სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსამართლეთა შანტაჟის საწინააღმდეგოდ ზომები მიიღონ - ვანო ჩხარტიშვილის მიმართვა ნინო გვენეტაძეს

ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი იმედა დვალიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სთხოვს, მოსამართლეთა მიმართ შანტაჟის საწინააღმდეგოდ გადამჭრელი ზომები მიიღონ.

როგორც იმედა დვალაძემ განაცხადა, ნინო გვენეტაძემ და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა უზრუნველყონ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს ხელშეუხებლობა.

საქმე ეხება ორ სასამართლო დავას: წისქვილქარხნის ჩამორთმეულ ქონებას და ფოთის პორტის ნავმისადგომების იჯარის უფლების გაუქმებას.

დვალიძე აცხადებს, რომ საქმეში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან მოსამართლეზე ზეწოლა მიმდინარეობს.

„იძულებულნი ვართ, მივმართოთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო გვენეტაძეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რათა მოსამართლეთა მიმართ შანტაჟისა და ფსიქოლოგიური ტერორის საწინააღმდეგოდ სასწრაფოდ მიიღონ გადამჭრელი ზომები და უზრუნველყონ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს ხელშეუხებლობა. დღემდე ჩვენ თავს ვიკავებდით კერძო სასამართლო დავის დეტალების საჯარო სივრცეში გადატანისგან, რომელიც ეხება 2010 წელს ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილისთვის ფოთის წისქვილქარხნის ქონების და ფოთის ნავმისადგომების იჯარის უფლების წართმევის ფაქტს და რომელშიც ბატონებთან კოკი ოსიპოვსა და სოსო დოლიძესთან ერთად ფიგურებს „თიბისი ბანკი“, როგორც დანაშაულებრივი სქემის მონაწილე. ჩვენს შემთხვევაშიც იმუშავა წინა ხელისუფლების პერიოდში აპრობირებულმა დანაშაულებრივმა სქემამ, როცა ბიზნესების და ქონების წართმევის დროს, კერძო იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ერთად მონაწილეობდა პროკურატურა, შსს, მთელი სახელმწიფო მანქანა, ნოტარიუსად ქცეული სასამართლო და ესა თუ ის კომერციული ბანკი. მიგვაჩნია, რომ მხარეებმა არგუმენტებით და მტკიცებულებებით უნდა იდაონ სამართლებრივ და არა მედია სივრცეში. თუმცა, ჩვენი ოპონენტების ქმედებები გასცდა სასამართლო დავის მხარეთა ურთიერთობის ყოველგვარ ზღვარს და იძულებულები ვართ, სათანადო პასუხი გავცეთ მათ ცდებს, მოახდინონ დანაშაულებრივად მითვისებული ბიზნესების გამართლება, კეთილსინდისიერ შემძენებად წარმოაჩინონ თავი და შეძლონ უკანონოდ წართმეული ქონების დაკანონება. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულებრივი სქემის მონაწილეები დღეს მოკლებულნი არიან ზემოქმედების სახელისუფლო ბერკეტებს, ისინი მაინც ცდილობენ სამართლებრივ პროცესზე ზეგავლენის მოხდენას სასამართლოს და მოსამართლეების დისკრედიტაციით, ცილისმწამებლური არზებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თუ მედია–სივრცეში. გასაოცარი ფაქტია, რომ ოპონენტები, ერთის მხრივ, ეჭვქვეშ აყენებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიუკერძოებლობას და, მეორეს მხრივ, ითხოვენ, რომ დავა გადატანილ იქნას ფოთში იმავე სასამართლოში, რომელმაც 2010 წელს ყალბი „ექსპერტული“ დასკვნის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ სამართლიანი სასამართლო, ყველა ინსტანციაში, ძალიან მარტივად შეაფასებს სადაო საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ოპონენტების ქმედებებს, როცა მოწინააღმდეგე მხარე, კეთილსინდისიერ შემძენად თავის გასაღების მიზნით, აქტივების დანაწევრებას და მრავალგზის გადაყიდვა–გასხვისებას ცდილობდა. უფრო მეტიც, საქმის ერთ–ერთმა ფიგურანტმა, ბატონმა კოკი ოსიპოვმა, დევნილობაში მყოფ ვანო ჩხარტიშვილს საზღვარგარეთ სპეციალურად ჩააკითხა და სადავო საკითხების „დახურვის“ მიზნით სოლიდური თანხა და ბიზნესში გარკვეული წილიც შესთავაზა. ცხადია, ეს ფაქტიც ნათლად აჩვენებს, რომ ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული ჩვენი ოპონენტების მცდელობა, თავი წარმოაჩინონ, როგორც კეთილსინდისიერმა შემძენებმა. აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლების მიერ ინიცირებული დანაშაულებრივი კარტელის მოქმედებების გამო ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იძულებული იყო დაეტოვებინა საქართველო და ის დიდმა ბრიტანეთმა სცნო პოლიტიკურ დევნილად და მისცა პოლიტიკური თავშესაფარი. მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ჩვენი ოპონენტების კეთილგონიერების იმედი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ შეინარჩუნონ სახე და დაბრუნდნენ სამართლებრივი დავის ცივილიზებულ ჩარჩოებში. იდაონ არგუმენტებით, ფაქტებით და ხელი აიღონ მიუღებელი მეთოდებით სამართლებრივ პროცესზე ზეგავლენის მოხდენის ფუჭ მცდელობებზე. ოპონენტებისგან განსხვავებით, ჩვენ ყოველთვის ვირჩევთ დავის მოგვარების ცივილიზებულ, სამართლებრივ გზას. მიგვაჩნია, რომ ოპონენტების ტაქტიკა, რომლებიც გადასულნი არიან მოსამართლეთა ფსიქოლოგიურ დაშინებასა და დისკრედიტაციაზე, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სიმართლის დადგენას ერთ კონკრეტულ საქმეზე, არამედ ეჭქვეშ აყენებს სამართლიანი სასამართლოს განხორციელების პრინციპს“,-განაცხადა ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა იმედა დვალიძემ.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100