თბილისში თემურ ხაჩიშვილს "მხედრიონის" ეპოქის დაბრუნება უნდოდა
შსს–მ სპეციალურ ბრიფინგზე ფარული სატელეფონო საუბრების ჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც "ეროვნულ–სარწმუნოებრივი" მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა გოგუაძე რუსეთში თემურ ხაჩიშვილს, ოლეგ კეშელავას და პაატა მოდებაძეს ესაუბრება და მათ არეულობის სამზადისის შესახებ ანგარიშს აბარებს. ნიკა გოგუაძის აღიარებით, მას ხაჩიშვილმა წიგნი გადასცა, რომლის გვერდებსაც კარნახობდა და ადგენდა დაშიფრულ ტექსტს შეხვედრის ადგილის შესახებ ბადრი ბიწაძესთან. სატელეფონო საუბრებში ნიკა გოგუაძე ხაჩიშვილთან დარეკვას ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძესაც ავალებს.
ნიკა გოგუაძის აღიარებით, "ეროვნულ–სარწმუნოებრივი მოძრაობა" ხაჩიშვილთან შეთანხმებით სწორედ იმ მიზნით დაფუძნდა, რომ ნინო ბურჯანაძისა და ბადრი ბიწაძის მიერ მიტინგებზე პროვოკაციის მოწყობისა და არეულობაში გადაზრდის შემდეგ თბილისში თემურ ხაჩიშვილის შეიარაღებული დაჯგუფება ყინწვისიდან ჩასულიყო. მათ შეერთებას მომიტინგეებთან მუნიციპალურ შენობებზე კონტროლი უნდა მოჰყოლოდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გზით აპირებდა თბილისში ჩამოსვლას შევარდნაძის ხელისუფლების ყოფილი შს მინისტრი და "მხედრიონის" ერთ–ერთი ლიდერი, თემურ ხაჩიშვილი.
"შსს–მ 26 მაისს ყინწვისში 24 ადამიანის შემადგენლობით შეიარაღებული ჯგუფი აიყვანა. მათ ორგანიზებას უკეთებდა და ხელმძღვანელობდა საქართველოს ყოფილი შს მინისტრი და "მხედრიონის" ერთ–ერთი ლიდერი, თემურ ხაჩიშვილი. დაკავებულებს ბრალი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ედებათ", – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.
კომენტარი