სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ გადაურჩა მხედრიონელი დოდო გუგეშაშვილი ოსი და აფხაზი სეპარატისტებისგან გაუპატიურებას და რა საიდუმლოს მალავს ის

90-იან წლებში თბილისში ფორმირებული დაჯგუფება გაჩნდა, სახელად „მხედრიონი“, რომლის მეთაურიც ჯაბა იოსელიანი იყო. საზოგადოების ერთი ნაწილი მათ ყაჩაღების ბანდად მოიაზრებდა, რომლებიც ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ, სოფლებსა და ტყეებში გაიხიზნენ, გლეჯდნენ და ღლეტდნენ მოსახლეობას, მეორე ნაწილი კი მიიჩნევდა, რომ ისინი ჭეშმარიტი მებრძოლები იყვნენ, რომელთაგანაც ბევრი შეეწირა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას.

მხედრიონელი, აფხაზეთის ომის ვეტერანი, პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი, თავიანთი საბრძოლო ოპერაციების, ბრძოლისა თუ ტერაქტის დროს უცნაურად დაღუპული ბიჭების შესახებ გვიამბობს.

– ქალბატონო დოდო, რისთვის შეიქმნა მხედრიონი და, თუ გახსოვთ, პირველი საბრძოლო მოქმედება სად განახორციელეთ?

– მხედრიონი შეიქმნა ეთნოკონფლიქტების დარეგულირების მიზნით, როცა ბორჩალოს ავტონომიაზე იყო ლაპარაკი. ეს საკითხი მაშინ უიარაღოდ და უმსხვერპლოდ მოგვარდა. ამის შემდეგ იყო ცხინვალის რეგიონის ამბები. იქაც ისე შევიდა მხედრიონი, რომ, პრაქტიკულად, ერთი ტყვიაც არ გავარდნილა. მე მაინც მგონია, რომ ეს იყო ჯაბას დამსახურება, რომელსაც პირადი ურთიერთობები ჰქონდა გარკვეულ გავლენიან ადამიანებთან, გნებავთ, ოს სეპარატისტებთან. მის ავტორიტეტს ძალიან დიდ ანგარიშს უწევდნენ, იცოდნენ, რომ სიტყვის კაცი იყო. პრაქტიკულად, ჩვენ ვიყავით პირველი შეიარაღებული ფორმირება. თქვენ, ალბათ, კარგად გახსოვთ, რომ იმ დროისთვის საქართველოს არ ჰყავდა თავისი ჯარი. მხედრიონის ბიჭები განლაგდნენ სხვადასხვა პოზიციაზე და ყველა საკითხი მშვიდობიანად გადაწყდა, თუმცა, მინდა გავიხსენო ერთი ასეთი ფაქტი: თენგიზ ჯორჯიკიამ, გიგა არველაძემ და, რამდენადაც ვიცი, ზურა დანელიამ და დათო ჯიჯეიშვილმა, განაიარაღეს მთელი ავტობუსი – ორმოცამდე შეიარაღებული ოსი სეპარატისტი. ისინი გახსნილი ხელყუმბარებით აცვივდნენ ავტობუსში და კატეგორიული ტონით მოსთხოვეს – ჩქარა დაყარეთ იარაღი, თორემ თქვენც აფეთქდებით და თავსაც ავიფეთქებთო. ჩამოართვეს იარაღი, შტაბში წაიყვანეს, ხელწერილები დააწერინეს და გაუშვეს. ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის დროს ადამიანები იღუპებიან, ეს ბუნებრივია. იმათ რომ მოესწროთ და ესროლათ, ოთხივეს ჩახოცავდნენ, მაგრამ ჩვენებმა გარისკეს.

იყო ერთი ასეთი საინტერესო შემთხვევაც: ერთ-ერთ სოფელში, ვიღაცის სახლში მხედრიონის რამდენიმე ბიჭი დაბინავდა. ეს ადგილი კარგად ჩანდა სეპარატისტების შტაბიდან. მტრის დასანახავად მათ ასეთი მანევრი გააკეთეს: მანქანით შეიტანეს იარაღი. ეს იარაღი წინა ფანჯრიდან შედიოდა, უკანა კარიდან კი გადიოდა და ეს მეორდებოდა. ამით შექმნეს იმიტაცია, რომ მხედრიონმა დიდი რაოდენობით იარაღი შეიტანა, რომელიც მოსახლეობაში უნდა დარიგებულიყო, მაგრამ არც მაშინ გავარდნილა ტყვია, ისე დარეგულირდა სიტუაცია. შემდეგ იყო აფხაზეთი, რუსეთ-საქართველოს ომამდე. მხედრიონი რამდენჯერმე გადავიდა სვანეთით და ახლომდებარე სოფელთან დაბანაკდა. მაშინ სეპარატისტებმა ვერ გაბედეს ქართველების სისხლის დაღვრა. მიუხედავად იმისა, რომ ჯაბა იოსელიანი კატეგორიული წინააღმდეგი იყო აფხაზეთში ქართული შეიარაღებული ფორმირების შესვლისა, აგვისტოში ჩვენ უკვე გაგრაში დაწყებულ ომში ჩავერთეთ. სამწუხაროდ, უკვე დაღვრილი იყო ქართული სისხლი. დავკარგეთ რვაასი კაცი, რამდენიმე ასეული დაიჭრა. პრაქტიკულად, ძალიან შემცირდა მხედრიონელთა რაოდენობა. თითოეული მათგანი, ვინც იქ დაეცა, გმირია და ისიც, ვისაც ტყვიისათვის შუბლი ჰქონდა შეშვერილი.

– პირველ მხედრიონელებს შორის საბრძოლო ფიცი დაიდო და გულზე საინტერესო მედალიონები ჩამოიკიდეს. მათ შორის იყვნენ ბიჭები, რომლებიც უცნაურ ვითარებაში დაიღუპნენ. გვიამბეთ ამის შესახებ.

– დიახ, პირველ მხედრიონში ორმოცი კაცი იყო, რომლებმაც ფიცი დადეს სამშობლოს წინაშე და ყველა მათგანისთვის დამზადდა მედალიონი, რომლის ერთ მხარეს წმიდა გიორგი იყო გამოსახული, მეორე მხარეს – მხედრიონელის სახელი, გვარი და სისხლის ჯგუფი. ნუკრი ცისკაძე, ისტორიკოსი, მხედრიონში დაარსების დღიდან იყო. 1993 წლის სექტემბერში, როდესაც სოხუმში გააფთრებული ბრძოლა მიდიოდა, სხვადასხვა პოზიციებზე განვლაგდით. სოხუმში არის ასეთი სოფელი – თავისუფლება, რომელსაც ჩვენი რაზმი იცავდა. ნუკრი ცისკაძე მტრის რაზმში შეიჭრა, მაღლობზე, სადაც ისინი ჩასაფრებულები იყვნენ. დაიჭრა და მუხლებზე დაეცა. ქართველი მუხლებზე არასოდეს ეცემაო, – თქვა და წამოიმართა. რომ წამოდგა, მაშინ მოხვდა ჭურვის ნამსხვრევი და დაიღუპა.

თენგიზ ჯორჯიკია, მეტსახელად „ნირიოკა“, ყველა ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას. ისიც პირველი მებრძოლი იყო და თვითნაკეთი ხელყუმბარების დიდოსტატი გახლდათ. ჩვენ არ ვიყავით საბრძოლო მასალებით განებივრებულები და აფხაზეთის ბრძოლის დროს ნირიოკას თვითნაკეთი იარაღი ძალიან გამოგვადგა. ლაბრა სომხური მოსახლეობით იყო დასახლებული, რომლებიც გაწევრიანებულები იყვნენ ყველასათვის ცნობილი სისხლისმსმელი ბაგრამიანის ბატალიონში. ლაბრაში განუწყვეტლივ იყო შეტევები. ერთ-ერთი შეტევის დროს ნირიოკა ბიჭების თვალს მოეფარა. შეშფოთდნენ, ხომ არ დაიღუპა, ან ტყვედ ხომ არ ჩავარდაო. დაუწყეს ძებნა სოფლებში და ერთ-ერთ ეზოში ფურცლით და ფანქრით ხელში მიაგნეს. ტანიდან ჯერ კიდევ დენთის კვამლი ასდიოდა, ის კი იჯდა და ქართლის დედასა და ანძას ხატავდა. ეტყობა, იმდენად მოენატრა სამოქალაქო ცხოვრება, რომ ეს მონატრება ფურცელზე გადაიტანა. ნახატი დიდხანს ინახებოდა ჯერ ჩემთან, შტაბში, მერე მასთან – სახლში. აფხაზეთის შემდეგ რამდენჯერმე გადაურჩა სიკვდილს.

სოხუმის დაცემის შემდეგ, ჩემი რაზმით რამდენიმე თვე დალის ხეობას ვიცავდი. ნირიოკა უნდა ჩამოსულიყო და მომშველებოდა. ხელყუმბარებს ამზადებდა, რომელიც ხეობაში დამჭირდებოდა. როგორც ჩანს, მზადების დროს რაღაც არასწორად გააკეთა და აფეთქდა.

– ამბობენ, რომ მხედრიონში შიდა დაპირისპირება მოხდა და ერთმანეთი დახოცესო.

– სახალხო ლაშქარი იყო, ბიჭებს სისხლი უჩქეფდათ, თავმოყვარეობა, ძალა ჰქონდათ. ქართველები ხომ ემოციურები ვართ? სხვათა შორის, ისევე, როგორც ყოველთვის, უშიშროებამ აქაც დიდი როლი ითამაშა. შემდეგ ერთი ჯგუფი გამოეყო და გახდა „თეთრი გიორგი“. მაშინ გამსახურდია არ იყო პრეზიდენტი. მერე გადავიდნენ გამსახურდიასთან. მას შემდეგ მხედრიონელებს შორის არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა.

– თამაზ ყურაშვილისა და შკუბულიანის შემთხვევაში რა მოხდა, როგორ აფეთქდნენ?

– ყურაშვილი, ბუღა, საკუთარ სახლთან ააფეთქეს მანქანაში. მასთან ერთად იყო რემბო, შკუბულიანი, რომელიც მძიმედ დაიჭრა. ამაშიც უშიშროების ხელი ერია, რომელსაც ხელს აძლევდა, რაღაც მომხდარიყო, რომ მერე ეჭვი ვინმეზე მიეტანა. თავიდან მუშაობა მიდიოდა იმაზე, რომ მხედრიონელები და გვარდიელები ერთმანეთს დაპირისპირებოდნენ – თუ გვარდიელები დაიღუპებოდნენ არასაბრძოლო ვითარებაში, მხედრიონს დაბრალდებოდა, თუ თბილისში რომელიმე მხედრიონელი დაიღუპებოდა – გვარდიელებს დაბრალდებოდათ.

ოცდაორი კაცი გყავს ტერაქტის შედეგად დაღუპული. ააფეთქეს მხედრიონის შტაბ-ბინა თბილისში, რუსთავში, კახეთში, ქუჩებში ჩაცხრილეს ბიჭები. დღემდე არც ერთი საქმე არ არის გახსნილი. ორთაჭალაში, ჩვენს შტაბში, გიგა გელაშვილს კრება უნდა ჩაეტარებინა და დროზე ადრე მოხდა დამონტაჟებული ბომბის აფეთქება. ჯაბაზე განხორციელდა ტერაქტი რამდენჯერმე: ერთხელ – აეროპორტის გზაზე და მეორედ – ხილიანზე, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ყველაზე მტკივნეულად ჯაბა იმას განიცდიდა, რომ დაიღუპნენ ადამიანები, რომლებიც არაფერ შუაში არ იყვნენ. ეჭვმიტანილის სტატუსით დააპატიმრეს დოკვაძე და გელბახიანი და მერე გაასამართლეს. როცა მათ შეწყალებაზე იყო საუბარი, ჯაბა არ იყო წინააღმდეგი, რომ გაეთავისუფლებინათ.

– რა დონეზე იყავით ინფორმირებული მოსალოდნელი საფრთხის შესახებ?

– თავდაცვის მექანიზმი არასდროს არსებობდა, ამიტომ, არასდროს ვიცოდით, ვის რას მოგვიწყობდნენ. იყო ერთი ასეთი შესანიშნავი ბიჭი, რევიშვილი, რომელიც თეატრალურში სარეჟისოროზე სწავლობდა. ისიც ტერაქტის მსხვერპლი გახდა – ხილიანზე მანქანაში ჩაცხრილეს. ასევე, ჩაცხრილეს მანქანაში ზაზა ვეფხვაძე და გიორგი სვანიძე. ტერაქტი ყველაზე ბინძური და არაკაცური ქმედებაა. ამ დროს ის ადამიანებიც იღუპებიან, ვინც არ არის სამიზნე ობიექტი. სულ ასე ხდებოდა.

– მხედრიონში თქვენ იყავით ერთადერთი მებრძოლი, სნაიპერი ქალი – გესროდნენ და ესროდით. რაღაც მომენტში მაინც თუ ფიქრობდით, რომ ადამიანი მოკალით?

– ალყაში ბევრჯერ მოვქცეულვარ ოჩამჩირეში, გაგრაში, სოხუმში, დალის ხეობაში. ზოგი მომხვდა და ზოგი ამცდა. მტრის ტყვია არ არჩევდა, ქალია, კაცია... ოჩამჩირეში, როცა შტაბის უფროსი ვიყავი და ფრონტის ხაზის ყველა ინფორმაციას ვფლობდი – ჯარების განლაგებას, შეიარაღებას თუ სხვას, ჩემზე საკმაოდ დიდი ნადირობა მიდიოდა. ჩვენ, მხედრიონელებს ერთი ჩვევა გვაქვს: სიმბოლურად ტყვია გვქონდა გახვრეტილი და გულზე ჩამოკიდებული. ბრძოლისას არის ერთი ყველაზე მთავარი მომენტი: ვინც შენს სამშობლოს ესვრის, ის თუ არ აღიქვი მტრად, სხვანაირად ვერ იბრძოლებ. ჩემ გვერდით იღუპებოდნენ ჩვენი ბიჭები და მე რომ იმაზე მეფიქრა, ვის ვესროლე, იმ ომში ვერ ვიომებდი. ჩემს ფსიქიკაში ყველაფერი დავალაგე და მერე მოვკიდე ხელი იარაღს. უკან არ ვიხევდი არა იმიტომ, რომ ყველაზე უკეთესი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ჩემ გარშემო გმირობის უამრავ მაგალითს ვხედავდი. რამდენჯერმე დავიჭერი ყუმბარის ნამსხვრევებით, მაგრამ ბრძოლის ველი არ მიმიტოვებია.

– დაჭრის გამო ბრძოლა არ მიგიტოვებიათ?

– სოხუმის დაცემის შემდეგ დალის ხეობაში, იგივე, აფხაზეთ-სვანეთში, ჩემი რაზმით ავბრუნდი და იქ პირველი პარტიზანული შენაერთის მეთაური ვიყავი. ყოველთვის მჯეროდა, რომ, რასაც ვაკეთებდი, სამართლიანად ვაკეთებდი. ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, რომლისთვისაც სიცოცხლეც ღირს და სიკვდილიც. როცა მტერი ფიზიკურ ტკივილს მაყენებდა, არც მაშინ მინანია. მხოლოდ ერთს ვფიქრობდი, რომ არ დავსახიჩრებულიყავი, არ დამეკარგა რომელიმე კიდური, თორემ, გულწრფელად გეუბნებით, ამას ვერ გადავიტანდი. ვერც იმას გადავიტანდი, რომ მტერს ტყვედ ავეყვანე. არავინ იცის, როგორ გამოსძალავდნენ ტყვეებს ინფორმაციას ჩვენი ოპერაციების შესახებ. ადვილად შესაძლებელი იყო, ჩემი, როგორც ქალის ღირსება შეელახათ. ამ ყველაფერს ვერ გავუძლებდი. გვქონდა ამის მაგალითები: ბიჭები აწამეს და აჩეხეს. ჯამბულ გერლიანს კატეგორიულად სთხოვდნენ ინფორმაციებს, ასევე იმას, რომ ეგინებინა სამშობლოსთვის და ჯაბასთვის. როდესაც მან ეს არ გააკეთა, დამდუღრეს და ხელ-ფეხი მოჰკვეთეს. განსაცდელის წინაშე მეც დავმდგარვარ, მაგრამ ამ შედეგამდე არ მივსულვარ. ბევრჯერ მომიწია საკუთარი ხელებით თანამებრძოლის კიდურების თუ ნაწლავების აკრეფა და მისი მუცელში ჩადება. ყველაზე მთავარი ტკივილი ის იყო, რომ რუსებისგან ვიღაც წაქეზებული გადამთიელი სამშობლოში გეცილება და ბიჭებს გიკლავს. მიუხედავად ამისა, ჩემზე არავის უნახავს ცრემლი. არ შეიძლება, ამ დროს შენი სისუსტე გამოაჩინო. ჩვენ არ ვტოვებდით ჩვენს დაჭრილ თუ გარდაცვლილ მებრძოლებს მტრის საჯიჯგნად. თბილისში ვგზავნიდით. ბევრი დღესაც იქ განისვენებს, აფხაზეთის მიწაზე.

– ერთ-ერთი თქვენი თანამებრძოლი თქვენ თვალწინ აფეთქდა. როგორ მოხდა ეს?

– ოჩამჩირის შტაბში შემოვლითი პოზიციებიდან დაბრუნდნენ ანზორ მარგიანი და ავთო იოსელიანი, ოღონდ, არა უშიშროების, ჩვენი, მხედრიონელი. იოსელიანს პოზიციებზე ყუმბარის ჩამკეტი მოუსუსტდა, შტაბში ამოუვარდა და ძირს დაეცა. მას ჰქონდა არჩევანი: ან ფანჯრიდან უნდა გადაეგდო, სადაც მოსახლეობა მოძრაობდა ან ყველანი უნდა ავფეთქებულიყავით, ვინც იქ ვიმყოფებოდით, მაგრამ მან გააკეთა არჩევანი, ყუმბარას საკუთარი სხეულით გადაეფარა. ვიდრე გამოვიყვანდით და მის გადმოყრილ ნაწლავებს ავკრეფდით, თვალებში ჩავხედე და ეს გადაწყვეტილება ამოვიკითხე – მისთვის ეს იყო ყველაზე მთავარი.

აფხაზეთს მაშინ კბილებით ვინარჩუნებდით, ყოველგვარი საერთაშორისო მხარდაჭერის, ჰუმანიტარული თუ მორალური დახმარების გარეშე. ჩვენ არ გვქონდა არც სათანადო აღჭურვილობა, არც საჭმელი, არც სასმელი, არც ჩასაცმელი. ბიჭებს დაგლეჯილი ბოტასები და ჯინსები ეცვათ.

– მხედრიონელების გარკვეული ჯგუფი დასავლეთ საქართველოში დათარეშობდა, მოსახლეობას ძარცვავდა და ღლეტდა. თქვენს ყურამდე ეს არ მოსულა?

– მაშინ, როდესაც დასავლეთში ზვიადისტების შეიარაღებული ფორმირებები იყვნენ ჩაბუდებული და ხოცავდნენ ადგილობრივ გამგებლებსა და ახალი ხელისუფლების მხარდამჭერებს, რამდენიმე ათასი ჯარისკაცი კონსტიტუციის აღსადგენად შევიდა იქ, მათ შორის იყო ოთხასი მხედრიონელი. სამწუხაროდ, ყველა დანაშაული მხედრიონს დაბრალდა. ბუნებაში არ არსებობს მდიდარი მხედრიონელი. სად წავიდა ის ფული და ოქრო? ამის შემდგომ, რა, დალაგებულია დასავლეთ საქართველოში კრიმინოგენური ვითარება? გაცილებით მეტი ამაზრზენი დანაშაული ხდება, ვიდრე სამოქალაქო ომის დროს მოხდა. გასულ წელს გაუგონარი დანაშაული ჩაიდინეს, თუმცა ამაზე არ ვისაუბრებ. ვიღაცეები დარბოდნენ, ხალხს სახლებში უცვივდებოდნენ, აყაჩაღებდნენ. გულზე ჩვენსავით ჩამოკიდებული ჰქონდათ რკინის მანეთიანები. სამოქალაქო ომი ყველაზე ბინძური ომია ამქვეყნად. გამსახურდიას და, უკვე შევარდნაძის ხელისუფლებაც ცდილობდა, რომ მხედრიონის სახელი ლაფში ამოესვარათ. იმ პერიოდისთვის მხედრიონი იყო პირველი ქართული ეროვნული სახალხო ლაშქარი, რომელიც კონკრეტულად არ ემორჩილებოდა არც ერთ მაღალჩინოსანს. სამოქალაქო ომის პერიოდში ძალიან ბევრი იარაღი გაჩნდა საქართველოში და მისი გამოყენება ნებისმიერს შეეძლო. კრიმინალები იპოვიდნენ ხელსაყრელ მომენტს რომელიმე რეგიონში, სადაც დაძაბულობა, სროლა, დაპირისპირება იყო და ამით სარგებლობდნენ. რასაც უნდოდათ, იმას აკეთებდნენ. არ ვამბობ იმას, რომ მხედრიონში ყველა უფრთო ანგელოზი იყო, მაგრამ, სამწუხაროა, რომ რამდენიმე უკეთური ადამიანის გამო მხედრიონის სახელი შეილახა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100