პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში ონლაინ რეჟიმში facebook–შიც ნახავენ
პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლის ნახვა პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე, პრეზიდენტის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.
"ამ კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით, ჩვენ შევეცდებით, დღეიდან ვიყოთ კიდევ უფრო მუდმივ ინტერაქციაში საზოგადოებასთან. მივიღოთ და გავიგოთ მათი მოსაზრებები", - აღნიშნა მანჯგალაძემ.
პრესსპიკერის თქმით, პრეზიდენტის სიტყვა დაახლოებით 25-გვერდიანია და სავარაუდოდ, 50 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.
მანანა მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტს მოგვიანებით შესაძლებლობა ექნება, პასუხი გასცეს დეპუტატების კითხვებს.
ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში დღეს, 20:00 საათზე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. პრეზიდენტისთვის აღნიშნული გამოსვლა პარლამენტში რიგით მეათეა.
კომენტარი