ზურა ოდილავაძის, იგივე „ოჩილას“ რჩევა: „გაიქეცი, ბიძინა (ლოლა), გაიქეცი!“
„ტაბულას“ ბლოგერმა, ექიმმა ზურა ოდილავაძემ (იგივე „ოჩილამ“) „პოლიტიკურ კვირაში“ პირველ ქართველ მილიარდერსა და ოლიგარქზე, ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა. მოგვიანებით ამ სატელევიზიო გადაცემაში მისი ინტერვიუ „ქუთაისი თუდეის“ ბლოგზე გაიშიფრა, რომელსაც გთავაზობთ:
ზურა ოდილავაძე:
- ფაქტია, მილიარდერს ახასიათებს სიტუაციისმიერი, პოპულისტური განცხადებები და ქმედებები. ბ.ივანიშვილი უპრინციპო ადამაინია, რაც პოლიტიკოსისთვის დამღუპველია. მას ხან პუტინი მოსწონს და ხანაც ,,ნატოში” შედის, ის ხან ათეისტია და ხანაც პატრიარქის წინაშე მეუღლესთან ერთად მიწაზე განრთხმული მორწმუნეა. ადამიანი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ მოგვიწოდებდა ,,რუსეთთან რიტორიკის შერბილებისკენ და საერთაშორისო დონეზე დეოკუპაციის საკითხის აქტიურად წამოწევის შეჩერებისკენ“ – დღეს ურცხვად საუბრობს ,,ქართული ოცნების” დასავლურ ორიენტაციაზე! შეიძლება კი ასეთი ,,პრინციპების” ადამიანს ამომრჩეველი ენდოს?
მისი ერთადერთი პროგრამა არის – იაფფასიანი პოპულიზმი და ფული. მილიარდერის ქარიზმაზე, მის უფერულ გამოსვლებსა თუ დღევანდელი ელქტორატისთვის სრულიად გაუგებარი, კომუნისტური დროის ანეგდოტებზე, ხომ საუბარიც არ ღირს. ბიზნესმენის სიმდიდრე იმდენად არ შეესაბამება მის გონებრივ სვლებს, რომ ბევრი უბრალოდ გაკვირვებულია – ამ კაცმა ამხელა ფული როგორ იშოვაო?..
დღეს უკვე აღფრთოვანებულ გულშემატკივართათვისაც ცხადია, რომ დასაწყისში, ლამის მესიად შერაცხული მილიარდერი ,,ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლისთვის” აშკარად მზად არაა. სპეციალისტებმა ბ.ივანიშვილი რამდენიც არ უნდა ,,ატრენინგონ”, რამდენი ,,მეფის მასხარითაც” არ უნდა იყოს გარშემოირტყმული, ეს ,,გალავანი” მილიარდერს ვერ ,,დაიცავს”, ის ვერასოდეს მოირგებს საკუთარ ძალებში დარწმუნებული პოლიტიკოსის იმიჯს, რის გარეშეც, მხოლოდ ფულისა და ,,პუტანების” იმედად, პოლიტიკურ არენაზე გამარჯვება წარმოუდგენელია, და მართლაც, ,,ქართული ოცნების” სფეროს განეკუთვნება!
-უმჯობესი იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილი დარჩენილიყო ბიზნესში?
-რა თქმა უნდა, მას კიდევ ბევრი კეთილი საქმის გაკეთება შეეძლო! ის აშკარად შეცდა, ან გარეშე ძალებმა აიძულეს შემცდარიყო – მილიარდერმა, რომელსაც შეეძლო საკუთარ ქვეყანაში მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების ჩამოყვანა, ინვესტიციების განხორციელება, თანამედროვე ქარხნების აშენება და წარმოების სწრაფი განვითარება, ,,ელიტური საზოგადოების” შეფარული მოქრთამვის გზა აირჩია. დღეს უკვე ცხადია – ეს ადამიანი პირად ამბიციებს იკმაყოფილებს, მას ძალაუფლება სწყურია, ხოლო პოლიტიკაში ამ მიზნის მიღწევა, მას მხოლოდ ადამიანთა მოსყიდვის გზით ძალუძს. სხვა გზა მან, უბრალოდ, არ იცის.
-რას გვეტყვით მის რუსულ კავშირებზე და კაპიტალზე?
-შეგახსენებთ იმას, რაც ყველამ იცის. მაშ ასე, ბ.ივანიშვილი არის: 1. უმსხვილესი რუსული ბანკი – “Российский кредит”- ის მფლობელი; 2. ის აკონტროლებს რუსეთის მადნეულის 20%- ს; 3. ის რუსეთის პოლიტიკური და ფინანსური ძლიერების ფუძის – ОАО «Газпро́м» – ის აქციონერია. ბორის ივანიშვილი წლების განმავლობაში, რუსეთის სახელისუფლებო უმაღლეს ეშელონებთან მჭირდოდ თანამშრომლობდა. აი, მოკლე სია: პრეზიდენტი ბორის ელცინი, ოლიგარქი ანატოლი ჩუბაისი, მილიციის გენერალი ვლადიმერ რუშაილო, ავადხსენებული გენერალი ალექსანდრე ლებედი.
მოკლედ, ბორის ივანიშვილს ამოდებული აქვს რუსული ფინანსური და პოლიტიკური ლაგამი, ის ვერ იქნება თავისუფალი საკუთარ გადაწყვეტილებეში რუსული გავლენისგან, ის მუდამ დაიცავს იმპერიის ინტერესებს. ხოლო ის ვინც მოგვიწოდებს, არად ჩავაგდოთ ბორის ივანიშვილის რუსული წარსული, ან პოლიტიკურად ბეცია, ან, უარესი, შეგნებულად ტყუის.
-ერთიც, უსახური პოლიტიკური ფიგურები მის გარშემო. ამაზე რასიტყვით?
ამაზე ზემოთ უკვე ვისაუბრე. უბრალოდ ხაზს გავუსვამ იმას, რაც ნათლად ჩანს – ბ.ივანიშვილი პოლიტიკაშიც რუსული ბიზნესისთვის დამახასიათებელი ველური პრინციპით ხელმძღვანელობს – ,,მიზანი ამართლებს ნებისმიერ საშუალებას” – და, მიუხედავად, ადამიანის წარსული საქმეებისა, ყიდულობს მას, ვინც გარკვეული მომენტისთვის სჭირდება. მაგალითისთვის მოვიყვან თუნდაც შეუთავსებელის შეთავსების მცდელობას – მისი მომხრეებისთვისაც კი მიუღებელი ,,კობა-ზვიადის“ წყვილისა და ,,რესპუბლიკელები-ალასანიას” შერწყმა.
ამას გარდა, მის გამოსვლებს წითელ ხაზად გასდევს აზრი, საქართველოსათვის რაღაც მითიური ,,წარსული დიდების” დაბრუნების შესახებ. ბ.ივანიშვილის გარემოცვაში შევარდნაძის დროინდელი ,,ელიტარული მუმიების” ზერელე მიმოხლვაც კი, ერთმნიშვნელოვნად მიგვანიშნებს, თუ რომელ წარსულს შენატრის ის. ,,ქართული ოცნების” მიერ რუსული ოკუპაციის პრაქტიკულად სრული, სამარცხვინო მიჩუმათება – აი, ეს იყო ზუსტი ტესტი და მაჩვენებელი იმისა, თუ რა წარსულს მისტირის არა ბიძინა, არამედ ბორის ივანიშვილი. ქვეყნის ოკუპაციის იგნორირებამ ცხადად დაგვანახა, თუ სად იმყოფება მისი აზრით საქართველოს დიდების სანატრელი წარსული – საბჭოეთში! ხოლო თუ ბორის ივანიშვილის პუტინის საამებელ დითირამბებს გავიხსენებთ, გასაგები ხდება, თუ რა უნდა ბორის ივანიშვილს – მას ჩვენი რუსეთის წიაღში დაბრუნება სურს.
-თქვენ, რას ურჩევდით მას?
ძნელია რაიმე ურჩიო საკუთარი უსაფუძვლო, მხოლოდ ფინანსურ ძლიერებაზე დამყარებული უკიდეგანო ამბიციებითა და დიდებით შეპყრობილ ადამაინს. მე მაინც, ეს ადამიანი გარემოებების უნებურ მსხვერპლად და პუტინის მძევლად მიმაჩნია, და ამიტომ ვუთანაგრძნობ მას, როგორც გამოუვალ მდგომარეოაბში ჩავარდნილ კაცს. მე ის და მისი ოჯახის წევრები გულრწფელად მეცოდება და მინდა ვურჩიო:
,,ბიძინა წადი, შენ ცუდ საქმეს მოკიდე ხელი და შენი მცდელობა დიდი კრახით დასრულდება – ეს დღესვე ნათლად ჩანს! შენს ამბიციებს ქართველი ხალხი არ დააკმაყოფილებს, შენ რუსეთში წახვედი და ერი საბჭოთა საქართველოში დატოვე, ამიტომ მასზე ბორისის ძველებური წარმოდგენებით მსჯელობ. იგივე ილუზიას იქმნი ,,გურანდუხტებითა” თუ ,,მეღვინეთუხეცესებით”… და დიდად ცდები! იფიქრე როგორ გადაირჩინო თავი, რადგან სულ მალე აღმოაჩენ, რომ შენ სრულიად არარეალურ ოცნებაში დაფრინავ და ამ ილუზიას ნაყიდი თოჯინები გიქმნიან.
ბიძინა, შენ კარგად იცი, ის ადამიანები, რომლებიც შენს წინასე ფინია ძაღლივით კუდის ქიცინით უკანა ფეხებზე დგანან, უცებ გაქრებიან და შენ უკიდეგანო გაჭირვებასთან მარტო დარჩები. უიდეო, უპრინციპო პოპულარობა შემოდგომის თოვლივით უცებ დადნება და შენი პატრონი მხოლოდ უფალი ღმერთი იქნება…
კომენტარი