politico.ge ბუტა რობაქიძის მკვლელობის ამსახველ კადრებს შიფრავს (ვიდეო)
ინტერნეტპორტალი politico.ge დეტალურად აანალიზებს ბუტა რობაქიძის მკვლელობის დღეს, 2004 წლის 24 ნოემბერს გადაღებულ და 19 თებერვალს გავრცელებულ კადრებს. ინტერნეტპორტალი ხაზს უსვამს, რომ ვიდეოს უნდა ჩაუტარდეს მაღალი დონის ექსპერტიზა და აღნიშნავს, რომ მის მიზანს არ წარმოადგენს ამტკიცოს ან უარყოს ამ კადრების ავთენტურობა, მაგრამ ამავე დროს, მიუთითებს, რომ კადრების ანალიზი იძლევა მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის საშუალებას.
კადრების დეტალური ანალიზით დასტურდება, რომ პოლიციელს იარაღი შემთხვევით გაუვარდა მაშინ, როცა მის მიერ დაკავებულ სხვა მოქალაქეს იარაღიან ხელს ან თავად იარაღს ურტყამდა. გასროლის შემდეგ შენელებულ კადრებში მონიშნულია ბუტა რობაქიძე, რომელიც მოხრილი დგას მანქანის საბარგულთან და ორივე ხელი ზედ აქვს დაწყობილი. რამდენჯერმე კადრის გამეორებით მითითებულია, რომ გასროლის შემდეგ ტყვიის ძალა ბუტა რობაქიძეს უკან აგდებს და კადრში ისმის მისი ყვირილი, ასევე, სავარაუდოდ, მისი დაცემის ხმა.
ინტერნეტპორტალის ვარაუდით, ამის შემდეგ კადრში გამოჩენილი პოლიციელი, რომლის იარაღიდან გასროლა მოხდა, იხრება და ასფალტიდან, სავარაუდოდ, გასროლილი ტყვიის მასრას იღებს. ამ დროისთვის პოლიციელები ვერ ამჩნევენ, რომ ბუტა რობაქიძე დაჭრილია, რადგან მან დაცემისთანავე, სავარაუდოდ, გონება დაკარგა.
აღსანიშნავია, რომ "კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატისა და "კოლტის" ტიპის რევოლვერის ამოღება მანქანიდან და მანქანის მიმდებარე ტერიტორიიდან მოხდა მანამ, სანამ პოლიციელები შეიტყობდნენ, რომ მათი გასროლის შედეგად ბუტა რობაქიძე დაიჭრა.
"ეს ფაქტი მთლიანად უგულვებელყოფს ვერსიას, რომ ამ იარაღის ,,ჩადება"" მოხდა იმიტომ, რომ გაემართლებინათ რობაქიძის სიკვდილი.
პოლიცილები მხოლოდ ამ მომენტში ამჩნევენ, რომ რობაქიძე დაჭრილია. პოლიციელების პირველივე რეაქცია, მას მერე, რაც იგებენ, რომ რობაქიძე დაჭრილია, არის სასწრაფო დახმარების გამოძახება. ამ შემზარავ კადრებში ბუტა რობაქიძის სიცოცხლის უკანაკსნელი მომენტებია ასახული.
გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულა: ორი ავტომატური იარაღი, ერთი ბარაბნიანი "კოლტ ტაურუსი", ორი "ერ-გე-დე"-ს ტიპის ხელყუმბარა და 330 ცალი ავტომატის ტყვია.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მანამ, სანამ ბუტა რობაქიძის დაჭრის ფაქტი გახდა ცნობილი პოლიციელებისთვის, მათ ნამდვილად ამოიღეს კოლტის ტიპის ბარაბნიანი პისტოლეტი და ერთი ავტომატი.
დანარჩენი იარაღი ამ კადრებში არ ჩანს, რაც აჩენს ეჭვს, რომ დანარჩენი იარაღი უკვე რობაქიძის სიკვდილის ფაქტის დადგომის შემდეგ იქნა დამატებული საქმის გასამყარებლად", - წერს ვიდეოს ტიტრებში politico.ge.
“Droni.ge” გთავაზობთ politico.ge-ს მიერ გავრცელებულ video-ს და ტიტრებს. ამასთან, “Droni.ge” ბოდიშს იხდის მაყურებელთან და ამირან (ბუტა) რობაქიძის ოჯახთან იმის გამო, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ამ კადრების დეტალური ანალიზის ტირაჟირება უწევს.
კომენტარი