისთვის გადავდე. მითუმეტეს, რომ დიდი ძალისხმევა ჩემგან არც ვიზის აღებას, არც რაიმე სხვა დოკუმენტაციის მომზადებას არ დასჭირვებია. ონლაინ აპლიკაციის შევსების საფუძველზე, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ონლაინ ვიზის მიღება, თან საკმაოდ სწრაფად. მოკლედ, წვალებისა და ნერვული მზადების გარეშე, რაც ქართველისთვის საზღვარგარეთ მგზავრობის განუყოფელი ატრიბუტია, მივედი ჩვენს აეროპორტში, გავიარე რეგისტრაცია და ტურის სხვა წევრებთან ერთად, ამაყად და თავაწეული ავედი „ყატარის“ თვითმფრინავის ბორტზე. შევედი ბიზნესკლასის განყოფილებაში, თან სახეზე მეტყობოდა, რომ საკუთარ თავში ვიყავი დარწმუნებული – რომ თვითმფრინავით ბევრჯერ მიმგზავრია და ვიცი აქ რა და როგორ ხდება…

ბავშვობაში რომ აღმოჩენებს აკეთებ და ხვდები, რომ იქამდე საერთოდ არაფერი გცოდნია, დაახლოებით ასეთი გრძნობა გამიჩნდა „ყატარის ავიახაზების“ ბიზნესკლასით მგზავრობისას. ექსკლუზიური სერვისი და მომსახურების უმაღლესი სტანდარტები რეალობაში ვნახე და ნამდვილად ვაღიარე დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, რომ ეს ნამდვილად ხუთვარსკვლავიანი და საუკეთესო ავიასერვისია მსოფლიოში. ერთი სიტყვით, თუ გინდა მნიშვნელოვან ადამიანად იგრძნო თავი, „ყატარის ავიახაზების“ ბიზნესკლასი ამის საუკეთესო საშუალებაა

მარშრუტი სინგაპურამდე გრძელი და საინტერესოა – თბილისიდან 1 საათში ბაქოში ჩავფრინდით და იგივე დროით გავჩერდით აზერბაიჯანის დედაქალაქის აეროპორტში. ამის შემდეგ კი 4 საათიანი ფრენა გველოდებოდა ყატარის დედაქალაქ დოჰამდე. ჩვენი თვითმფრინავის არ იყოს, ამ დრომაც სწრაფად გაიფრინა და აღმოვჩნდით ბოლო პერიოდის ერთ-ერთ უდიდეს საჰაერო ნავსადგურში – “ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში”.

ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი ადრე ცნობილი იყო, როგორც დოჰას ახალი საერთაშორისო აეროპორტი (დასა). თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ჰამადის საერთაშორისო აეროპორტს 2009 წელს უნდა შეეცვალა ძველი აეროპორტი, მაგრამ მშენებლობის დასრულების ვადის რამდენიმეჯერ გადადების შემდეგ, აეროპორტი საბოლოოდ მხოლდო 2014 წლის 30 აპრილს გაიხსნა“ – ასე იწყება “ვიკიპედიის” სტატია ამ გრანდიოზული ნაგებობის შესახებ, რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, 3600 ჰექტარზეა განლაგებული. შედარებისთვის, ეს თბილისის ერთ-ერთი ძველი უბნის ტერიტორიაზე ოდნავ მეტი ფართობია და ეს არის ნამდვილად ქალაქი ქალაქში – უამრავი ტერმინალით, სავაჭრო თუ გასართობი სივრცით, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიითა და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვული.

ძალიან კი მოგვეწონა და გვიჭირდა ჰამადის აეროპორტის დატოვება, მაგრამ მთავარი მაინც წინ გველოდა და გული იმდენად არ გვწყდებოდა. თან წინა აზიის საჰაერო ჰაბიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საავიაციო კვანძამდე გადაფრენა ისევ „ყატარის ავიახაზების“ თვითმფრინავით გვიწევდა, ამიტომ არაფერის გვეშინოდა!

ავტორი: კახა მაღრაძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100