სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გია მაისაშვილის პოლიტიკური ტურიზმი

გია მაისაშვილი ქართული ოპოზიციის კოლორიტული ფიგურაა. ის ახალგაზრდა იყო, როცა უცხოეთში წავიდა, განათლება ამერიკაში მიიღო, ცოლად უცხოელი შეირთო და ლონდონში ცხოვრობს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ლოგიკურია, ქართულ პოლიტიკას უნდა მიეღო პროდასავლური ორიენტაციისა და მენტალიტეტის პოლიტიკოსი. რეფორმატორული იდეებით პოლიტიკურ ორიენტაციაზე ქვემოთ მოგახსენებთ. მაგრამ მაისაშვილის მენტალიტეტს უცხოურმა განათლებამ, უცხოელმა ცოლმა და ლონდონურმა ყოფამ ვერ უშველა. ზოგჯერ ის უფრო მეტად "ძველი ბიჭი" და "კარენოი თბილისელია". ვიდრე თბილისურ ბირჟებზე გამოზრდილი ლევან გაჩეჩილაძე და გოგა ხაინდრავა.
დსდა
1. გია მაისაშვილი შევარდნაძის ეპოქაში გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში. ამერიკიდან ახლად დაბრუნებული ქართულს გაუგებრად ლაპარაკობდა, თუმცა, ერთს კი მიხვდებოდი, მისი გრძელ-გრძელი მონოლოგიდან, რომ მას რაღაც ეკონომიკური პროგრამა ჰქონდა ქვეყნის განვითარებისა და ამ პროგრამის რეალიზაციის მიზნით, შევარდნაძის მთავრობის ეკონომიკური ბლოკის დიდჩინოსნებსაც შეხვდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ გია არსენიშვილმა, მაშინდელმა სახელმწიფო მინისტრმა შევარდნაძეს უთხრა: ამ ბიჭს რაღაც კაი პროგრამა აქვს, მაგრამ ვერაფერი ვერ გაგვაგებინაო. შევარდნაძემ ჰკითხა, თუ ვერ გაიგე, რა იცი, რომ კარგიაო. არსენიშვილმა კახურად მოუჭრა: რა ვიცი, გაიძახის ახალი ეკონომიკური სასწაული უნდა მოვახდინოო და მორწმუნე კაცი ვარ, მჯერა სასწაულებისა და სასწაული ცუდი არ შეიძლება იყოსო. მოკლედ, მაისაშვილის მცდელობა, შეჭრილიყო თავისი გაუგებარი ეკონომიკური პროგრამით სახელისუფლებო ვერტიკალში, კრახით დამთავრდა.
დსდა
2. გია მაისაშვილი შევარდნაძეს ჯერ ეკონომიკურ სასწაულებს ჰპირდებოდა, მერე მის ოპონენტად იქცა და "ვარდების რევოლუციას" გვერდით დაუდგა. რევოლუციის ლიდერები – სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაძე კი ჩასწვდნენ მისი `სასწაულებრივი პროგრამის~ არსს, მაგრამ მაისაშვილი, აშკარა იყო, ცაში დაფრინავდა, და რა ხდებოდა ქართულ ეკონომიკაში, აზრზე არ იყო. მიუხედავად პრეზიდენტის მისდამი სიმპათიისა, ზურაბ ჟვანიამ დაარწმუნა და სამართლიანადაც, რომ ეკონომიკური ექსპერიმენტების დრო არ იყო, საჭირო იყო სასწრაფო რეფორმები, რათა ქვეყანა ღრმა კრიზისიდან გამოსულიყო. ამ მიზნით რუსეთიდან კახა ბენდუქიძე ჩამოიყვანა ჟვანიამ, მაისაშვილი კი თამაშგარეშე აღმოჩნდა და რევოლუციის მხარდაჭერის სანაცვლოდ, ის ეკონომიკის მინისტრის პორტფელს ელოდა, მით უმეტეს, ამ დროს უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა ერთკაციანი პარტია – "მომავალი საქართველოსთვის" და ეგონა, ის და მისი პარტია რომ არა, რევოლუცია არ მოხდებოდა. მაისაშვილის ადგილი არც პრაგმატული რეფორმატორის, ბენდუქიძის გუნდში აღმოჩნდა და ის სააკაშვილს ოპოზიციაში ჩაუდგა.
დსდა
3. მაისაშვილის პოლიტიკურ სტატუსს თუ ძალიან, ძალიან დავაკონკრეტებთ, ის "პოლიტიკური ტურისტია". საქართველოში მაშინ ჩამოდის, როცა ქვეყანა ინგრევა, ოპოზიცია მიტინგს მიტინგზე აწყობა და ცოცხალი დათვის – პრეზიდენტის ტყავის გაყოფაზე ვაჭრობენ ერთმანეთში. ამგვარ ვაჭრობას მაისაშვილი არ დაჰკლებია. ჰო საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და 2 პროცენტიც ვერ მიიღო ხმებისა, თუმცა, მაინც გაიწყვიტა შუბლის ძარღვი და თქვა – გამიყალბესო. რომ არ გაეყალბებინათ, ალბათ, სრულ 2 პროცენტს მართლა მიიღებდა! მოკლედ, ეს კაცი ქართველი ოპოზიციონერის ცხოვრებით არ ცხოვრობს. ვერ ვიტყვი. ყველა მათგანს უჭირს და ჯოჯოხეთი აქვს გამოვლილი-მეთქი, მაგრამ ასეთებიც არიან. მაისაშვილი ძირითადად უცხოეთშია სრულ კომფორტში და გასტროლებზე მაშინ ჩამოდის, როცა რევოლუციური პროცესების სუნს იკრავს. არადა, გეში აშკარად ღალატობს – მისმა ყნოსვამ ვერც ერთხელ ვერ გაამართლა.
დსდა
4. ახალი ეკონომიკური სკოლის ფუძემდებელმა და "ამერიკული სასწაულის" საქართველოშიც ახდენის ინიციატორმა, მეტი რომ ვერაფერი მოახერხა, ბოლოს, თემურ შაშიაშვილსა და მისი მოძრაობას შეუერთდა – ცხადია, ნონსენსია, სად დასავლური ეკონომიკური ნოვაციებით მოაზროვნე მაისაშვილი და სად – ნარაიოკომის მდივნალი შაშიაშვილი, რომელიც დღემდე კომუნისტურ წყობას მისტირის და რომ მიუშვა, ხელახლა სოციალიზმს აგვიშენებს. ამის მერე თქვა შალვა ნათელაშვილმა: მე ხომ ვერაფერი გავიგე მაისაშვილის ეკონომიკური პროგრამისა და უბედურება ეგაა, საქართველოში კვალიფიციური სპეციალისტი არ დარჩა ამ სფეროში, რომელსაც მისი ესმოდეს, ეს ყველა ეკონომიკის ექსპერტმა დამიდასტურაო.
5. შარშან, 9 აპრილს, მიტინგზე ყველასთვის მოულოდნელად, გია მაისაშვილმა მიხეილ სააკაშვილს დედა შეაგინა, თუმცა, მისი ჭკუით, ტექნიკურად მოიქცა: "მიშას დედა..." დაიწყო გიამ და ხალხმა დააბოლავა...
დსდა
არადა, აქამდე ბევრი ამბობდა, მაისაშვილს ჩვენ ვერ გავუგეთ, ეგ ბრიტანეთის მოქალაქე რომ იყოს, ლორდი გახდებოდა და ლორდთა პალატაში აირჩევდნენო. რაფინირებული პოლიტიკოსის იმიჯიც ამ გინებით დაამსხვრია მაისაშვილმა, სამაგიეროდ, მომიტინგეთა ერთი ნაწილი იყო ნასიამოვნები, განსაკუთრებით, კახელები: ვაა, ამ ბალღს გინება სცოდნია, სად იყო აქამდე, რაღაც გაუგებარს რომ პრუტუნებდაო. მისაშვილმა ქართული ცეკვაც იცის – ესეც 9 აპრილს, გამთენიისას დაამტკიცა, როცა მოცეკვავე მომიტინგეებს ჩაუხტა და ხელი გაშალა. თუმცა, ვერც ამან უშველა მაისაშვილს, რომ გახალხოსნებულიყო, შუაში გაიჭედა, სადღაც, "გრეჩიხასა" და დათო უსუფაშვილს შორის – ლიბერალური იდეებითა და ქალაქურ – ძველბიჭური გინება-მანერებით.
დსდა
6. გია მაისაშვილს წარსულს ხშირად ახსენებენ და არც მაინც და მაინც, თვითონ უყვარს ამ თემაზე ლაპარაკი. ბევრი ირწმუნება, გია მდიდარი და გავლენიანი ამერიკელი სიმამრის დახმარებით ცდილობს ქართულ პოიტიკაში დამკვიდრებასო, მაგრამ ბევრი ირწმუნება, 90-იანი წლების დასაწყისში, ეგ ამერიკაში კი არ წავიდა სასწავლებლად, არამედ – გაექცა მართლმსაჯულებასო. ყოფილი პრემიერ მინისტრი თენგიზ სიგუა ამტკიცებს, მაისაშვილმა 250 მილიონი მანეთი მიითვისა ქართველი მეღვინეებისაგან, მაშინ "კავკასიის ბირჟაზე" საპატიო პოსტი ეჭირა, ეს ფული "მოტეხა" და "მოტყდა" შტატებშიო. მაისაშვილს ამ ბრალდებაზე პასუხი არ გაუცია და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს დუმილი თანხმობის ნიშანია.
დსდა
7. "კავკასიის ბირჟა" კიდევ ერთხელ ამოუტივტივეს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მაისაშვილს. "კავკასიის ბირჟის" პრეზიდენტი ამირან ქადაგიშვილი იყო, მერე ეს კაცი ვიცე-პრემიერად დანიშნა შევარდნაძემ ოთარ ფაცაციას პრემიერობისას, თუმცა, სულ 2 თვე იმუშავა ამ პოსტზე და გაქრა საქართველოდან. მერე გაირკვა, პროკურატურა ქადაგიშვილს "კავკასიის ბირჟაზე" დატრიალებულ მაქინაციებში და ახლადჩამოყალიბებული ბიზნეს და სახელმწიფო სტრუქტურებისგან, ათეულობით მილიონი მანეთის უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებდა. ქადაგიშვილი მერე ციხეშიც იჯდა. ამბობენ, რომ მისი ერთ-ერთი პარტნიორი მაისაშვილიც იყო, მაგრამ გიამ დამალვა მოახერხა, ვერ დაიჭირეს, მერე საქმე ჩაფარცხა პროკურატურაში, დოსიეც გაისუფთავა და ბრალდებაც მოეხსნა. საქმის ჩაფარცხვას კი იმ მილიონებს აბრალებენ, რომლებიც საქართველოდან წაიღოო. ცხადია, აქ მეღვინეების 250 მილიონ მანეთზე არ არის ლაპარაკი, ეს კიდევ სხვა მაქინაციები ყოფილა.
დსდა
8. გია მაისაშვილს კონსტრუქციული პოლიტიკოსის იმიჯი აქვს. ის არ არის თავგადაკლული რადიკალი, რომელსაც მარტო ხელისუფლების დამხობის წყურვილი და გეგმა აქვს. სხვათაშორის, ბევრ ოპოზიციონერზე ჭკვიანია. როცა ხელისუფლებამ დაილოგზე ჩამოაგდო სიტყვა, მაისაშვილი და გოგი თოფაძე დაუფარავად მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. ამ შეხვედრის გამო, თოფაძე ნაკლებად, მაგრამ მაისაშვილი ოპო-კოლეგებმა ლამის ჯვარს აცვეს და მოღალატე და ორპირი ეძახეს. აი, მაშინ კიდევ ერთხელ გაცეცხლდა ეს სტაბილურ-იმიჯიანი პოლიტიკოსი და ინგა გრიგოლიას თოქ-შოუში, პირდაპირ ეთერში განაცხადა: ეგენი ვისზე ლაპარაკობენ, დღე აქციაზე არიან, ღამით მიშასთან დადიან და კონიაკს შეექცევიან ერთად, მიშამ მითხრა, შენს გარდა ყველა ლიდერია აქ ნამყოფიო. როცა გრიგოლია ჩაეძია, ვინ, ვინ იყო მიშასთანო? – მაისაშვილმაც არ დაახანა: ვინა და ორივე – დიდ-პატარა "გრეჩიხა" და დათო გამყრელიძე, მეტს აღარ ვიტყვიო. ამის გამო ოპოზიციამ შერისხა მაისაშვილი, სამაგიეროდ – ხელისუფლება მოიმადლიერა.
დსდა
თუმცა, აღმოჩნდა, მაისაშვილმა, უბრალოდ, დროს გაასწრო (როგორც სჩვევია) – მერე გაირკვა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერი, 2-3 კაცის გარდა, მეგზურის გარეშე, მშვენივრად იგნებდა გზას შავნაბადას რეზიდენციაში სააკაშვილის კაბინეტისკენ. ბევრი მათგანს კი, ვანო მერაბიშვილთან კვირაში ერთხელ რომ არ ესადილა, დისკომფორტს გრძნობდა. მაგათ ჰგონიათ, ვანოს ოპოზიციასთან ქეიფისა და მაგათი დაშოშმინების გარდა, მეტი საქმე არა აქვს.
ამის მერე, ოპოზიცია გადაიკიდა მაისაშვილმა, მაგრამ ვერც ხელისუფლებასთან ააწყო ურთიერთობა. არჩევანი ბოლოს, ისევ ოპოზიციის სასარგებლოდ გააკეთა, ოღონდ, ერთი პირობა დათქვა – რუსეთთან ურთიერთობის მოსურნე და აგენტობაში ეჭვმიტანილ პოლიტიკოსებთან საერთო არაფერი მექნება, დაველოდები, დაიწმინდოს ოპოზიციური სპექტრი, ნალექი მოიხადოს, მერე კი, მე ვიცი და ჩემმა ეკონომიკურმა სასწაულმაო.
დსდა
ერთი ფაქტია: გია მაისაშვილი ქართული პოლიტიკის ყველაზე რომანტიკული ლიდერია. თუ ხელებით ლაპარაკს გადაეჩვია, სათქმელი გასაგებად თქვა ან თარჯიმანი მაინც აიყვანა, მაშინ, ამ კაცს რაღაც მომავალი შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკაში. სულ არაფერი, მაისაშვილი სხვაზე ადრე მიხვდა, რომ პრორუსულ ძალებს მომავალი არა აქვთ საქართველოში. ვიდრე ნალექი დაიწმინდება პრორუსული პოლიტიკანები ასპარეზს მოსცილდებიან, ალბათ, მანამდე გია მაისაშვილიც გაარკვევს თავად ვისი "პროა" ქართულ პოლიტიკაში – ევროპისა, ამერიკისა, ორივესი ერთად თუ რუსულ-ოპოზიციური სპექტაკლის უნებლიე მონაწილე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100