სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„თრეიდლაინი“ mybrand.ge-ს ბრალდებებს პასუხობს

„ქართულ ბაზარზე გაურკვეველი წარმომავლობის მაღაზიები მომრავლდნენ“

Commersant.ge

საქართველოში გაურკვეველი წარმომავლობის კომპანიები მომრავლდა, რომლებიც, როგორც თავად აცხადებენ, „მაღალხარისხიან პატენტ პროდუქციას” ყიდიან. რეალურად კი მათი პროდუქცია ყალბია. ამის შესახებ კომპანია „თრეიდლაინი“ mybrand.ge-ს წარმომადგენლის განცხადების საპასუხოდ აცხადებს.

შეგახსენებთ: mybrand.ge-ს წარმომადგენელმა ლევან ნიკოლეიშვილმა commersant.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული ტანსაცმლის არცერთი მაღაზია ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი არ არის. მისი თქმით, ლუქს კლასის ბრენდების ორიგინალი პროდუქციის ღირებულება იმდენად მაღალია, რომ საქართველოში მათი გაყიდვა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა.

„ასეთ შემთხვევაში პროდუქციის ფასებს კიდევ ორი „ნოლიანი“ დაემატებოდა. ყველა ეს მაღაზია მაღალი ხარისხის პატენტს ყიდის, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით ვრცელდება და კარგი ხარისხისაა,“ – ამბობს ნიკოლეიშვილი. ამ ინფორმაციას უარყოფს „რობერტო კავალის“ პროდუქციის რეალიზატორი მაღაზია „კლასის“ ბრენდ მენეჯერი, თორნიკე მანჯავიძე, რომლის თქმითაც მათ უკვე ოთხი წელია „კავალის“ ფირმისგან ოფიციალური ლიცენზია აქვთ და მათი პროდუქცია შემოაქვთ.

კომპანია „თრეიდლაინში“ კი აცხადებენ, რომ საქართველოში არსებობენ კომპანიები, რომლებიც უცხოური ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლობის სტატუსს ფლობენ, მათ შორისაა „თრეიდლაინიც“.ამასთან, კომპანიის მარკეტინგის დირექტორის ეთერ გვარაძის თქმით, ბოლო დროს საკმაოდ მომრავლდნენ მაღაზიები, რომლებიც გაურკვეველი წარმომავლობის, როგორც თავად უწოდებენ - „მაღალხარისხიან პატენტ პროდუქციას” ყიდიან, რაც რეალურად ყალბი (fake) პროდუქტია და ბრენდთან არანაირი კავშირი არ აქვს.„შესაბამისად, ასეთ მაღაზიები საქართველოში ამ სფეროს დისკრედიტაციას ახდენენ“, - აცხადებს ეთერ გვარაძე.

მისი ინფორმაციით, „თრეიდლაინი“ 1994 წლიდან საქართველოში ისეთი ცნობილი ბრენდების ექსკლუზიური და ოფიციალური წარმომადგენელია, როგორებიცაა: Levi’s, Dockers, Lee, Wrangler, Rifle, GAS, Falke, Burlington. კომპანია ასევე ოპერირებას უწევს „ჯინსის გალერეის“ მაღაზიათა ქსელს (მათ შორის Levi’s Original Store-ს და Lee & Wrangler -ის უახლესი ევროპული კონცეფციის მაღაზიას). „ჩვენი ყველა მაღაზია მოხსენიებულია ბრენდების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე, რაც იმის გარანტია, რომ თითოეული პროდუქტი, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი შეიძენს, არის ორიგინალი“ - აცხადებს ეთერ გვარაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100