სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი!

ზუსტად 24 წლის წინ 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

სადამსჯელო რაზმს გენერალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს კი მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

ტრაგედიის 24 წლისთავზე სიონის საკათედრო ტაძარში 9 აპრილს დაღუპულ გმირებს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაუხადეს. ტაძარში 9 აპრილის მონაწილე ადამიანები იმყოფებოდნენ. იქ შეკრებილმა საზოგადოებამ პარაკლისის შემდგომ შარდენის ქუჩაზე გადაინაცვლა, სადაც გარდაცვლილი გმირების პატივის მისაგებად ღონისძიება გაიმართა.

ტრაგედიის ადგილზე იმდროინდელი საპროტესტო აქციების მონაწილეები და რიგითი მოქალაქეები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მათ ყოფილი პარლამენტის შენობის წინ სანთლებით "9 აპრილი" და საქართველოს რუკა გამოსახეს.

9 აპრილს გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ, საკრებულოს წევრებმა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა. მათ ადგილზე 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს და მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს.

დილით კი 9 აპრილს მომხდარი ტრაგედიის ადგილზე უმრავლესობისა და მთავრობის წარმომადგენლები მივიდნენ. მათ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს.

მდუმარე მსვლელობა გამართა "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ცენტრალური ოფისიდან 9 აპრილის მემორიალისკენ. მსვლელობისას ახალგაზრდებს დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და "რესპუბლიკური პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100