ია ანთაძემ ბიძინა ივანიშვილს თანამშრომლობაზე უარი უთხრა
მედიაექსპერტმა ია ანთაძემ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.
ამის შესახებ ანთაძემ გაზეთ "პრაიმ თაიმის" პრეს-კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"პირველი შემოთავაზება თვითონ ბატონი ბიძინასგან იყო. მან აღნიშნა, "მითხრეს თქვენი ამბავი, მაგრამ თუ მაინც შეგიძლიათ ჩვენთან თანამშრომლობა, კარგი იქნებაო". ეს შეიძლებოდა, მრჩეველთა საბჭოს, ან რაიმე სხვა ფორმატში ყოფილიყო. მან შემომთავაზა ფორმალურად, იმიტომ, რომ იცოდა, რომ არ დავთანხმდებოდი. მეც ვუთხარი, რომ ისეთი პროფესია მაქვს, რომ არ შემიძლია. შემდეგ კიდევ ერთხელ დამირეკეს, როცა საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება" უნდა შემდგარიყო და მედიის მიმართულების ხელმძღვანელობა შემომთავაზეს, რაზეც ასევე უარი განვაცხადე", - განაცხადა ანთაძემ და აქვე დასძინა, რომ არჩია, ჟურნალისტიკაში დარჩენილიყო, ვიდრე პოლიტიკაში წასულიყო.
მისივე თქმით, ასევე არ იმუშავებდა ახალ ტელეკომპანიაში, რომელსაც ივანიშვილი ქმნის და არც სხვა კერძო ტელევიზიაში.
"ერთადერთი ტელევიზია, რომელშიც სიამოვნებით ვიმუშავებდი, საზოგადოებრივი მაუწყებელია, თუმცა არა ისეთში, როგორიც დღესაა, არამედ როგორიც ყველას გვსურს, რომ იყოს", - დასძინა ანთაძემ.
კომენტარი