„ტიტანიკზე“ მიბრუნებული მამის მიერ მაშველ ნავში ჩასმულ ბავშვები დედამ ერთი თვის თავზე იპოვა
მიქელ და ედმუნდ ნავრატილები ტიტანიკის გადარჩენილ მგზავრებს შორის მარტოდ დაშთენილი ყველაზე მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ, რომლებიც მამამისმა ბოლო მაშველ ნავში ჩასვა, თავად კი ჩასაძირად განწირულ გემზე დარჩა და სხვა უამრავ ადამიანთან ერთად დაიღუპა.
ძმები იმ დროს მხოლოდ 2 და 4 წლისანები იყვნენ და მამას ბოლო მზერა სწორედ მაშველი ნავიდან შეავლეს.
ტიტანიკის ჩაძირვიდან თითქმის 100 წლის გასვლის შემდეგ ძმების, მიქელისა და ედმუნდის ისტორია, ისევე როგორც სხვა გადარჩენილთა ისტორიები, მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ ისევ ექცევა.
ბიჭები, რომლებიც ცნობილი გახდნენ, როგორც „ლუისი და ლოლა“ ტიტანიკის ჩაძირვისას გადარჩენილ ბავშვებს შორის ერთადერთნი იყვნენ, რომელთაც მშობელი ან მეურვე არ დარჩენიათ.
მაშველ ნავზე შვილების მოთავსების შემდეგ მამა გემზე დარჩა და დაიღუპა.
მოგვიანებით, როცა ბავშვები წამოიზარდნენ, მიქელი ამტკიცებდა, რომ მას ახსოვდა მამამისის ბოლო სიტყვები: „ჩემო ბიჭო, როცა დედაშენი შენთან მოვა და დარწმუნებული ვარ რომ ის აუცილებლად მოვა, უთხარი მას, რომ მე იგი ძლიერ მიყვარდა და უთხარი მას, რომ შესაძლოა ჩვენ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ბედნიერად ახალი სამყაროს სიმშვიდესა და თავისუფლებაში.“
ბიჭუნებმა, რომლებიც ფრანგები იყვნენ, ინგლისური არ იცოდნენ და მაშველებმა თავდაპირველად მათი იდენტიფიცირება ვერ შეძლეს. ფრანგულად მოსაუბრე გადარჩენილ მგზავრებს შორის მარგარეტ ჰეისი იყო ის ქალბატონი, რომელმაც ბავშვების მზრუნველობა იკისრა და სწორედ იგი ზრუნავდა მათზე, სანამ ბიჭების დედა გამოჩნდებოდა.
ბიჭებზე მათივე ფოტოებით არაერთი წერილი გამოქვეყნდა და ბოლოს და ბოლოს ერთ-ერთი გაზეთი ხელთ ჩაუვარდა ბავშვების დედასაც, მარსელსაც, რომელიც ნიუ იორკში გაემგზავრა და 1912 წლის 16 მაისს, ტრაგედიიდან ზუსტად ერთი თვისა და ერთი დღის გასვლის შემდეგ, შვილები დედას დაუბრუნდნენ.
ბიჭების მშობლები 1912 წლის დასაწყისში განქორწინდნენ და სასამართლომ ბავშვების სრული მეურვეობა დედას მიაკუთვნა, თუმცა დედამ ბიჭებს ნება დართო აღდგომის დღეებში მამასთან ერთად, მაგრამ მამამ სააღდგომო დღეების საფრანგეთში გატარების ნაცვლად ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრირება გადაწყვიტა. მამა და ბიჭები ინგლისში გაემგზავრნენ და იქიდან სასიკვდილოდ განწირული გემით გეზი ამერიკისაკენ აიღეს.
მოგვიანებით მიქელი ტიტანიკზე მოგონებებისას იხსენებდა, რომ „გემი შთამბეჭდავი და ჯადოსნური რამ იყო.“
„მახსოვს როგორ ვუყურებდი გემის კორპუსის სიგრძეს. ის საუცხოოდ გამოიყურებოდა. მე და ჩემი ძმა გემბანზე ვთამაშობდით და იქ ყოფნის სიხარულისაგან გული გვიფანცქალებდა.“
„ერთ-ერთ დილას მე, ჩემი ძმა და მამაჩემი მე-2 კლასის სასადილო ოთახში კვერცხს ვჭამდით. ზღვა მომაჯადოებელი იყო. ვერ ვიხსენებ, რომ შეშინებული ვიყავი. მახსოვს მაშველ ნავზე გადაყვანისას წყალში ტყაპუნისაგან მიღებული სიამოვნება, რაც იმით დასრულდა, რომ ამერიკელი ბანკირის ქალიშვილის გვერდით აღმოვჩნდით. ამერიკელმა ქალბატონმა თავისი ძაღლის გადარჩენაც მოახერხა, რადგან მისი მეთვალყურეობისათვის არავის ეცალა.“
„გემზე მდიდარი ადამიანები პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მოგვიანებით, როცა გავაცნობირე ეს, მივხვდი, რომ მე-2 კლასის განყოფილებაში რომ არ ვყოფილიყავით, ჩვენი გადარჩენის არანაირი შანსი არ იარსებებდა.“
ტიტანიკის კატასტროფის ისტორია საყოველთაოდაა ცნობილი. გემმა ინგლისიდან, საუსამპტონიდან აიღო გეზი ნიუ იორკისაკენ.
უზარმაზარ გემზე მსოფლიოს უმდიდრესი და შეძლებული ადამიანები იყვნენ თავმოყრილნი. თავად გემზე მდიდრულად მოწყობილი სასადილო ოთახები, ბალ-მასკარადებისთვის განკუთვნილი ოთახები და თურქული აბაზანები იყო მოწყობილი, მაგრამ მიუხედავად ფუფუნების ამგვარი პირობებისა, ტექნოლოგიური თვალსაზრისით გემი არ იყო ისე მაღალ დონეზე მოწყობილი, რომ აისბერგს არ დაჯახებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი სათვალთვალო პუნქტიდან აისბერგი შენიშნეს და შემაშფოთებელი ცნობა ოფიცერს მიაწოდეს, გემი იმდენად დიდი მოცულობის იყო, რომ მან სრულად შემობრუნება ვერ მოასწრო და აისბერგზე დაჯახებას თავი ვერ აარიდა.
გემი აისბერგს მარჯვენა ქიმით დაეჯახა, რამაც ამ უშველებელი საზღვაო ტრანსპორტის წყლის ქვეშ მდებარე ნაწილში საბედისწერო ხვრელები წარმოშვა. ექპერტებს ღრმად სჯერათ, რომ გემი რომ ცხვირით დაჯახებოდა აისბერგს, გადარჩებოდა.
საბოლოოდ გემი ორ ნაწილად დაისმხვრა და მან სამუდამო განსასვენებელი ოკეანის ფსკერზე ჰპოვა, ოკეანის ზედაპირიდან 2 მილის (3,24 კმ) მოშორებით.
გემის ინგლისიდან ნიუ იორკში გამგზავრებიდან 100 წლისთავის მოახლოებასთან ერთად, (1912 წლის 10 აპრილი, გამგზავრების დღე და 15 აპრილი ჩაძირვის დღე) ალბათ კიდევ არაერთი დეტალი იქნება გამჟღავნებული იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ჯადოსნური გემის ჩაძირვისას გადარჩენილთა შთამომავლები არიან.
კომენტარი