სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„შინდისის გმირებში“ მონაწილეობა დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ბედნიერებაა - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ ლაშა ჯუხარაშვილთან

კინოსა და თეატრის მსახიობი ლაშა ჯუხარაშვილი დრონი.ჯი-სთან ინტერვიუში ბოლო დროს გადაღებულ ხმაურიან და რეიტინგულ ფილმზე „შინდისის გმირებზე“ საუბრობს. ლაშა ამ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს, მსახიობი ასევე პირად ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრება ჩვენს ჟურნალისტს.

ნახეთ, უფრო ვრცლად, როგორია ახალგაზრდა და წარმატებული მსახიობის ცხოვრება სცენისა და კამერის მიღმა.

- დრონი.ჯი- მკითხველს უკეთ რომ გავაცნოთ შენი თავი, მოგვიყევი, ვინ არის ლაშა ჯუხარაშვილი?

- ლაშა ჯუხარაშვილი ვინ არის ?! რთული კითხვა 28 წლის ვარ და კიდევ საკუთარი თავის ღმოჩენაში ვარ, რაშიც ასე თუ ისე ჩემი პროფესიაც მეხმარება. მოკლედ: ვარ შვილი, მეუღლე და მამა. დანარჩენი ყველაფერი იცით.

- შეგიძლია გვითხრა, როგორია მსახიობის ერთი ჩვეულებრივი დღე?

- ვარ რუსთაველის თეატრის მსახიობი, რითაც ვამაყობ და მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ჩვეულებრივი დღე არ არსებობს. თეატრმა ჩემს ცხოვრებას მრავალფეროვნება მისცა, მიუხედავად ჩვენი ხელოვანების ცხოვრების ყოფისა, ყოველი დღე რაღაც სიახლის ან ძველის ახლად გადაფასებისთვისაა.

ჩემი ცხოვრება როგორც კი "ჩვეულებრივობისკენ" მიდის, რაღაცას ცვლი, სხვანაირად რუტინული ხდება... და თუ ამ ყველაფერს პროფესიული წარმატებაც მოყვება ხომ საერთოდ ფერად-ფერად ამბებში ხარ ადამიანი.

- ალბათ, ძალიან ბევრი პერსონაჟი განგისახიერებია, ზოგი მოგწონდა, ზოგი - არა. თუ დაუტოვებია რაიმე კონკრეტული თვისება რომელიმე პერსონაჟს შენთვის?

- ყველა ჩემი პერსონაჟი მიყვარს პროცესის დროს. (რეპეტიციებს ვგულისხმობ) მასთან ერთად ფიქრობ, ეძებ ავტორს და საკუთარ თავს ამ პერსონაჟში, თვისებებს "უცვლი" შენს პერსონაჟს. ხან მისგან გრჩება, ხან მას რჩება.

- როდის ხარ ყველაზე ბედნიერი?

- ყველაზე ბედნიერი სახლში ყოფნისას გახლავართ. ბედნიერება ყველას თავისებურად ესმის და აღიქვამს, ზოგადად ვეძებ, იქნებ ყველგან შევძლო ბედნიერება ამ მძიმე პირობების ჟამს.

- როგორც ვიცით, კინოსა და თეატრის მსახიობი ხარ. რას მიიჩნევ აუცილებელ პირობად იმისთვის, რომ მსახიობმა თავისი ნიჭი სრულად წარმოაჩინოს?

- ძალიან რთულია ასე პასუხის გაცემა, მაგრამ ვფიქრობ, შრომა და ერთგულება საქმის, ალბათ ეს არის, დანარჩენი ყველაფერი გამართლების ამბავია. საჭირო დროს საჭირო ადგილზე… თუ როგორც არის (იცინის).

- "შინდისის გმირები" ბოლო პერიოდის ყველაზე პოპულარული და ერთხმად აღიარებული ფილ. რა გრძნობაა როდესაც მსგავს შედევრში იღებ მონაწილეობას?

- შინდისზე ის შემიძლია გითხრათ, რომ დიდი პასუხისმგებლობაა და ყოველთვის იქნება მსგავსი ჟანრისა და ეროვნულობით გაჯერებულ პროექტში მონაწილეობა. როდესაც ხვდები ასეთ თემაზე გადაღებულ ფილმში, ასეთ შემოქმედებით გუნდთან ერთად რაღაც საერთო სათქმელ ამბობ და ამის შესაძლებლობა გეძლევა, ეს დიდი ბედნიერებაა. თქვენს მკითხველს ვურჩევ ეს ფილმი აუცილებლად ნახონ. 11 წლის შემდეგ, კიდევ გადავხედოთ ახლო წარსულს.

- და ბოლოს, როგორია ლაშა ჯუხარაშვილის ოჯახური ცხვორება?

-ჩემს ოჯახზე, სახლში, ჩემთან "კოფეზე" შემიძლია მოგიყვე და დაუსრულებლად გელაპარაკო. ისე კი, მყავს მეუღლე და ორი შვილი. მოკითხვა და დიდი სიყვარული ჩვენგან თქვენს მკითხველს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100