სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართული ოპოზიციის „უძრაობის ხანა“

ოპოზიციის ცხოვრებაში ერთი „რეზონანსული“ ამბავი მოხდა: ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის მიერ საქართველოს დატოვება ოპოზიციის „წინამძღოლმა“ ზურაბ ნოღაიდელმა საკუთარ პერსონას დაუკავშირა და განაცხადა, რომ ჩხარტიშვილი სამშობლოდან მის წინააღმდეგ ჩვენების არმიცემის გამო გააქციეს. თუმცა ამ კონკრეტულმა ფაქტმაც ისეთივე დაუინტერესებლობა გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში, როგორც ოპოზიციის ნებისმიერი ქმედება და გამოსვლა იწვევს უკვე კარგა ხანია.

საბჭოთა კავშირში „უძრაობის ხანა“ ბრეჟნევის პერიოდს უკავშირდება, როცა „ბედნიერი“ სოციალიზმი, სადღაც მიუწვდომელ რეალობაში არსებული `ცივი ომი~ და პოლიტიკური აპათია ცხოვრების ჩვეულებრივ მდგომარეობად იყო ქცეული. „უძრაობის ხანა“, სხვადასხვა ფორმებით და მასშტაბებით, პერიოდულად ვლინდება ქვეყნების, საზოგადოებების, პოლიტიკური ძალების ცხოვრებაში.

ყველა დამახასიათებელი ნიშანი იმაზე მეტყველებს, რომ დღეს ასეთი პერიოდი ქართულ ოპოზიციურ სპექტრს უდგას, რომელიც სრულ პოლიტიკურ და მორალურ სტაგნაციას განიცდის. რთული ძიებები საჭირო არ არის იმის საილუსტრაციოდ, თუ რამ მიიყვანა პოლიტიკური ცხოვრების, წესით ერთ-ერთ მთავარი მამოძრავებელი ძალა – ოპოზიცია, ასეთ დეგრადაციამდე.
მარადმწვანე, მობეზრებული სახეები, ანაქრონიზმებით გაჯერებული რიტორიკა, დუნე და ერთ ადგილას გაყინული ქმედებები, ყალბი პათოსი და მუდმივი მუქარა, რომ სექტემბრიდან, იანვრიდან, გაზაფხულიდან იწყება გარდამტეხი, მნიშვნელოვანი ბრძოლის მორიგი, ლეგენდარული ეტაპი, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს უახლეს ისტორიაში. მსგავსი განცხადება სულ ახლახანსაც გაისმა „ეროვნული ფორუმის“ უკანასკნელ ყრილობაზე, ჭადრაკის სასახლეში კახა შარტავას და სხვა ლიდერების გამოსვლისას.

ეს მდგომარეობა ჩვეულებრივ მახასიათებლად იქცა ქართული პოლიტიკის „ანდერგრაუნდისათვის“, თუმცა მითიური გარდატეხის თარიღი ყოველთვის ინაცვლებს სეზონიდან სეზონამდე და ნაცარქექიას ბაქი-ბუქს ემსგავსება. რეალური ხელშესახები კი საქართველოს მოსახლეობას ჯერ არაფერი უნახავს.
თუმცა რაღა ანდერგრაუნდი. ვინ ვისი პარტნიორია და ვის რა პოლიტიკური თუ სხვა სახის პლატფორმა აქვს, ეს არათუ საზოგადოებამ, მგონი, თავად ლიდერებმაც არ იციან. ფაქტია, რომ არც ბურჯანაძეა „იროკეზიანი“ პანკი და არც გუბაზი ანარქისტი, რომ რაღაც არაორდინალური, აბსტრაქტული მოთხოვნებით იყვნენ პერმანენტულად ამბოხებულები სამყაროს წინააღმდეგ. კონკრეტული კი მათ რომ არც მოთხოვნები აქვთ, არც იდეები და არც ბრძოლის ფორმები, ეს საქართველოს მოსახლეობამ კარგა ხანია დაინახა და სათანადოდაც „დააფასა“.
ამის შემდეგ, ბუნებრივია, აღარ ჩნდება კითხვა: რატომ ვერ „ქაჩავს“ ქართული ოპოზიცია?! ამ კითხვაზე პასუხს სულაც არ სჭირდება პოლიტტექნოლოგიების უმაღლეს დონეზე ცოდნა. წლების განმავლობაში ვერცერთმა ოპოლიდერმა ვერ შეძლო წონად პოლიტიკოსად ჩამოყალიბება. პერიოდული გაელვებები კი ზაფხულის ცაზე შემთხვევით გაჩენილი კომეტებივით უკვალოდ ქრება.

ზოგადად, პოლიტიკური ოპოზიციის მრავალგვარი სახე არსებობს: სტრატეგიული, იდეოლოგიური, დისიდენტური. ქართულ რეალობაში ვერცერთი სახე სრულყოფილი ფორმით ვერ ჩამოყალიბდა. მემარცხენეები ულტრამემარჯვენე ლოზუნგებით გამოდიან, მემარჯვენეებს ანარქისტული იდეები აწუხებთ, მონარქისტებს და რესპუბლიკელებს საერთო პოლიტიკური ალიანსი აქვთ. მოკლედ, სრული დომხალია.
იდეოლოგიური აღრევები დამახასიათებელია ქართული რეალობისთვის, მაგრამ ტაქტიკური კუთხითაც ვერ მოახდინა ქართულმა ოპოზიციამ მობილიზაცია და რაიმე ღირებულის შექმნა. წლების განმავლობაში ყველა მიმართულების სრული მარგინალიზაცია მოხდა. ნებისმიერი სახის კანონის თანახმად, ოპოზიციას მუდამ სჭირდება სკანდალი, მოძრაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი არსებობა აზრს კარგავს და დაკარგა კიდეც. სწორედ ამიტომაც არის, რომ ქართველ ამომრჩეველს ასეთი ინდიფერენტული დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ, ამიტომ დგანან ოპოზიციის ლიდერები „ხალხთან შეხვედრისას“ მხოლოდ პარტაქტივისტების მცირე ჯგუფით გარშემორტყმულები, როგორც ეს წინასაარჩევნოდ ხდებოდა თბილისის სხვადასხვა უბნებში.

ყველა ოპოზიციური პარტია აკრიტიკებს ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკური კურსისათვის, მაგრამ საკმარისია რომელიმე გარკვეული სტატუსის პიროვნება ჩამოვიდეს საქართველოში დასავლეთიდან, რომ იმ წამს სასტუმროს ნომერთანვე დიდი რიგები დგება და ოპოლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ტელეკამერებთან მონდომებით კოკობზიკობენ, რათა დაანახონ პუბლიკას, თუ როგორ დასდო რომელიმე მათგანს პატივი მავანმა სტუმარმა და სასაუბროდ იკადრა. თუმცა ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა არ არის უარზე „კარგი გამორჩენის“ საფასურად პროდასავლურობას თუ პრორუსულობას ზურგი უმალ შეაქციოს.
ოპოზიციის შიგნითაც სრული ქაოსია. „რადიკალური“ ოპოზიცია ნოღაიდელს ხელისუფლების პროექტს უწოდებს, მაგრამ რატომღაც კვლავ ერთგულად უმშვენებს მას მხარს (ალასანია, ძმები გაჩეჩილაძეები, კონსერვატორები). ნოღაიდელის გარშემო ერთიანდებიან, მასთან ერთად ჩნდებიან საჯარო შეხვედრებზე, მიაქვთ ყვავილები სხვადასხვა მემორიალებთან. მოკლედ, ნოღაიდელი კვლავ ოპოზიციის ფლაგმანია და დანარჩენ ოპოზიციას უკვირს საკუთარი საარჩევნო წარუმატებლობები. თუმცა ვინ უნდა იყოს ქართული პოლიტიკის რობესპიერი, რომელიც მასების მოხიბვლას შეძლებს, ამ კითხვაზე პასუხი ჰორიზონტზეც არ ჩანს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100