სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ელენე დარიან Junior-ის ბლოგი: წერილი შალვა რამიშვილს

ფემინისტები მხოლოდ იმიტომ არიან ფემინისტები,რომ პირად ცხოვრებაში არ გაუმართლათ.

ლესბოსელი ქალები მხოლოდ იმიტომ არიან ლესბოსელები, რომ არ არიან ლამაზები და კაცებს არ მოსწონთ ისინი.

ის, ვინც ქალი ფემინისტი არ არის ცხოვრების მთავარი მიზანი და დანიშნულება აქვს: ემსახუროს „მის მამაკაცს“.

ასე ფიქრობს შალვა რამიშვილი და წერს:

„მებრალება ყველა ის ქალი, რომელსაც არ სურს რომ იყოს მამაკაცის მფარველობის ან ზრუნვის ქვეშ! მებრალება ყველა ის ქალი, რომელსაც არ მიაჩნია თავის ვალად მისი მამაკაცის მსახურება... და ნუ გამომეკიდებით ამ ზმნაზე. მე არ მომწონს ასეთი ქალები. არც ერთ მამაკაცს არ მოსწონს ასეთი ქალები!“.

სიტყვებისთვის არასოდეს მიდევნია. თუმცა დევნა რა საჭიროა, როცა მათ კონკრეტული მნიშვნელობა აქვთ.

შალვა რამიშვილის ლოგიკა ჩემებურად რომ ვთარგმნო, ასე გამოდის.

ქალებს სურთ მამაკაცები მფარველობდნენ. ანუ ქალი დაუცველი და სუსტია, აქვს ბუნებრივი მოთხოვნილება მამაკაცმა შეიფაროს და იზრუნოს მასზე. ამავდროულად მზუნველობის საფასური მსახურებით გადაუხადოს. მსახურების ქართული რიტუალი კი ისედაც ვიცით როგორია:

მერე რა, თუ ორივე მუშაობს, საღამოს სახლში მოსული ქალი ვახშამს ამზადებს, სახლს ქალი ალაგებს, ჭურჭელს ქალი რეცხავს ან დებს მანქანაში, რომელიც მის ნაცვლად გარეცხავს, დილით კაცზე ადრე იღვიძებს, საუზმეს უმზადებს, ტანსაცმელს უუთოვებს.

რა გასაკვირია თუ საკუთარი თავისთვის დრო არ რჩება,ამიტომ მანქანაში იკეთებს მაკიაჟს – ეს უკვე სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის ლოგიკაა. რომლის სარვამარტო დისკრიმინაციული კამპანიის გაპროტესტებამ ქალების ნაწილის მიერ, შალვა რამიშვილის სექსისტური სტატუსი შვა.

შალვას მსგავს კაცებთან პრინციპში ყველაფერი გასაგებია.

მე ქალებზე ვფიქრობ.

ვცდილობ მივხვდე, რას სურთ ქალებს,როცა ისინი ამბობენ, რომ დიახაც, უნდა ემსახურონ, დიახაც, მათ მფარველი მამაკაცი ჭირდებათ.

იქნებ არც არაფერი სურთ და მხოლოდ იციან რა უნდა სურდეთ? იქნებ გულწრფელად ფიქრობენ, რომ დედამიწაზე „ქალური“ და „მამაკაცური“ როლები ღმერთმა „დააკანონა“. ქალების ნაწილის ამბოხება და სისუსტის და მსახურების გაპროტესტება კი ღმერთის გზიდან გადახვევაა და მეტი არაფერი. იქნებ ამ ქალებს, შალვას მსგავსად გულწრფელად ეცოდებათ „ამბოხებული ქალები“.

მე მხოლოდ ვარაუდი შემიძლია. რადგან არ ვიცი პასუხი კითხვაზე, რატომ მორჩილებენ ქალები კაცებს, თავისი ნებით.

ეს ნება მუსულმანი ქალების ჩადრის ტარების ტრადიციას გავს. წლების მანძილზე სტერეოტიპებით და „უნდა და საჭიროა“–თი გამოტენილი თავი, ავტომატურ რეჟიმში იგივეს იმეორეს უკვე შვილებისთვის, უმცროსი დებისთვის, გზას აცდენილებისთვის.

„გეთანხმები, რომ ნებისმიერ ჭეშმარიტ ქალს მართლა სურს მამაკაცის ძლიერი ფრთის ქვეშ ყოფნა... ბევრი ამას არ აღიარებს...ძლიერი ქალი... რა ვუყოთ ამ ნიღბებს“ – ეს კომენტარი შალვა რამიშვილის სტატუსზე ერთმა ქალმა დაწერა.

მთელი დღეა მამაკაცებს ზომაზე მეტი ყურადღებით ვათვალიერებ. როცა ფრთის და თანაც ძლიერი ფრთის ნიშნებს სხეულზე ვერ ვპოულობ ვეკითხები:

–უკაცრავად ფრთა გაქვთ?

–რა ფრთა?

–ძლიერი ფრთა. მინდა თქვენი ფრთის ქვეშ დავდგე.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100