სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არასრულწლოვანთა პორნოგრაფია საქართველოში და დღის მნიშვნელოვანი მოვლენები

გთავაზობთ, დღეს 11 აპრილს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და იმ ფაქტებს, რომლებმაც მედიის ყურადღება მიიქცია.

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით დღეს პოლონეთს ეწვია. მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში ბრონისლავ კომოროვსკის შეხვდება. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრების გარდა, საქართველოს პრეზიდენტი ევროპის კოლეჯის სტუდენტებს შეხვდება. დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა. მოგვიანებით, ქვეყნის პირველი პირი ევროპის კოლეჯში საქართველოს ეროვნული დღის საპატივცემულოდ გამართულ მიღებას დაესწრება.

რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსს აცხადებს. ყოფილი მსჯავრდებულებისთვის ფსიქოლოგიური დახმარებისა და შემდგომში მათი დასაქმების უზრუნველყოფისთვის ორეტაპიანი გრანტი გამოიყოფა.
თანხა 90 ათას ლარს შეადგენს, საიდანაც 50 ათასი ფსიქოლოგიური დახმარების პროგრამისთვის არის განკუთვნილი, 40 ათასი კი დასაქმების ხელშეწყობისთვის. რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამა 2012 წელს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით დაიწყო.

თავდაცვის მინისტრმა "საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში" სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა და მათ კითხვებს უპასუხა. ალასანიამ შეიარაღებული ძალების განვითარების კონცეფციაზე, უსაფრთხოების განმტკიცებასა და სამხედრო განათლებაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე და საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობაზე სამშვიდობო მისიებში.

"საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" პროექტის ფარგლებში, განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. მინისტრმა ჟურნალისტებს უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში გააცნო, ასევე ისაუბრა მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. მოსწავლეების უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა და სამსახურიდან გათავისუფლებული პედაგოგების საკითხი იყო შეხვედრის მთავარ თემებს შორის.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი პოლონეთის დახმარებით გათვალისწინებულ 2013 წლის პრიორიტეტულ მიმართულებებს შეეხო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აპრილის ბოლოს საქართველოში პოლონელ ექსპერტთა ჯგუფი თვითმმართველობის ქართველ სპეციალისტებს გამოცდილებას გაუზიარებს. გარდა ამისა, ქართველი სპეციალისტები პოლონეთში გაემგზავრებიან, სადაც თვითმმართველობის სფეროში ტრენინგებს გაივლიან.

დავით დარახველიძემ საქართველოში შვეიცარიის ელჩ გიუნტერ ბეხლერთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა დიპლომატს სამინისტროში მიმდინარე სიახლეები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. შეხვედრა სამუშაო ფორმატში წარიმართა და დევნილი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას შეეხო. დარახველიძემ ელჩს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმები გააცნო, რომელიც სამინისტრომ დონორებთან და პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს დევნილთა მიღების დღეებზე, რომელიც მინისტრის ინიციატივით დაწესდა. დავით დარახველიძემ გიუნტერ ბეხლერს დევნილთა მიღების ახალი ცენტრის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც დევნილთა სამინისტროში უნდა ამოქმედდეს.

კახეთის გუბერნატორმა სოფელ კისისხევში სტიქიით დაზარალებული იობაშვილებისა და მურველაშვილების ოჯახები მოინახულა. თავდაპირველად ზურაბ ჭიაბერაშვილმა იობაშვილების ბაღი დაათვალიერა, რომელიც წუხანდელი სეტყვის შედეგად 100 პროცენტით განადგურდა. შემდეგ კი მურველაშვილებთან მივიდა და მათ ზარალს გაეცნო. სტიქიის შედეგად სოფელ კისისხევში დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაიხოცა შინაური ცხოველი, განადგურდა ვენახების ნაწილი. ძლიერმა სეტყვამ კახეთის 6 სოფელი: რუისპირი, კონდოლი, კისისხევი, წინანდალი, იყალთო და ყარაჯალა დააზარალა. თელავის მუნიციპალიტეტში ზარალის დამთვლელი კომისია უკვე შეიქმნა.

პატიმრის წამებისა და გაუპატიურების ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N15 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელები დააკავეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მსჯავრდებულისთვის არაადამიანური მოპყრობა და წამება. პატიმრის წამების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში აღიძრა.

შსს-მ ქართველი არასრულწლოვანი გოგონას პორნოგრაფიულ სცენებში იძულებით მონაწილეობის საქმე გახსნა. სამართალდამცველებმა საქართველოში მსხვერპლის დედა, 45 წლის მოქალაქე დააკავეს, ხოლო ისრაელში წარსულში ყაჩაღობისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევისათვის ნასამართლევი, 42 წლის ისრაელის მოქალაქე მამაკაცი. გამოძიებამ დაადგინა, რომ 11 წლის გოგონას საკუთარი დედა ორი წლის განმავლობაში აიძულებდა, მონაწილეობა მიეღო პორნოგრაფიული სურათებისა და ვიდეოების გადაღებაში, მცირეწლოვანის პორნოგრაფიულ მასალებს კი გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყიდდა ქართული წარმოშობის ისრაელის მოქალაქე მამაკაცზე. საქართველოს პარალელურად, გამოძიება მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელისა და ავსტრალიის სპეცსამსახურების მიერ. ინფორმაციული უზრუნველყოფის მხრივ გამოძიებას აქტიურად ეხმარებოდა აშშ-ს საელჩო საქართველოში და ინტერპოლის გენერალური სამდივნო. არასრულწლოვნის დაკავებული დედა მოთავსებულია თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში. დაზარალებული 11 წლის გოგონა გადაყვანილია ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თავშესაფარში. ამჟამად მას გამოცდილი ფსიქოლოგების მიერ სარეაბილიტაციო კურსი უტარდება.

"არა კრემლის პოლიტიკას", - ამ სლოგანით გმირთა მოედანზე კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა" აქციას მართავს. პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში შეფასებები კეთდება რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შესაძლებლობასა და სერგეი ლავროვის განცხადებაზე.

უკვე მეორე დღეა გორში სამარშრუტო ტაქსების გაფიცვა გრძელდება. 100-მდე მძღოლი შპს "ავტოტრანსის" წინააღმდეგ გამოდის. მძღოლები აცხადებენ, რომ კომპანიამ ხაზზე ახალი სამარშრუტო ტაქსები შემოიყვანა, რის გამოც მათ სამუშაო დღეები შეუმცირდათ. მძღოლები სამუშაო დღეების რაოდენობის გაზრდას და ყოველდღიური გადასახადის შემცირებას ითხოვენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრის" ორგანიზებით, ეკონომიკის სამინისტროსთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სოლიდარობას სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებულ ადამიანებს უცხადებენ. მათივე განმარტებით, ეს აქცია არის პრევენციული ზომა, რათა არ განმეორდეს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტები. აქციის მონაწილეები ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებს ფლაერებს ურიგებდნენ, სლოგანით - "რა დავაშავე?!".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100