სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კორონავირუსის ამ ვერაგული შემოტევის შემდეგ დღე და ღამე ლუგარის ლაბორატორიაში იყო... გულში სტენტები ჰქონდა ჩადგმული და წინა ხაზზე იბრძოდა"- ექიმი-ინფექციონისტი ზურაბ მირიანაშვილი გარდაიცვალა

ქართველი ექიმების თავდადებასა და გმირობაზე უკვე არაერთი ამბავი გვსმენია, ფრონტის წინა ხაზზე ვხედავთ რამდენიმე ადამიანს,

რომლებიც ეკრანზეც ხშირად ჩანან, მაგრამ მათ უკან არიან სხვებიც, რომლებმაც მართლაც რომ გადადეს საკუთარი სიცოცხლე ადამიანებისთვის.

12 აპრილს ერთი ასეთი ადამიანი - ლუგარის ლაბორატორიის ექიმი-ინფექციონისტი, პროფესორი ზურაბ მირიანაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და მადლობას ვუხდით ბატონ ზურაბს ყველაფრისათვის.

მწერალი მიხო მოსულიშვილი ზურაბ მირიანაშვილის გარდაცვალებას სოცილურ ქსელში უძღვნის პოსტს, რომელიც უკეთ გაგვაცნობს მის პიროვნებას:

ნათლის კაცის საკარგყმო
(ზურა მირიანაშვილის გამოსათხოვარი)

კორონავირუსის ამ ვერაგული შემოტევის შემდეგ დღე
და ღამე ლუგარის ლაბორატორიაში იყო, თავის სამსახურში, უხილავი ფრონტის წინა ხაზზე.
ჰიპოკრატეს ფიცს ერთგულებდა, ყალბად კი არა, მართლა და თავის ვალს ბოლომდე, თავდაუზოგავად იხდიდა, ექიმის ვალს...
ექიმი იყო, გულში სტენტები ჰქონდა ჩადგმული და მშვენივრად იცოდა, რომ სტენტირება იშემიური დაავადების განკურნების საშუალება კი არა, იმისი ყველაზე მწვავე გამოვლინების კორექციაა და სტენტირებული ადამიანი გარკვეულ რეჟიმს უნდა ემორჩილებოდეს...
ისიც მშვენივრად უწყოდა, რომ კორონალური სტენტირების შემდეგ ყველაზე ხშირი გართულება გადაღლილობით გამოწვეული თრომბოზია ხოლმე, თანმდევი ინფარქტის მსგავსი ტკივილით გულმკერდის არეში...
იცოდა, მაგრამ სხვანაირად არ შეეძლო, ბოლომდე და პირნათლად უნდა მოეხადა ექიმის ვალი, როგორც ექიმი დედ-მამისგან ისწავლა და შეისისხლხორცა ბავშვობიდანვე...
და ვეღარ გაუძლო იმისმა გულმა...
12 აპრილს, საღამოს ცხრა საათზე ლუგარის ლაბორატორიიდან შინ დაბრუნებული ექიმი-ინფექციონისტი, პროფესორი ზურაბ მირიანაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა.
ზურა ნათლის კაცი იყო, ლამის მთელ ქვეყანას რომ უყვარდა და ესეც წავიდა, ნათელი და ვალმოხდილი...
... ჩავლილი საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს, როცა ლეიშმანიოზი ახალი შემოსული იყო და ძლივს მიხვდნენ ექიმები, რაც მჭირდა, მაშინ სწორედ ზურამ გამომიგზავნა იმისი სამკურნალო პრეპარატი, უშოვნელი და მიუწვდომელი...
ეს მარტო იმიტომ კი არ გაუკეთებია, რომ ჩემი მეუღლის უახლოესი ნათესავი იყო, ჩემიც, რადგან სხვა უამრავი ადამიანისთვისაც გაუწვდია დახმარების ხელი...
ახლაც ადამიანების გადასარჩენად ჰქონდა გადადებული თავი, თორემ, აკი ვთქვი, სტენტირების შემდეგ როგორ უნდა მოქცეულიყო, ექიმი იყო და იმაზე კარგად ვინ იცოდა...
დიდი ტკივილია შენი უდროოდ წასვლა, ზურა...
მსუბუქი ყოფილიყოს მიწა შენი ხორცისთვის, შენს სულს კი იქ ელხინოს, სადაც უფლის ზეციური საძოვრები და მისივე დიდი ნაძვებია...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100