ტორნადო ბათუმში
გუშინ ბათუმის აკვატორიაში ბუნების იშვიათი მოვლენა – ქარბორბალა (ტორნადო) დაფიქსირდა. თამარის დასახლების პირდაპირ ზღვაში ამოზიდულ ქარბორბალას ორ სვეტს უამრავი თვითმხილველი ჰყავდა, რომლებმაც პლაჟი უსაფრთხოების მიზნით სასწრაფოდ დატოვეს.
“ საღამო ხანი იქნებოდა. ასე 4 დან 5-საათამდე. არც თუ ისე შორს იყო ზღვაში. ერთი მათგანი ძალიან დიდი იყო, მეორე შედარებით მომცრო. შეგვეშინდა ხმელეთისაკენ არ წამოსულიყო და იქაურობა დავტოვეთ.” – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა ტანია ომელჩენკომ.
აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურს აღნიშნული მოვლენა არ დაუფიქსირებია, რადგანაც შესაბამისი ტეკნიკური აღჭურვილობა არ გააჩნია. – “ქარბორბალას ჩვენ ვერ ვაფიქსირებთ. მხოლოდ თვითმხილველებისაგან ვიგებთ მის შესახებ. ხანდახან ფოტოების გადაღებაც ხერხდება და გვაწვდიან. ამ ეტაპზე ჩვენი სამსახურის ჰაერისა და ტემპერატურის საზომიც არ მოქმედებს ბათუმის კონცხზე, რადგანაც იქ ბილიკები კეთდება და დროებით აღებულია. რაც შეეხება ქარბორბალას, მისი სვეტები არსებობის შემთხვევაში ბათუმის აკვატორიაში ჩვეულებისამებრ ხმელეთისაკენ არ მოძრაობენ და ჩრდილოეთით, ფოთისაკენ გადაადგილდებიან. – აცხადებს აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსი რუსუდან დიასამიძე.
კომენტარი