სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრემიერი: მინისტრებს ჩემი გადაწყვეტილება პირადად გავაცანი და მათ ეს ნორმალურად მიიღეს

მინისტრებს ჩემი გადაწყვეტილება პირადად გავაცანი და მათ ეს ნორმალურად მიიღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
მისივე განმარტებით, საგანგებო ბრიფინგის გამართვამდე აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მინისტრების გარდა ინფორმირებული იყო კოალიციის პოლიტსაბჭოც.
"მე კორექტულობას ყოველთვის ვიცავ. გუშინ გვქონდა კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც ამ ცვლილებების თაობაზე ვისაუბრეთ. მე პოლიტსაბჭოს წევრებს გავაცანი ჩემი ხედვები და დასაბუთება თუ რატომ მიმაჩნია სწორად ზოგიერთ სამინისტროში ცვლილებების განხორციელება. მინდა გითხრათ, რომ კოალიციის პოლიტსაბჭო აბსოლუტურად ერთსულოვანი იყო და ჩემი გადაწყვეტილება მოწონებული იქნა. რაც შეეხება უშუალოდ იმ მინისტრებს, რომლებსაც ცვლილებები შეეხოთ, მე მათ პირადად გავაცანი ჩემი გადაწყვეტილება და მათ ეს ნორმალურად მიიღეს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერის განმარტებით, მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების ვინაობა ცნობილი ხვალ ან ზეგ გახდება.
ირაკლი ღარიბაშვილმა შვიდი მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100