ხმაური შსს-სთან - პოლიცია აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა, დაკავებულია 3 პირი
დაპირისპირება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან - ამ წუთებში ხმაურია ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან, სადაც პოლიცია აქციის "ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული!" მონაწილეებს უპირისპირდება. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა გზის სიმბოლურად გადაკეტვა დააპირეს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნიკუშა ფარულავას ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს, ესენი არიან: მოძრაობა "შეცვალეს" წევრი ოთო შენგელია და აქციის ორი მონაწილე - ლაშა ცუცქირიძე და ზვიად კუპრავა.
მანამდე კი მონაწილეებმა წითლად შეღებილი ხელთათმანების შსს-ს ღობეზე გაკვრა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
ახალგაზრდული ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები ძალოვან უწყებასთან, ქვეყანაში შექმნილი მძიმე კრიმინოგენური ვითარებისა და გაუხსნელი საქმეების სიმრავლის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 22 ივლისს, 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი, 5 დღიანი გაუჩინარების შემდეგ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარი მანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი იპოვეს.
კომენტარი