სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზვიად ძიძიგური: „მათი ვნებათაღელვა დროის ფუჭად კარგვაა და ნერვებს სულ ტყუილად ნუ იშლიან“

ოპოზიციაში ისეთი მდგომარეობაა, რომ ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობს. ირაკლი ალასანია „ალიანსს“ გამოეყო და ნოღაიდელის ფრთას შეუერთდა, მერე კი ისევ „ალიანსში“ დაბრუნდა. „ალიანსი“ და პრაიმერში მონაწილე პოლიტიკური ძალები ერთმანეთს უკვე ღიად უპირისპირდებიან.
„სწორად ფიქრობს მანანა ნაჭყებია, არ უნდა იფიქროს, რომ ჩვენ, ნოღაიდელთან ფინანსების გამო ვართ, ჩვენ, საერთო პოლიტიკური პროექტი გვაქვს და ამას ჰქვია პრაიმერი. ისე, როდესაც ადამიანი რაღაც სხვანაირად ფიქრობს, ეს თვითონ მის მდგომარეობაზე მეტყველებს, ანუ თავისი საზომით ზომავს ზოგიერთი ადამიანი ამა თუ იმ საკითხს და შემდეგ ეს, ისევ მას აყენებს ხოლმე უხერხულ მდგომარეობაში“, - აცხადებს „დრონი.ჯი“-სთან საუბრისას „კონსერვატორების“ ლიდერი ზვიად ძიძიგური.
„დრონი.ჯი“: ბატონო ზვიად, ოპოზიციის შეკრებას საგურამოში, ბიძინა გეგიძის აგარაკზე თქვენც ესწრებოდით, რა იყო ამ შეკრების მიზეზი და რაზე შეჯერდით?
ზვიად ძიძიგური: დიახ, საგურამოში მეც გახლდით, ოღონდ იქიდან მალე წამოვედი. რაც შეეხება საუბრის თემას და იმას, თუ რას განვიხილავდით, ამას ჯერჯერობით არ ვახმოვანებთ და არ ვეუბნებით ჟურნალისტებს, რადგან ეს შეხვედრა იყო კონფიდენციალური. როდესაც დავასრულებთ საუბარს, ვამცნობთ ჟურნალისტებს და ყველასთვის ყველაფერი ნათელი გახდება. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ერთობის საკითხებზე ვისაუბრეთ, დეტალებს კი ცოტა ხანში გაიგებთ.
- ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, შესაძლოა ოპოზიციის საერთო კანდიდატი სოციოლოგიური გამოკითხვებით გამოვლინდეს, ანუ შეიძლება პრაიმერი არ ჩატარდეს, ესეც საუბრის ერთ-ერთი თემა იყო?
- ხომ გითხარით, უახლოეს მომავალში ყველაფერს, თუ რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ და როგორი ფორმით ვაპირებთ, მოგახსენებთ საჯაროდ და ღიად. ეს გახდება თქვენთვის ცნობილი, მაგრამ ახლა, ჩვენი შეხვდერები და საუბრები კონფიდენციალური სახისაა და რომ გვინდოდეს ამაზე ჟურნალისტებთან ერთად საუბარი, მაშინ ამ შეხვედრებს ღიად, ჟურნალისტებთან ერთად ჩავატარებდით.
- ზურაბ აბაშიძემ ჭადრაკის სასახლეში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ნოღაიდელთან რაიმე ფორმით, რამე პოლიტიკურ ბლოკში შესვლას არ აპირებენ, რას ნიშნავს ეს განცხადება?
- ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით. იცით, ახლა, მუდმივად ისმის ასეთი სახის განცხადებები, ხან ერთნაირი განცხადება გვესმის, ხან მეორენაირი. ჩვენ, ოთხმა პოლიტიკურმა ძალამ და ლევან გაჩეჩილაძემ ჭადრაკის სასახლეში გარკვევით განვაცხადეთ, რომ მზად ვართ ოპოზიციური ერთობისთვის ნაბიჯები გადავდგათ და ამ ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ სერიოზულად. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, კონსულტაციები დასრულდება და ყველაფერს მოგახსენებთ.
- ნოღაიდელთან, ასე ვთქვათ, თანამშრომლობის დაწყება ალასანიას არაერთმა ოპოზიციურმა ძალამ არ მოუწონა, ალასანია ისევ ხომ არ შეცვლის თავის პოზიციას?
- ირაკლი ალასანიამ ჭადრაკის სასახლეში ღიად განაცხადა, რომ ოპოზიციურ ერთობას უჭერს მხარს. ჩვენც ოპოზიციურ ერთობას ვუჭერთ მხარს და ეს ერთობა როგორ კონფიგურაციას მიიღებს, ამას ყველანი ნახავთ.
- მანანა ნაჭყებიამ განაცხადა: არ მინდა დავიჯერო, რომ „კონსერვატორები“ ნოღაიდელს ფინანსების გამო დაუახლოვდნენ, პრაიმერში ნოღაიდელის შემოყვანა მათი დიდი შეცდომა იყო...
- სწორად ფიქრობს მანანა ნაჭყებია, არ უნდა იფიქროს მსგავსი რამ, რადგან ჩვენ, ნოღაიდელთან ფინანსების გამო არა ვართ, ჩვენ, საერთო პოლიტიკური პროექტი გვაქვს და ამას ჰქვია პრაიმერი. ისე, როდესაც ადამიანი რაღაც სხვანაირად ფიქრობს, ეს თვითონ მის მდგომარეობაზე მეტყველებს, ანუ თავისი საზომით ზომავს ზოგიერთი ადამიანი ამა თუ იმ საკითხს და შემდეგ ეს, ისევ მას აყენებს ხოლმე უხერხულ მდგომარეობაში.
აქვე მინდა გითხრათ, რომ არასდროს სხვისი ჭკუით არ მივლია. ყოველთვის თვითონ ვღებულობდი გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაშიც „კონსერვატორები“ დამოუკიდებლად ვღებულობთ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ როგორი ნაბიჯები გადავდგათ. რაც შეეხება იმას, თუ რომელი ნაბიჯია სწორი და რომელი არა, ამ ყველაფერს მომავალი პოლიტიკური ამბები გვანახებს.
- „ალიანსი“ არ აპირებს პოზიციის შეცვლას, ვგულისხმობ ნოღაიდელის ფაქტორს, არც თქვენ, ხომ, ამ შემთხვევაში თქვენი და მათი გაერთიანება ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის მიზნით როგორ წარმოგიდგენიათ?
- რა თქმა უნდა, „ალიანსი“ არ შეცვლის პოზიციას, ისევე როგორც ჩვენ, როდესაც `ყველას მინუს ერთი~ ფორმულა ჩვენ მიერ იქნა უარყოფილი. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა. აბა, როგორ შეიძლება ჩვენ, თანამებრძოლები მივატოვოთ გზაში, არა, ეს გამორიცხულია. ჩვენ პოლიტიკური პროექტის დამფუძნებელნი ვართ და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უკან დახევას და პოზიციის შეცვლას არ ვაპირებთ. ვამბობთ, რომ ოპოზიციის ერთობის გარეშე შედეგი არ გვექნება და მივდივართ ამ მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ ოპოზიციური ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვსაუბრობთ კიდევაც ოპოზიციასთან საერთო კანდიდატის გამოვლენაზე. პოლიტიკურ სქემაზე მიდის მსჯელობა და მუშაობა.
- სოზარ სუბარმაც, სხვა ოპოზიციური ძალების მსგავსად განაცხადა, რომ რუსული გზა და რუსული პოლიტიკის გამტარებელ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობა გამორიცხულია, ამაზე რას იტყვით, ან საერთოდაც, რატომ დაუახლოვდით ნოღაიდელს?
- კიდევ ერთხელ გეტყვით, პრაიმერი არის ჩვენი პოლიტიკური პროექტი და ამ პროექტში ნოღაიდელთან ერთად ვართ და ვიქნებით კიდეც. რაც შეეხება ნოღაიდელთან დაახლოებას, ეგ კითხვები ერთი თვის წინ ისმოდა ხოლმე და არაერთხელ გამიცია პასუხი და რაღა დროს ეგაა.
- პრაიმერზე ამბობენ, რუსული პროექტიაო...
- რასაც ამბობენ, აბსურდია და არასერიოზულია ეს ყველაფერი. პრაიმერი ამერიკული პროექტია თავისი არსით, რაც შეეხება შინაარსით, ამ პოლიტიკური პროექტით ერთიანი კანდიდატის გამოკვეთა არის შესაძლებელი. და რაღაც შეთანხმებით, ან არარეალური გეგმებით, რომ მოდი, აბა, ახლა, ყველამ ვთქვათ, რომ რომელიმე ერთი კანდიდატი ყველაზე მაგარია და იმას დავუჭიროთ მხარი, ასეთი რამეები პოლიტიკაში არ ხდება.
- „ეროვნულმა ფორუმმა“, სალომე ზურაბიშვილის მსგავსად, თქვენი მიპატიჟება არ მიიღო და მეტიც, განაცხადეს, რომ მათი ადგილი ნოღაიდელის გვერდით არ არის. ოპოზიცია ხშირად აღნიშნავს, რომ თქვენც პრორუსული ძალა ხართ.
- კახა შარტავას, სალომე ზურაბიშვილს, ნინო ბურჯანაძეს და სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში არ იღებენ მონაწილეობას და საერთოდაც, ვერც მიიღებენ საერთო კანდიდატის გამოკვეთაში მონაწილეობას, ვეტყოდი, რომ მათი ვნებათაღელვა, ნერვიულობა დროის ფუჭად კარგვაა და ნერვებს სულ ტყუილად ნუ იშლიან.
ისე, რუსეთთან თანამშრომლობის გამო ბრალდებები და საუბრები თვითონ „ეროვნული ფორუმის“ მიმართაც იყო ორი-სამი წლის წინ, რამდენადაც მახსოვს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არავითარ რუსულ პოლიტიკას ისინი არ ატარებდნენ, თუმცა სერიოზული ბრალდებები ისმოდა, რომ ისინი ნატოს მოწინააღმდეგეები იყვნენ, რომ ისინი რუსული ფულით ფინანსდებოდნენ და მაშინ მათ ჩვენ მხარი დავუჭირეთ და ვთქვით, რომ ეს ასე არ იყო.
ვფიქრობ, რომ ასეთი საუბრები მუდმივად თეთრი ძაფით არის ნაკერი. 2007 წლის ნოემბერშიც ოპოზიციის დიდი ნაწილი რუსეთის აგენტებად გამოაცხადეს. მაშინაც ეს თეთრი ძაფით იყო ნაკერი და ასეა დღესაც. ჩვენ, „კონსერვატორებს“ მიგვაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება არის აუცილებელი და თუ ვინმე ასე არ ფიქრობს, ეს მისი ნებაა, ჩვენ კი ასე ვფიქრობთ და ვამბობთ კიდევაც ამას.
- ხელისუფლებაში არა ხართ და როგორ აპირებთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას, ეს ხომ ხელისუფლების პრეროგატივაა?
- მართალია, ხელისუფლებაში არა ვართ, მაგრამ ამის მიუხედავად, დავდივართ აშშ-ში, სადაც პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს ვხვდებით, დავდივართ ნატოს შტაბ-ბინაში, სადაც ასევე ამ პოლიტიკური ალიანსის ხელმძღვანელობას ვხვდებით და ასევე დავდივართ ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებთან. ჩვენ, ბერკეტები არა გვაქვს, მაგრამ ხომ დავდივართ? ჩვენ პოლიტიკური პარტიები ვართ და გვაქვს ამის შესაძლებლობა, რომ ურთიერთობები დავამყაროთ სახელწიფოებთან და პოლიტიკური ურთიერთობების დამყარება სახელმწიფოებთან მნიშვნელოვანია.
ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. რუსეთთან ურთიერთობის დალაგება აუცილებელია და თუ თქვენ ეს ასე არ მიგაჩნიათ, თქვენი ნებაა.
- გია გაჩეჩილაძის განცხადებას, არჩევნების გაყალბება იქნება საბაბი ქუჩაში გამოსვლისა და ხმების დაცვისა, როგორ აფასებთ?
- არ ვიცი, ჭექა-ქუხილთან დაკავშირებული საკითხები გაჩეჩილაძეს ჰკითხეთ.
- კუკავამ არაერთხელ აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში პარლამენტში შეჭრასაც არ გამორიცხავს, თქვენ რევოლუციის მოსაწყობად ემზადებით?
- რაც შეეხება პარლამენტში შეჭრას, ეს და სხვა საკითხები მოხდება არჩევნების გაყალბების შემდეგ. არჩევნები თუ გაყალბდება, ჩვენ ხმებს, აუცილებლად დავიცავთ და ამაში ეჭვი არავის შეეპაროს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100