სალომეს მოღალატე ქმარი და 5 ყოფილი შეყვარებული (დილა, მკითხავი და ქმარი)
(ნოველის პირველი თავი იხილეთ ლინკზე: http://droni.ge/?m=5&AID=26873 )
თავი II
მთელი ღამე მკვდარივით ეძინა. სიზმარიც კი არ უნახავს ისე იყო გათიშული. დილით, რომ გაიღვიძა აბაზანიდან წყლის ჩხრიალის ხმა მოესმა და მიხვდა ქმარი ჯერ კიდევ სახლში იყო და შხაპს იღებდა.
პირველი აზრი რამაც გონებაში გაუელვა აბაზანაში შევარდნა და ქმართან ჩხუბი იყო, მაგრამ არ იცოდა ეს როგორ გაეკეთებინა, არ ჰქონდა ისტერიკების გამოციდლება. მეოთხე წელია ცოლ-ქმარნი არიან და ერთხელაც არ უჩხუბიათ. აზრთასხვადასხვაობა იყო ხოლმე, მაგრამ ყოველთვის კამათის გარეშე აგვარებდნენ ყველაფერს.
„რატომ მიღალატა?“ - ისევ დაუსვა საკუთარ თავს ეს შეკითხვა და ამჯერად გონებამ გუშინდელი პასუხების ნაცვლად დუმილი არჩია. სადღაც ტვინის კუნჭულში გაიელვა აზრმა იმის შესახებ, რომ მიზეზი მამაკაცური ინსტიქტები იყო.
„მოვბეზრდი, მოიწყინა, ბანალური გავხდი მისთვის, აღარ ვუყვარვარ. ჰმ, არც არასოდეს ვყვარებივარ. სიყვარული არ ქრება, ის ან არის ან არა“ - სავარაუდო პასუხებში სიმართლის ძებნა დაიწყო ალკოჰოლისგან გათავისუფლებულმა ტვინმა.
თავი სტკიოდა, ყელი გამშრალი ჰქონდა და ფეხზე წამოდგომის თავი არ ჰქონდა, ამიტომ ბალიშს ჩაეხუტა და ძილის შებრუნება სცადა. ძილში რეალობა ქრება და ახლა რეალობისგან გაქრობა ძალიან სჭირდებოდა.
ამასობაში ქმარმა შხაპის მიღება დაასრულა და აბაზანიდან გამოვიდა. პირსახოცი წელზე ჰქონდა შემოხვეული და წელსზემოთ შიშველი იყო. საძინებელში შესვლისთანავე ცოლს ისე გაუღიმა, სალომეს ცრემლები მოადგა თვალზე, რადგან მთელი არსებით იგრძნო რა ძალიან უყვარდა ეს კაცი, მაგრამ თავს სისუსტის უფლება არ მისცა.
-სად დალიე გუშინ?- ჰკითხა ქმარმა და გარდერობიდან ტანსაცმლის გამოლაგება დაიწყო.
-რუსუდანმა მოგიტანა ენა?
-ენის მოტანა რად მინდოდა? მთელი ღამე სპირტის სუნში მეძინა - ისევ გაიღიმა და კარადიდიდან ორი პერანგი გამოიღო - ცისფერი თუ თეთრი? - ჰკითხა ცოლს და თან საწოლთან დაიხარა მის საკოცნელად.
-სპირტის სუნიანი თუ ვარ რას მკოცნი?- უკმეხად უპასუხა სალომემ და სახე მოარიდა.
-რა იყო გეწყინა? - ქმარი საწოლზე ჩამოჯდა და მხარზე აკოცა, სალომემ მკლავი აუქნია.
-არა დავით, მესიამოვნა - სიბრაზისგან გაცეცხლებული ადამიანის ტონით უპასუხა სალომემ, საწოლიდან წამოხტა და აბაზანაში შევარდა.
დათო სახტად დარჩა, რადგან ის ერთადერთი ადამიანი იყო ვისაც სალომე სახელის კნინობითი ფორმით მიმართავდა და დათის ეძახდა, ეს ტრადიცია მაშინაც კი არ დაურვევია, როცა შეყვარებულობის დროს მაგრად იჩხუბეს.
ეს მათი ერთადერთი ჩხუბი იყო, მაშინ სალომე ტიროდა და ალაგ-ალაგ „დათი ამას რატომ მიკეთებო“ იმეორებდა. იმ ჩხუბის შემდეგ შესარიგებლად ცოლობა სთხოვა და მას შემდეგ აღარ უჩხუბიათ, რადგან სალომე ან უთმობდა ან თავისი არჩვეულებრივი ნიჭის წყალობით დათოს ისე დაელაპარაკებოდა ხოლმე, რომ თავის აზრზე გადაჰყავდა.
-ახლა რა დაემართა? - ჰკითხა დათიმ საკუთარ თავს და შეიძლება მშობიარობის შემდგომი დეპრესია აქვსო, გაიფიქრა. კარადიდან გამოღებული პერანგები ისევ ხელში ეჭირა, ისევ არ იცოდა თეთრი ჩაეცვა თუ ცისფერი. „ოხ სალომე, სალომე“ - ჩაიბურტყუნა უკმაყოფილოდ და ცისფერი პერანგი ისევ კარადაში შეაბრუნა.
ამ დროს სალომე შხაპის ქვეშ იდგა და ტიროდა.
თუ დათი გაიგებს, რომ მან იცის ღალატის შესახებ მერე აუცილებლად უნდა დაშორდეს, რადგან თავმოყვარე ქალი ღალატს არ პატიობს და სალომე დათის თვალში უთავმოყვარეობას უფრო ვერ აპატიებდა საკუთარ თავს ვიდრე დათის ღალატს.
აბაზანიდან 2 საათის შემდეგ გამოვიდა. დათი წასული დახვდა, სამზარეულოში რუსიკო ჭურჭელს რეცხავდა. სალომეს და დათის 2 თვის ვაჟი ნიკოლოზი კი საბავშვო ეტლში ნებივრობდა.
-დილა მშვიდობისა რუსუდან - ძიძას მიესალმა და შვილი ხელში აიყვანა სალომემ - ჭურჭელს შენ რატომ რეცხავ? დამლაგებელი მოვა დღეს და ის მიხედავს
-დღეს ხუთშაბათია, ხვალ მოდის დამლაგებელი - ჩაიბურტყუნა რუსიკომ, რომელსაც მართალია არ ეხალისებოდა ჭურჭლის რეცხვა და სხვა საოჯახო საქმეები, რომლის კეთებაც მის მოვალეობებში არ შედიოდა, მაგრამ კარგად ანაზღაურებადი სამსახურის დაკარგვის შიშით ჭურჭლის რეცხვაზე კი არა ყურებზე დადგომაზეც თანახმა იყო. თან ნიკოლოზი ძალიან მშვიდი ბავშვი გახლდათ, ადვილად მოსავლელი იყო და ესეც დიდი პლიუსია ძიძის საქმეში.
-ახალ სახლში, რომ გადავალთ ყოველდღე ივლის დამლაგებელი და აღარ მოგიწევს არაფრის კეთება - უთხრა სალომემ იმის ნაცვლად, რომ რუსიკოსთვის იმ საქმის კეთება აეკრძალა (თუნდაც მხოლოდ ზრდილობის ხათრით) რომელიც ძიძას არ ევალება. ეს ფაქტი განსაკუთრებით ცინიკურია იმ გარემოების ფონზე, რომ სალომე ადამიანის უფლებების დამცველი გახლავთ, ეს მისი ცხოვრებისეული პრინციპი კი არა პროფესიაა. არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა და საკმაოდ მსხვილ გრანტებს იღებს დასაქმებულთა, სექსუალურ უმცირსობათა, უკანონობის მსხვერპლთა და სხვა მსგავსი ადამიანების დაცვისთვის მისი ენჯეო.
-როდის გადავდივართ? - ჰკითხა რუსიკომ
-როდის? შეიძლება არასდროს - უპასუხა სალომემ, რომელმაც იმ წამს გააცნობიერა, რომ განქორწინებასთან მიაბიჯა მისმა ქორწინებამ.
-ხო, ძალიან გაიწელა რემონტი - დაეთანხმა რუსიკო, რომელმაც დამქირავებლის მიერ ნათქვამი „არასდროს“ დროში გაწელილ მშენებლობასა და რემონტს დაუკავშირა და სხვას არაფერს.
თავი III
მისი ოფისის წინ პარკინგი მანქანებით იყო გადატენილი, ამიტომ თავისი ძვირადღირებული ჯიპი თავხედურად შეახტუნა ნახევრად ტროტუარზე. სტაიანშიკმა უსაყვედურა მსუქანი თუ გამოივლის ვინმე ვერ გაეტევა კედელსა და მანქანას შორისო. მსუქანი თუ გამოივლის ვინმე უთხარი დიეტაზე დაჯდესო, უპასუხა სალომემ და არც კი უფიქრია მანქანის სხვაგან და სხვაგვარად გაჩერება.
უცნაურია, გახსოვთ ალბათ სალომე ადამიანის უფლებების დამცველია და ამჟამად სწორედ ისეთ პროექტზე მუშაობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, რომ ემსახურება. ევროინტეგრაციისთვის აუცილებელიაო ამ პროექტის განხორციელებაო, ისეთი სერიოზული სახითა და დამაჯერებელი ტონით განაცხადა პროექტის პრეზენტაციაზე, რომ დაფინანსებაზე უარის თქმას ვერავინ გაუბედავდა.
ოფისში სალომეს შესვლისთანავე, დაძაბულობის მუხტმა გადაურბინა თანამშრომლებს. 7 წლის განმავლობაში სულ ორჯერ დაიგვიანა სალომემ სამსახურში, ერთხელ სალონში შუქი ჩაქრა, მეორედ პატრულმა გააჩერა მოძრაობის წესების უხეში დარღვევისთვის და ორივეჯერ ისეთი გაბრაზებული მივიდა ქალბატონი თავმჯდომარე ოფისში, რომ მთელი დღე ჩაამწარა თანამშრომლებს. ეს ორი შემთხვევა მწარედ ახსოვდა ყველას და მიხვდნენ სალომეს დღევანდელი დაგვიანება კარგს არაფერს უქადდათ.
დერეფანი და თანამშრომლების საერთო, დიდი ოთახი უსიტყვოდ გაიარა და თავის კაბინეტის კარი მიიჯახუნა. მის მოადგილეებს ზურაბს, იგივე ზუკას და თაკოს იგივე თამარს კარის მოხურვის ფაქტი არ გამოჰპარვიათ, რადგან სალომე ყოველთვის ღიას ტოვებდა კაბინეტის კარს.
ზუკაც და თაკოც დაბარებულებივით შეყვნენ თავმჯდომარეს კაბინეტში. ამ სამს ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებთ, არასამთავრობო ორგანიზაციის თანადამფუძნებლები არიან და მანამდეც იცნობდნენ ერთმანეთს.
-ისეთი სახე გაქვს თითქოს გზაში ტაბურეტკიანი მამაო შეგხვდა - ოთახში შესვლისთანავე ღიმილით უთხრა ზუკამ სალომეს.
-ხო შემხვდა, შენს საცემრად მოდიოდა
-მერე სადაა?
-„მზიან საქართველოში“ გავუშვი, იქ მეტი პიდარასტები ყავთ
-ერთხელაც იქნება სიტყვა პიდარასტი სადმე წამოგცდება და ცუდად იქნება ჩვენი საქმე - საუბარში ჩაერია მუდმივად პრაგმატული და წინდახედული თაკო.
-ვაახ, მზიან საქართველოში მართლა პიდარასტები არიან ყველა და რა ქნას აბა? - გაიცინა ზუკამ, რომელიც მიხვდით ალბათ რომ გეია. მზიანი საქართველო კი კონკურენტი არასამთავრობო ორგანიზაცია გახლავთ, რომელთანაც ხშირად აქვთ ბრძოლა გრანტებისთვის.
-რატომ ერჩით მაგ საცოდავებს, თავის გაჭირვება ეყოფათ, ქონიანი ნაზიბროლა თურმე მაგრად აშიმშილებს სასტავს - მზინი საქართველოს თავმჯდომარეს, 40 წელს კარგად გადაცილებულ ქალბატონ ნაზის გადასწვდა თაკო.
-აუ მართლა, ნაზიკოს საყვარელი რო ყოლია გაიგეთ? მაგის სექსის კადრების გამოქვეყნებასაც აპირებენო - სადღაც ყურმოკრლი ჭორი გაახსენდა ზუკას.
-კაი ვის რად უნდა ნაზიკოს სექსის ყურება, ეგეთი მსხვილი თევზიც არაა ვინმე უთვალთვალებდეს.
-ახლა არაა, მაგრამ 4 წლის წინ მაგარს უტრაკებდა ხელისუფლებას.
-ხო ეგეც შეიძლება.
-კარგით რა, ვინ მოტყნავდა ნაზიკოს, ღადაობთ ხალხო? მაგას მაქსიმუმ უმი ხორცის ჭამა გამოუქვეყნოს ვინმემ - საუბარში ჩაერია სალომე.
-გეგონოს, ნაზიკო ოლდ სქულ ვუმენია რა - გადაიხარხარა ზუკამ.
-კაი გვეყო ნაზიკო, საქმეს მივხედოთ.
-აუ გოგოებო, ძაან მაგარი „ქეისი“ მაქვს, ჩვენთან რა შუაშია ბოლომდე ვერ ჩავწვდი, მაგრამ ისეთი საინტერესო ამბავია მინიმუმ გადავხედოთ რა გეხვეწებით, მევასება ეგეთები.
-კიდე ვიღაც პიდარასტი მოგვითრია ამან მგონი.
-გეყო ამ პიდარასტის ძახილი, ადამიანის უფლებათა დამცველი ხარ, ტეხავს!
-კარგი. ზუკა გისმენთ.
-მოკლედ ვიღაც ტიპია, ქართველია, მაგრამ 9 აპრილის მერე საქართველოში აღარ უცხოვრია, 2 წლის წინ დაბრუნდა და საკმაოდ გაითქვა სახელი თბილისში, ჰიპნოზს უკეთებს ხალხს და რაღაც დაავადებებს კურნავს.
-მერე?
-მერე ის, რომ ვიღაც ქალი უჩივის, ფული გამომძალაო და მოგვმართა ჩვენ.
-ჩვენ რა შუაში ვართ?
-ჩვენ არაფერ შუაში ვართ, მაგრამ ხო მაგარი მისტიური ქეისია?
-გვეღადავება? - სალომეს გაოცებული თვალებით შეხედა თაკომ და ზუკაზე ანიშნა თითით
-რა მისტიკა და ჰიპნოზი აგიტყდა ბიჭო, გაგიჟდი?
-აუ სალუკა, სალომუკა, სააალჩიკ მიდი რა, ავიღოთ ეს საქმე ხელში
-რანაირად?
-საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ხო გვაქ ეხლა პროექტი და მაგ პროექტის ფარგლებში ჩავრთოთ, იმ პონტში რო პროგრესულ ადამიანს ასეთი სისულელეების არ უნდა სჯეროდეს და თუ ავადაა ექიმთან უნდა წავიდეს და არა მკითხავთან. გამოვიკვლიოთ ეს ქეისიც, რამდენიმე ესეთიც, თუ ცრურწმენის პრობლემა აქტუალურია და მე მგონია, რომ აქტუალურია მერე ჩავატაროთ სემინარები ამ კუთხით ადამიანების ცნობიერების ამაღლებაზე.
-საინტერსოდ ჟღერს, მაგრამ თაკოა მაგ პროექტის კოორდინატორი და თაკომ უნდა გადაწყვიტოს
-თაკო, თაკუნა, თაკუნიაა - ახლა თაკოს მიუბრუნდა ზუკა.
-ძაან დებილობას ლაპარაკობ - იდეა დაიწუნა თაკომ.
-აუ თაკუნა, თაკო, თაკუნიაა - არ გაჩერდა ზუკა.
-არა - მკაცად მოუჭრა თაკომ.
-პროსტა გამოვიკვლიოთ თემა, თუ არაა პრობლემური მოვეშვათ, სულ ნუ ჩართავ პროექტში მის მოგვარებას. გთხოოვ!
-უუუფ - ამოიოხრა თაკომ, რაც თანხმობის ნიშანს გავდა და გახარებულმა ზუკამ ტაში შემოჰკრა.
საღამოს ზუკასთვის ასე საინტერესო მისტიური კაცი უკვე სალომეს კაბინეტში იჯდა, რადგან საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად თავად ისურვა ამ შეხვედრის ორგანიზება.
პასპორტის მიხედვით თენგიზ ოქროპირიძე, რომელიც საკუთარ თავს გასპადინ ოკრას უწოდებდა ერთი შეხედვით სულაც არ გავდა არც ბუდისტ ბერს და არც ინდური აშხამის ბინადარს, სანამ ხმას ამოიღებდა ჩვეულებრივი მამაკაცი იყო, 50 წელს გადაცილებული, სუფთად გაპარსული წვერითა და მუქი ყავისფერი ძველმოდური პიჯაკით.
ზუკა მასთან შეხვედრით ეიფორიამდე გახარებული იყო. თაკოს აშკარად ეზარებოდა გასპადინ ოკრასთან საუბარი. სალომესთვის კი ამ ქვეყნად ყველაფერი სულერთი იყო, მხოლოდ ის ადარდებდა, რომ ქმარმა უღალატა, თუმცა გასპადინ ოკრას ვიზიტი არ აღიზიანებდა, რადგან ეს სამსახურში შეყოვნებისა და ფიქრების ქმრის ღალატიდან სხვა რაიმეზე გადართვის საშუალება იყო.
-ბატონო თენგიზ - დაიწყო საუბარი სალომემ როგორც კი მის კაბინეტში ყველა კომფორტულად მოთავსდა.
-არა, არა, გასპადინ ოკრა დამიძახეთ.
-რატომ გასპადინ და არა ბატონო? - ცინიკურად ჩაეკითხა თაკო
-დიდი ხანი ვიცხოვრე რუსეთსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, იქ ყველა ასე მეძახდა და ძალიან ვარ მიჩვეული
-კარგით ბატონო ოკრა, საქმეზე გადავიდეთ, თქვენ აფერისტობაში გდებენ ბრალს - პირდაპირ მიახალა თაკომ.
-ეს არც პირველი შემთხვევაა და ალბათ არც უკანასკნელი - მშვიდად უპასუხა კაცმა.
-მერე?
-მე შემიძლია დავამტკიცო ჩემი სიმართლე.
-როგორ?
-როგორც გნებავთ.
-მაგალითად?
-მაგალითად შემიძლია თქვენ სამივეს შესახებ გითხრათ ის რაც წესით არ უნდა ვიცოდე.
-მართლა? - მისტიკის მოყვარულ ზუკას თვალები გაუფართოვდა.
-დიახ - დაუდასტურა ოკრამ.
-ჩემზე რას მეტყვით? - ჩაეკითხა ზუკა.
-თქვენ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მამაკაცი ბრძანდებით.
„ოოოო“- ერთდროულად აღმოხდათ სალომეს და თაკოს, რადგან ზუკას ორიენტაციის გამოცნობას ზებუნებრივი ნიჭი არ სჭირდებოდა.
ოკრა გოგონებისკენ მიბრუნდა.
-თქვენ გამდიდრებაზე ოცნებობთ, ძვირადღირებული ნივთები და ტანსაცმელი გიყვართ, მაგრამ იმ ფეხსაცმლის ყიდვა მაინც არ ღირს, თუ იყიდით ინანებთ, ძვირი ღირს და შემდეგ ხელფასამდე თავის გატანა გაგიჭირდებათ - ამჯერად თაკოს მიმართა ბატონმა ოკრამ.
-რა ფეხსაცმლის? - დაინტრესდა სალომე
-ჯიმი ჩუს კომპლებიანი ფამფსები - უპასუხა გაოცებულმა თაკომ - დღეს დილით ვათვალიერებდი ონლაინ მაღაზიში და ვერ გადამიწყვეტია გამოვიწერო თუ არა, 600 დოლარი ღირს, თან სამსახურში ვერ ჩავიცვამ და სახლში დასადებად რად მინდა. მართალი ხართ არ ვიყიდი. ჯანდაბა ამ ლარის კურსს, 1200 ლარზე მერია 600 დოლარი. - ამას რომ ამბობდა თაკო რაღაცით უკვე გავდა დაგიპნოზებულს.
-აი თქვენ კი უფრო სერიოზული პრობლემა გაქვთ - ახლა სალომეს მიუბრუნდა ოკრა. - ოჯახის დანგრევა და იმ კაცთან განშორება, რომელიც ჭეშმარიტად თქვენი მეორე ნახევარია.
-დათის შორდები? - ჯიმი ჩუს ფეხსაცმელებზე ფიქრიდან გამოერკვა თაკო.
-ოუ მაი გოდ, ტაბურეტკა მესროლე - აღმოხდა ზუკას.
-ხო - თავი დააქნია სალომემ, რომელმაც იმ წამს გააცნოებიერა რომ ქმართან განშორება ჰქონდა გადაწყვეტილი. თაკომ და ზუკამ სალომეს ნაცვლად ბატონ ოკრას მიაპყრეს მზერა. ბოლო 2 წუთში ამ კაცმა ისეთი ნდობა მოიპოვა პირველ პირში მოსმენის ნაცვლად ოკრასგან გადაწყვიტეს სიმართლის გაგება.
-მე ახლა ვერაფერს ვურჩევ თქვენს მეგობარს, სიტყვებს არასოდეს არა აქვს საკმარისი ძალა, საჭიროა საკუთარი თვალით დაინახოს.
-რა უნდა დაინახოს?
-ის რასაც ჩემთან ხუთი სეანსის დროს დავანახებ - უპასუხა ოკრამ.
თავი IV (დათი)
დათი მეგობრის აგარაკზე გაიცნო, ზამთრის ერთ მშვენიერ კვირა დღეს, კოჯორში. ბუხარში შემწვარი მწვადი, გიტარა, ყველანაირი ფერის ღვინო და მხიარულება, თითქოს საკმარისი უნდა ყოფილიყო სამსახურისა და ყოველდღიური პრობლემებით გადაქანცული სალომეს განტვირთვისთვის, მაგრამ იმ დღეს უფრო დიდი საჩუქარი ელოდა ბედისგან.
დათი შედარებით გვიან მივიდა სახლის პატრონის ბიძაშვილთან ერთად. გაუგიათ კოჯორში ლამაზი გოგოების ცვენააო და რესტორნიდან აშლილან ბიჭები.
სალომემ ცალი თვალით გახედა შემომატებულ სტუმრებს, შეათვალიერა ბიჭები, არავინ მოეწონა, ამიტომ ყურადღება აღარ მიუქცევია მათთვის. დათი მართალია გამორჩეული და თვალში მოსახვედრი მამაკაცი იყო, მაგრამ თაყვანისმცემლების სიმრავლით განებივრებულ სალომეზე მაინც ვერ მოახდინა შთაბეჭდილება პირველი დანახვისას.
ახალმოსულები დამხვდურებს შეერივნენ, ახალ წრეზე დატრირიალდა უკვე ნათქვამი სადღეგრძელოები, დათის ძმაკაცებიდან ვიღაცამ გიტარა აიტაცა, მხიარულება ახალ ეშხში შევიდა, ყველა იღიმოდა და ყველა ბედნიერი იყო.
სალომე სუფრის ბოლოში იჯდა დაბალ დივანზე, რომელიც კედელთან იდგა და სკამების უკმარისობის გამო მაგიდან მასთან მიეჩოჩებინათ. ღვინოს წრუპავდა და ცდილობდა სმენა მხოლოდ მუსიკისთვის მიეპყრო, როცა დათი თავზე დაადგა. სალომემ ღიმილით ახედა, იცოდა ახალმოსული ბიჭებიდან რომელიმე აუცილებლად მიადგებოდა უკეთ გასაცნობად და მოულოდნელი არ იყო დათის ინიციატივა.
ღიმილი არ დაუყვედრებია, მაგრამ ცივი საუბრითა და კითხვებზე მოკლე პასუხებით მიახვედრა ფლირტის ხასიათზე რომ არ იყო. დათიმაც დელიკატურად დაანება თავი, თუმცა მთელი საღამოს განმავლობაში შორიდან აკვირდებოდა და სალომეც ამჩნევდა ამას.
მოქეიფეებში სიმთვრალის მაჩვენებელმა საშუალოს, რომ გადააჭარბა სალომე მაგიდიდან წამოდგა და ტაქსის გამოსაძახებლად ოთახიდან გავიდა.
ოპერატორს უკვე მისამართს ეუბნებოდა, როცა უკნიდან ვიღაც მიუახლოვდა, მობილური გამოსტაცა და გაუთიშა. ეს ვიღაც რა თქმა უნდა დათი იყო. სალომე მისმა თავხედობამ ჯერ გააოცა და მერე გააბრაზა, წარბები შეკრა და სანამ სიბრაზის გამომხატველ სიტყვებს წარმოთქვამდა მიხვდა აზრი არ ჰქონდა საუბარს, რადგან მის წინ მთვრალი მამაკაცი იდგა.
-ტელეფონი დამიბრუნეთ.
-აჰა - მობილური გაუწოდა დათიმ - მაგრამ ტაქსის გამოძახების უფლებას არ მოგცემ, მე უნდა წაგიყვანო სახლში.
სალომემ მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია და ისევ დარეკა ტაქსის გამოძახების სამსახურში. დათიმ ისევ წაართვა ტელეფონი, გათიშა და თავად დარეკა სადღაც.
-ალო, დათო ვარ. სადაც დამტოვე იქ მომაკითხე ისევ. - უთხრა ვიღაცას სალომეს ტელეფონიდან, მერე კი ჯიბეში ჩაიდო და სალომეს უთხრა სახლში რო მიგიყვან მერე დაგიბრუნებო.
სალომე კიდევ უფრო მეტად გაბრაზდა, მაგრამ უცხო, მთვრალ მამაკაცთან ჩხუბს ვერ დაიწყებდა, ამიტომ თავის მეგობარს, ნინოს დაუძახა, რომელიც მასპინძელი გახლდათ. ნინოს მისი ბიძაშვილი მოყვა უკან, რომელიც დათის ძმაკაცი იყო.
დაიწყეს სიტუაციის გარკვევა. ნინოს ბიძაშვილი ხან „კაი დათი რა მოგივიდა, დაწყნარდი, გოგოს ნუ აწუხებ“-ს გაიძახდა და ხან „კაი შენ კიდე რა მოგივიდა, მიგაცილოს სახლამდე ხო არ შეგჭამსო“ - სალომეს ეუბნებოდა.
ამასობაში ნინომ დრო იხელთა, სალომეს მაჯაზე უბწკინა და „გოგო შენ ვერა ხარ, რას ინაზები? იცი ეს ვინაა? ბიძამისი მინისტრია, მამამისი მილიონერი, ბებიამისი ცისფერყანწელების მუზა იყო და დედამისი კიდე ვაკეში ქართლის დედასავითაა. ეს კი არ უნდა გეხვეწებოდეს შენით უნდა უხტებოდე მანქანაში.“ - ბუტბუტით უთხრა ყურში.
-ხმალი და ღვინის თასი გაეგდო ხელიდან და შვილისთვის ზრდილობა ესწავლებინა ჯობდა - ცხვირი კიდევ უფრო მეტად აიბზუა სალომემ და ისევ მოითხოვა საკუთარი ტელეფონის დაბრუნება.
ბოლოს დათიმ დათმო და სალომემ ტაქსი გამოიძახა. სიტუაცია გაირკვა, ყველა დამშვიდდა, ნინომ და მისმა ბიძაშვილმა დათი სუფრაზე დააბრუნეს.
სტუმრებმა გაიგეს თავი, რომ გაიგიჟა გაცილებაზე და სალომეს შერცხვა მათი. მიხვდა უაზრო იყო მისი გაჯიუტება და თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ მოიქცა ასე. ალბათ იმიტომ, რომ დათის ქცევებში იყო რაღაც თავხედური და სალომე თავხედობას ვერ იტანდა.
საბედნიეროდ დიდ ხანს აღარ მოუწია იქ ყოფნა, გამოძახებული ტაქსი მალე მივიდა. მძღოლი ვიღაც 30-35 წლის პროვინციული აქცენტით მოლაპარაკე მამაკაცი აღმოჩნდა, სალომეს დანახვაზე ცალყბად გაიღიმა და „ვახ რა ტუზი დამეცაო“ ისე უხამსად წარმოთქვა, რომ სალომეს შეეშინდა, ინსტიქტურად უკან მობრუნდა და ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო ისე შეეჯახა დათის.
-გეგონა გაგიშვებდი? - გაუღიმა ბიჭმა, ხელზე ხელი მოკიდა და მაგრად მოუჭირა თითები. ტაქსისტისგან შეშინებული სალომესთვის დათის ხელი მაშველი რგოლივით იყო იმ წუთას, ამიტომ წინააღმდეგობის გაწევა არც უფიქრია.
(გაგრძლება იხილეთ ლინკზე: http://droni.ge/?m=5&AID=26907 )
კომენტარი