ირაკლი შოთაძე მოზარდების მკვლელობის განაჩენზე: განაჩენს კატეგორიულად არ ვეთანხმებით, გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში
ჩვენ განაჩენს კატეგორიულად არ ვეთანხმებით და ცალსახად ვაცხადებთ, რომ გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენთვის, როგორც ბრალდების მხარისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დამნაშავედ სცნო ორი ბრალდებული. ერთი მათგანი გამტყუნდა არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ ბრალდებაში, ხოლო მეორე ბრალდებული გამტყუნდა არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ მკვლელობის მცდელობაში. მიუხედავად იმისა, რომ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ჩვენ ამ განაჩენს მაინც კატეგორიულად არ ვეთანხმებით და სრულიად მიუღებელი და გაუგებარია. გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით მიიღო მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება და არა სხვაგვარი. როგორც ბრალდების მხარე, დეტალებზე ვერ ვსაუბრობთ და ველოდებით სამოტივაციო ნაწილს, მიუხედავად ამისა, ცალსახად ვაცხადებთ, რომ გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში, რადგან პროკურატურამ ორივე ბრალდებულის მიმართ შერაცხული ბრალის დასადასტურებლად წარადგინა სასამართლოში უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა გაუზიარებლობა გაუგებარი და მიუღებელია“, - განაცხადა შოთაძემ.
კომენტარი