თვითმკვლელობამდე ქალი, რუსთავში, დის ქმარმაც გააუპატიურა?! – სკანდალური ჩვენება ყაზახი ქალის საქმეში
26 წლის ყაზახი ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება.
საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად “კურიერმა“ მოიპოვა ბრალდებულ ბესო თორდუას ჩვენება, სადაც ის ყვება, რომ საქართველოში სამუშაოდ ჩამოსული ყაზახი ქალი რუსთავში მისივე დის ქმარმა გააუპატიურა.
ამ ეტაპზე გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ბრალი თავად თორდუას აქვს წარდგენილი, თუმცა, არ არის გამორიცხული, საქმეში სხვა ფიგურანტებიც გამოიკვეთონ, მათ შორის გარდაცვლილი ქალის დის ქმარი, ვინმე მურატ მეირბეკოვი, რომელმაც საქართველო გამოძიების დაწყებამდე დატოვა.
„საქართველოში არ მაქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ვცხოვრობ ბელარუსში, თუმცა მაქვს მანქანების ბიზნესი, ასევე მყავს ნათესავები საქართველოში, რის გამოც ხშირად ჩამოვდივარ. სხვადასხვა ქვეყნიდან ვაწარმოებ ავტომანქანების ბიზნესს ყაზახეთში“, – ყვება ჩვენებაში ბრალდებული თორდუა.
დაკითხვის დროს ის აღნიშნავს, რომ მისმა ბიზნესპარტნიორმა მურატ მეირბეკოვმა კომპანიაში სამუშაოდ ჩამოიყვანა მისი ცოლის და, აისელ აიტპაევა.
„2021 წლის 27 აპრილს ყაზახეთიდან ჩამოფრინდა აისელ აიტპაევა, რომელიც იყო მურატის ცოლის და. სწორედ მურატმა უზრუნველყო მისი საქართველოში ჩამოსვლა. აისელი სამსახურში გამოვიდა 28 აპრილს. ის ჩამოსვლიდან ორი დღე იმყოფებოდა მურატთან რუსთავში და ღამეც იქ რჩებოდა“, – ამბობს ბესო თორდუა.
ის ყვება, რომ კლასიკური სამოსის შეძენის მიზნით საქართველოში ჩამოსული ქალი სადგურის მოედანზე, ბაზრობაზე წაიყვანა, რის შემდეგაც ქალმა რუსთავში, მის სიძესთან დაბრუნება აღარ ისურვა.
„ვაპირებდით, რომ ასელი დაგვეტოვებინა რუსთავში, მურატის სახლში, რა დროსაც ასელმა მითხრა რომ არ უნდოდა რუსთავში წასვლა იმიტომ, რომ მურატმა გააუპატიურა და მასთან აღარ დავბრუნდებიო. მე ეს ძალიან გამიკვირდა, რადგან ვიცოდი, რომ ასელი იყო მისი ნათესავი, კერძოდ კი ცოლის და. აღნიშნულ საუაბარს ასევე ისმენდა ბერდია კალანდიაც. ამაზე ძალიან გავბრაზდი, ამ დროს ასელმა მითხრა, რომ სურდა ჩემთან წამოსვლა დროებით დასარჩნად, თუ ამის საშუალება არ იქნებოდა, წავიდოდა სასტუმროში. მე ნაქირავები ბინა მაქვს ერთოთახიანი, თბილისში, კედიას ქუჩაზე, ნომერ 10 -ში, მე-8 სართულზე. ვცხოვრობ მარტო, შესაბამისად, ასელს ვუთხარი რომ შეეძლო ჩემთან დარჩენა, რის შემდეგ ორივე წამოვედით ჩემთან ბინაში“, – წერს თორდუა, რომელიც ყაზახი ქალის გაუპატიურების და თვითმკვლელობის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
კომენტარი