სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვიქტორ ჯაფარიძე: „სამთავრობო კომისია პრემიერის ხელდასმით ქმედითუნარიანი იქნება“

"რამდენადაც ვაკვირდები, ამ პროექტის განხორციელებაში საზოგადოების ჩართულობა ძალიან მაღალია. ენერგეტიკის სამინისტრო და მთავრობა მუდმივად გამოთქვამენ მზადყოფნას დიალოგისთვის. რაც შეეხება ახალი კომისიის შექმნას, მე არ ვარ იმდენად ჩახედული პროექტის დეტალებში, რომ მის საჭიროებაზე ვიმსჯელო.

ალბათ ენერგეტიკის სამინისტრო უფრო კომპეტენტური იქნება პასუხის გაცემაში. პირადად მე რასაც ვხედავ, როგორც ამ კუთხის წარმომადგენელი, მთავრობის წევრი თუ საზოგადოების რიგითი წევრი, ძალიან აქტიურია საზოგადოების ჩართულობა, როგორც მოსახლეობის, ისე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების. კარგი იქნება თუ ამაში ექსპერტებიც ჩაერთვებიან." _ აცხადებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი.

კომენტარი მინისტრმა ექსპერტთა ოთხეულის: ლევან კალანდაძის, ირაკლი ლექვინაძის, გიორგი აბაშიშვილისა და ლევან ალაფიშვილის ინიციატივაზე გააკეთა. ხუდონჰესთან დაკავშირებით, ექსპერტებმა, სამთავრობო კომისიის შექმნის ინიციატივა სამშაბათს დააყენეს და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართეს. ექსპერტების განცხადებით სამთავრობო კომისიის ძირითადი ფუნქცია მთელი სვანეთის, რეგიონის მოსახლეობასთან კომუნიკაციის წარმოება უნდა იყოს და ასევე ყველა იმ საკითხის ოპერატიული გადაწყვეტა, რომელიც ხუდონჰესის პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით წარმოიქმნება.

ინიციატივაზე კომენტარს აკეთებს მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე:

"მე მიმაჩნია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა დიალოგის რეჟიმში უნდა მოხდეს. აუცილებელია ოქროს შუალედი ინახოს. შესაძლოა აუცილებელიც არის კომისიის შექმნა. ძალით და ჩხუბით არაფერი გაკეთდება. დიალოგის რეჟიმში ვართ გადასულები და რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს, განსხვავებით სააკაშვილის ხელისუფლებისაგან, რომელიც მხოლოდ იარაღსა და კუნთებზე იყურებოდა. ვთვლი, რომ არ იქნება ურიგო სამთავრობო კომისიის შექმნა.

თუ სამთავრობო დონეზე მოხდება კომისიის შექმნა და პრემიერის ხელდასმით, რა თქმა უნდა ქმედუნარიანი იქნება. ეს რიგითი კომისია ხომ არ არის. როცა კომისიაში მინისტრები შედიან, აუცილებლად ქმედუნარიანი იქნება.

ხაიშელები თუ მეტყვიან, რომ ამ კომისიაში მე უნდა ვიყო მათი წარმომადგენელი, ჩავერთვები. კიდევ ვიმეორებ, სამთავრობო კომისიის შექმნა, ჯერჯერობით, ექსპერტთა მოსაზრებაა, თუმცა დიალოგის რეჟიმს ყოველთვის მხარს ვუჭერ."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100