ზუგდიდიდან... ჰომსამდე: ირაკლი ალასანიას „საოცნებო“ მარშრუტი
ზუგდიდი არ არის შორს. არც ტიბეტია შორს, თუ დათო ტურაშვილს დავუჯერებთ და კაცმა რომ თქვას, რატომაც არ უნდა დავუჯეროთ - ის რომ გულისხმობს, იმ ასპექტში მართლაც არ არის შორს ტიბეტი.
ზუგდიდი არ არის შორს. მაგრამ აი, ჰომსამდე (ქალაქია სირიაში) ზუგდიდიდან ნამდვილად შორია. და დღეს ჰომსი კიდევ უფრო შორსაა ზუგდიდიდან, ვიდრე მაშინ იყო, როცა ზუგდიდი მართლაც, ჰგავდა ჰომსს.
ჰომსი ქალაქია სირიაში, სადაც უკვე კარგა ხანია, სამოქალაქო ომი მთელი თავისი სისასტიკით მძვინვარებს: სამთავრობო ძალები ქალაქს უტევენ, ბომბავენ, მსხვილკალიბრიანი იარაღიდან უხსნიან ცეცხლს, მაგრამ მეამბოხეები არ თმობენ და ხალხი ორივე მხარეს იხოცება. არამხოლოდ შეიარაღებულები, მშვიდობიანი მოსახლეობაც.
ბუნებრივია, გწყინთ, რაც ჰომსში ხდება და გახარებთ, რომ ჰომსი შორსაა. მაგრამ საქართველოში მაინც არის ადამიანი, რომელსაც არ სჯერა, რომ ჰომსი შორსაა. მისთვის ჰომსი არ არის შორს - ირაკლი ალასანია წარმოსახვაში მას ახლოს ხედავს - იქ სადაც ზუგდიდია, ზუგდიდი კი, როგორც მოგახსენეთ, არ არის შორს...
მათთვის, ვინც არ იცის (თუა ასეთი) ან უფრო ვრცლად აინტერესებს, რატომ არ არის ირაკლი ალასანიასთვის ჰომსი შორს: ციტატა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან „ქართული ოცნების“ შეხვედრის დროს ირაკლი ალასანიას გამოსვლიდან:
„მე მინდა ყურადღება მიაპყროთ იმას თუ რა ხდება დასავლეთ საქართველოში. რატომ ყალიბდება გასამხედროებული ჯგუფები და ვინ აიარაღებს მათ. რატომ აქვთ იარაღი მუდამ თან და რატომ ელოდებიან რაღაც მოვლენას, როდესაც ეს მათ დასჭირდებათ. ეს ზუსტად მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილი არ აპირებს ჩაატაროს სამარათლიანი და თავისუფალი არჩევნები და ნიადაგს ამზადებს იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპიზიცია გაანადგუროს, რადგან, „ჩვენ ვართ სახელმწიფოს მტრები", „ჩვენ ვიმართებით კრემლიდან".
თავდაცვის სამინისტროში შექმნილი სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი, რომელსაც პირდაპირ დავალებული აქვს ზეწოლა ოპოზიციაზე და კერძოდ, ჩვენს კოალიციაზე, არის მხოლოდ დასაწყისი. სანამ არ არის გვიან და არ მიგვიღია ახალი ჰომსი ზუგდიდში, ან საქართველოს სხვა რომელიმე კუთხეში, მოგმართავთ, დაიწყეთ მოქმედება, ჩვენ ჯერ კიდევ შეგვწევს ძალა შევცვალოთ სიტუაცია ოქტომბრამდე. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ ერთობლივად.“
რა ხდება სინამდვილეში ზუგდიდში? აქ შექმნილი ნებაყოფლობითი რეზერვი - მოსახლეობას სამხედრო უნარ-ჩვევებს უვითარებს. რეზერვის შესახებ, რამდენჯერმე, ტელევიზიით გადაცემა მომზადდა და მის შესახებ, ინფორმაცია დაფარული არავისთვის არის.
ვინაიდან ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, რეზერვის მომზადებას თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს და მისი ამოცანა - მოსახლეობის სამხედრო უნარ-ჩვევების ამაღლებაა. ეს ნებაყოფლობითი რეზერვია, რომელიც გამჭირვალეა. და ეს არ არის მხოლოდ სამეგრელოში, არამედ ასეთი შეკრებები იყო საქართველოს სხვა კუთხეებშიც. რეზერვის მთავარი ამოცანაა, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებიც კრიტიკულ ვითარებაში მათ დაიცავთ.
ვიდეო: „პალიტრა ტვ“-ს სიუჟეტი
კომენტარი